პატიმრობიდან გათავისუფლებული გიგი უგულავა "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე დაპირისპირების საკითხზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას აპირებს.
როგორც უგულავამ ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ჯერ გაესაუბრება მიხეილ სააკაშვილს, რის შემდეგაც შეხვდება. ამასთან, უგულავამ, პარტიის წევრებს ამ დაპირისპირებასთან დაკავშირებით "2-3 დღიანი არდადეგებისკენ" მოუწოდა.
"რაც შეეხება თქვენთვის ყველაზე საინტერესო და ჩემთვის ყველაზე მტკივნეულ საკითხს. აქ არიან ჩემი შვილები და აგერ არიან ჩემი მეგობრები და მესამე, რაც გამაჩნდა, ეს პარტია იყო. მე სხვა პარტიაში არც ვყოფილვარ. ჩემთვის ძალიან გულსატკენია რაც ხდება, რასაც ვაკვირდებით. ძალიან ვწუხვარ, რაც ხდება. მე ვაპირებ შევხვდე მიშასაც, დაველაპარაკები და საშუალება როგორც კი მექნება შევხვდები. ვაპირებ შევხვდე ყველა ჯგუფს და თუ არის ნახევარი პროცენტიც კი, რომ ეს კრიზისი გავიაროთ ისე, რომ პოზიციები შევაჯეროთ, მაშინ მინდა ვთხოვო ყველა მხარეს, მონაწილეს თუ "ფეისბუქში" მებრძოლ ადამიანს, რომ შობა თენდება და საშობაო არდადეგები ავიღოთ. 2-3 დღე მაცადეთ", - განაცხადა უგულავამ.