დარწმუნებული ვარ, გიგის გათავისუფლებას სხვა პოლიტიკური პატიმრების გამოშვება მოჰყვება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სერგი კაპანაძემ თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად "პოლიტიკური ვითარებისა", ბრძოლას აზრი აქვს.
"ის, რომ გიგი უგულავა გათავისუფლდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბატონი ივანიშვილის პირადი პატიმარი გამოვა დღეს გარეთ, ეს ნიშნავს, რომ აზრი აქვს ყოველთვის მუშაობას, მიუხედავად იმისა, როგორი სიტუაციაა შექმნილი, მიუხედავად იმისა, რა კონტროლი აქვს ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას". დარწმუნებული ვარ, ამას მოჰყვება სხვა პოლიტიკური პატიმრების გამოშვებაც", - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.
მისივე თქმით, მოლოდინი აქვს, გიგი უგულავა დღესვე დატოვებს ე.წ. მატროსოვის ციხეს.
"ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, გიგი უგულავა სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღეს დატოვებს.
როგორც ჭიაბერაშველმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ის და სხვა ლიდერები ე.წ. მატროსოვის ციხესთან უკვე იკრიბებიან.
"ვულოცავ გიგი უგულავას გათავისუფლებას. ის დღეს დატოვებს საპატიმროს. ის დიდი ხნის განმავლობაში იყო ივანიშვილის პირადი პატიმარი. ივანიშვილის პირადი სხვა პატიმრები რჩებიან პატიმრობაში. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სხვებმაც მალე დატოვონ საპატიმრო, რადგან ისინი არიან უკანონო, პოლიტიკური პატიმრები და ამას ადასტურებს ევროპარლამენტარების დღევანდელი განცხადება, რომელიც ეხმაურება საქართველოში მიმდინარე გახმაურებულ პროცესებს. არანაირი ილუზია, რომ საქართველოში სასამართლო თავისუფალია, არ გვაქვს, მაგრამ დღევანდელი გადაწყვეტილება არის საერთაშორისო და ადგილზე პოლიტიკური ზეწოლის შედეგი", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
მისივე თქმით, უგულავა თავად ისაუბრებს "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებსა და იმ ბინძურ ცილისწამებაზე, რომელიც მის მიმართ იყო პარტიის გარკვეული ლიდერების მხრიდან.
"მე ამაზე არ ვისაუბრებ. გიგი არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა. ის დატოვებს დღეს საპატიმროს და ბუნებრივია, ექნება საშუალება თავისი ხედვების, პარტიაში მიმდინარე პროცესების და იმ ბინძური კამპანიის შესახებ ისაუბროს, რომელიც მის წინააღმდეგ ააგორეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაშია. ამ ცილისწამებას და ბინძურ კამპანიას უპასუხოდ არ დავტოვებთ", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, განაჩენში ცვლილება შევიდა, გიგი უგულავას ბრალი გადაუკვალიფიცირდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების პირველი ნაწილით, ამის საფუძველზე სასჯელი შეუმცირდა და პატიმრობის ვადად 1 წელი და 9 თვე განესაზღვრა, თუმცა "ამნისტიის შესახებ" კანონის გათვალისწინებით, საბოლოოდ, 1 წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი კი კვლავ გამართლებული დარჩა.
გიგი უგულავას პატიმრობის ათვლა 2015 წლის 18 სექტემბრიდან მოხდება, რის შესაბამისადაც, თბილისის ყოფილი მერი საპატიმრო დაწესებულებას სავარაუდოდ, დღეს დატოვებს.