რას სწავლობს მოძღვარი მამისგან თინი გალდავა და დაბრუნდება თუ არა "ჩემი ცოლის დაქალებში"

რას სწავლობს მოძღვარი მამისგან თინი გალდავა და დაბრუნდება თუ არა "ჩემი ცოლის დაქალებში"

მსახიობი თინი გალდავა ქართველმა მაყურებელმა ცოტა ხნის წინ პოპულარული სერიალის წყალობით გაიცნო. ულამაზესი გოგონა "ჩემი ცოლის დაქალებში" ეკაკოს ცოტნე ცოტაშვილის პოლიტიკური გუნდის წევრი, მიზანმიმართული, კრიტიკული, პრინციპული გოგონას როლს თამაშობდა.

თინი გალდავა წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ ალექსანდრე გალდავას ქალიშვილია. მსახიობს კარიერაზე, სერიალზე, მამასა და ახლადშექმნილ ოჯახზე სასაუბროდ დავუკავშირდით:

"ახალ წელს ოჯახთან ერთად შევხვდი. მე და ჩემი მეუღლისთვის პირველი ახალი წელია, როცა ერთად აღვნიშნეთ, - თბილი და კარგი გამოვიდა ყველაფერი: ნაძვის ხესთან საჩუქრები გვქონდა და მათ გახსნაში ოჯახთან ერთად, ინტერესით ვიყავით ჩართულები. მერე ჩემს ოჯახში წავედით, ახალი წელი ჩემებსაც მივულოცეთ, მოგვიანებით კი, უკვე კლუბში, მეგობრებთან ერთად აღვნიშნეთ''…

- თინი, შენი სერიალში დაბრუნების შანსი ხომ არ არსებობს? ხანდახან ძველი პერსონაჟები მოულოდნელად ჩნდებიან ხოლმე...

- ვერ გათვლი და განსაზღვრავ, როდის რა შეიძლება მოხდეს... ზუსტად არც ის ვიცი, რომ ეკაკო ისევ გამოჩნდება რომელიმე სერიაში და არც ის, რომ არ გამოჩნდება. შემოქმედებით ჯგუფთან კონტაქტი არ მაქვს. მოკლედ, ჯერ ასეა და ამის მერე რა იქნება, არავინ იცის... ეს სეზონი ძალიან მომწონს, ბევრი ახალი სახე მონაწილეობს. კარგი ტიპაჟები არიან და სახალისო ამბებიც ხდება. ახლა იქ ყველაზე მეტად მეგრელები მამხიარულებენ, თუმცა სხვებიც კარგები არიან.

- რა იყო ეს სერიალი შენთვის?

- გამოცდილება, - მანამდე კამერასთან არ მქონდა ნამუშევარი, პირველი შემთხვევა იყო, რაც ძალიან დამეხმარა, ამასთან, ცნობილი გავხდი, არც ეს იყო ცუდი და პროფესიონალებთან მომიწია მუშაობამ. "ჩემი ცოლის დაქალები" დღესდღეობით ხომ ყველაზე კარგი სერიალია. მოკლედ, გამიმართლა, რომ იქ მოვხდი. გარდა გამოცდილებისა და პროფესიონალებთან ურთიერთობისა, კარგი მეგობრები შევიძინე და მათთან მუშაობა და მეგობრობაც სასიამოვნო აღმოჩნდა.

- ეკაკოსგან დიდად განსხვავდები ცხოვრებაში?

- მიზანდასახული მეც ვარ, მაგრამ პოლიტიკა არასდროს მაინტერესებდა, ეს სფერო უცხო იყო და არის ჩემთვის, თუმცა, ხომ ვამბობ, მიზანდასახული ნამდვილად ვარ და არც ისე ჯიუტი, როგორც ეკაკო, უფრო თავისუფალი და მხიარული ადამიანი გახლავართ. ეკაკო სულ უკმაყოფილო და კრიტიკული გოგონაა. მე ასეთი არ ვარ.

- ცოტნე ცოტაშვილის გუნდის წევრი იყავი, სადაც იყვნენ ასევე - ბახვა, სანდრო... რას იტყვი პარტნიორებზე?

- სასიამოვნო იყო მათთან მუშაობა, კარგი ადამიანები არიან, - ბახვა (ბახვა ბრეგვაძე), ბახუტა (გიორგი ბახუტაშვილი), სანდრო (სანდრო მიკუჩაძე), - ძალიან შემიყვარდნენ, რომლებთანაც ვმეგობრობ, ხშირი ურთიერთობა არ მაქვს, მაგრამ ერთმანეთს ვნახულობთ ხოლმე.

- თინი, თემა შევცვალოთ: წანასაახალწლოდ სასულიერო პირები - ალექსანდრე გალდავა და თეოდორე გიგნაძე არასასიამოვნო კონტექსტში იყვნენ მოხსენიებულები. მიმაჩნია, რომ მათი მისამართით, ცილისმწამებლური განცხადებები გაისმა. შენ, როგორც მამა ალექსანდრეს შვილი, რას იტყვი და ზოგადად რას ფიქრობ ამ თემაზე?

- რა უნდა ვთქვა? ასეთ თემებზე არ ვსაუბრობ, არც ადამიანების დისკუსიაში არ ვერევი და არც რაღაცების მტკიცებას ვიწყებ. ყველას თავის სიმართლე და აზრი აქვს. მე ჩემი და მამაჩემის ვიცი, და ვერავის მოვუწოდებ, ისევე იფიქროს, როგორც ჩვენ! მოკლედ, არაფრის მტკიცებას არ ვიწყებ. დასკვნა ყველამ თვითონ გამოიტანოს.

- ზოგადად როგორია მამის როლი შენს ცხოვრებაში, როგორც მშობლის და როგორც სულიერი მოძღვრის?

- მამაჩემი ჩემი სულიერი მოძღვარი არ არის, ანუ აღსარებას მასთან არ ვამბობ. საერთოდ კი მისგან ბევრ რამეს ვსწავლობ, სრულიად თავისუფალი ვარ მამასთან ურთიერთობაში, არ მაქვს რაღაც ბარიერები. ძალიან ადვილად ვიხსნები და თითქმის ყველა თემაზე თავისებურად ვსაუბრობ. ჩემთან ურთიერთობაში რბილი და დამთმობია. რთული სიტუაციიდან გამოსავალს ადვილად მაპოვნინებს ხოლმე. რადიკალური ადამიანი არ არის... სარწმუნოებამ უნდა დაგამშვიდოს, ძალა მოგცეს, იმედი ჩაგისახოს და არ დაგთრგუნოს...

- ეკლესიაში ბავშვობიდან დადიოდი?

- კი, მაგრამ ვერ ვიტყვი, ახლა ხშირად დავდივარ-მეთქი. მამა ყოველთვის მეუბნება, რომ როცა სურვილი გექნება, მაშინ შენით უნდა მიხვიდე ტაძარში. არასდროს დაუძალებია იქ სიარული, რადგანაც მიაჩნია, რომ ადამიანმა თვითონ უნდა განაწყოს საკუთარი თავი ამისთვის. ვინც არ უნდა გითხრას, მოდიო, თუ თვითონ არ გაქვს ამის სურვილი ან ძალა, არაფერი გამოვა. ამასთან, ტაძარში ვინ დაგხვდება, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ პირველივე მისვლაზე ადამიანმა იქ სითბო და სიმშვიდე ვერ იგრძნო, მეორედ მისვლა გაუჭირდება. მოკლედ, როგორც მასწავლებელს შეუძია შეგაჯავროს რომელიმე გაკვეთილი, ასევეა მოძღვარი და ეკლესიაც.

- ბავშვობიდან რას გრძნობდი, როდესაც გააცნობიერე ის, რომ მამა სასულიერო პირი გყავს?

- ეს პასუხისმგებლობაა და ეს გრძნობა ბავშვობიდანვე მქონდა ისე, რომ ამის შესახებ არავის ჩემთვის ზედმეტად არაფერი უთქვამს. შინაგანად ყოველთვის იმას ვფიქრობდი, რომ ისეთი ნაბიჯი არ გადამედგა, რაც კარგი არ იქნებოდა. მოკლედ, დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი მეც და ეს დღემდე გამჯდარი მაქვს. სულ იმ აზრზე ვარ, რომ ისეთი რამ არ გავაკეთო, რაც არ შემეფერება. ამიტომ რიგ საკითხებში თავშეკავებული ვარ.

- ახლა შენი ახალბედა ოჯახი გაგვაცანი.

- მე და ჩემი მეუღლე - ნიკა ჩხაიძე ჩვენ-ჩვენი პროფესიებით ვართ ამჟამად დაკავებულები. ისიც მსახიობია, თეატრალურ უნივერსიტეტში ერთად ვსწავლობდით, ჯგუფელები ვართ, შემდეგ კარგი მეგობრები გავხდით, მერე შეყვარებულები და გასული წლის 24 იანვარს ვიქორწინეთ. ნიკა თუმანიშვილის თეატრის მსახიობია. მე თეატრში არ ვარ დაკავებული. რამდენიმე სპექტაკლში მიწვევით მითამაშია. კინო უფრო მიზიდავს, თუმცა კინო არ გვაქვს, რაზეც გული სერიოზულად მწყდება. ახლა "მაესტროში" ვარ ამინდის პროგნოზის წამყვანი, შაბათ-კვირას ახალი გადაცემა დაიწყო და მეც დავიწყე მუშაობა. ძალიან მომწონს, ახალი დაწყებული გვაქვს და ნელ-ნელა ვვითარდებით.

- როგორია შენი სურვილები 2017 წელს?

- ყველა ჩემი საყვარელი ადამიანი და სრულიად მსოფლიო მინდა, რომ მშვიდად იყოს, იმიტომ, რომ ძალიან მძიმე ამბები ხდება და რთულდება ცხოვრება. მინდა, ერთმანეთი გვიყვარდეს უფრო და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, - ეს ყველაზე მთავარი სურვილია. მინდა, სიმშვიდე ჰქონდეთ ადამიანებს. შემდგომ პირადი სურვილები ის არის, რომ ჩემს კარიერაში ბევრი საინტერესო რამ მოხდეს და არ გავჩერდე, წინ და წინ წავიდე. ამას ვუსურვებ ჩემს მეუღლესაც და ყველა მსახიობს.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება