ნატურალური პროდუქტის შექმნის იდეა და 15 000 ლარი - ასე დაიწყო 2010 წელს კომპანია BPC-ის (Bio Product Company) ისტორია. პირველი პროდუქტი ასკილის წვენი იყო, რომელიც ტრადიციული ოჯახური რეცეპტით მომზადდა და და საწყის ეტაპზევე წარმატებებს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ კომპანია გახდა LONDON BIFDA 2012-ის გამარჯვებული, ნომინაციაში: "2012 წლის საუკეთესო იმუნიტეტის გამაძლიერებელი სასმელი".(LONDON BIFDA 2012 winner: " Best immunity defense drink of the year 2012"). ასევე, მერკური 2012-ის გამარჯვებული - "2012 წლის წარმატებული საექსპორტო პროდუქტი".(MERCURY 2012 winner: "Successful export product of the year 2012").
კომპანიის წარმატებებს შორისაა "ბიზნესდაჯილდოება 2016" - ის ფარგლებში მოპოვებული ჯილდოც: BPC-იმ "წლის აგრობიზნესის" ტიტული მიიღო. "ბიზნესდაჯილდოება 2016" - ში მონაწილეობასთან და კომპანიის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით AMBEBI.GE კომპანია BPC - ის დამფუძნებელს, გაგა აბაშიძეს ესაუბრა.
კომპანია BPC - ის პროდუქცია: "ამჟამად BPC პროდუქტებს ორი ძირითადი ხილისგან აწარმოებს: ასკილი და ალუბალი, თუმცა გვაქვს 4 სხვადასხვა სახეობის ნატურალური წვენი. ჩვენი პროდუქტები გამოირჩევა მაღალი შემცველობის ვიტამინებით და ბუნებრივი და ნატურალური გემოთი, ყოველგვარი არომატიზატორების თუ სხვა ხელოვნური დანამატების გარეშე. ჩვენი პროდუქტები არის დაბალკალორიული და ქართული ნედლეულისგან მომზადებული პირველი ქართული ორგანული სერთიფიცირებული ნატურალური წვენები".
"ბიზნესდაჯილდოება 2016" და პროექტში მონაწილეობის შედეგები: "გამარჯვებას ალბათ ყველა ფინალისტი ელოდა, რადგან 523 ნომინანტი კომპანიიდან 15-ში მოხვედრა უკვე წარმატებაა. ვფიქრობ, გამარჯვება განაპირობა ჩვენმა მიღწევებმა, ტყის პროდუქტებისგან წარმოებული ბიო და ორგანული პროდუქტების არსებობამ. ასევე, ამ პროექტში ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ინიციატივამ, რომელიც გულისხმობს იძულებით გადაადგილებული ოჯახების დასაქმებას ტყის პროდუქტების შესაგროვებლად.
კონკურსში გამარჯვება პირველ რიგში, ცალსახად, არის დიდი ენთუზიაზმი და სტიმული ბიზნესის უკეთესი ოპერირებისთვის. ასევე, პასუხისმგებლობა, რომ მონიჭებული ტიტული გავამართლოთ და საქმეები სათანადოდ წარვმართოთ. გარდა ამისა, შედგა კავშირები მცირე და საშუალო ბიზნესის აქამდე უცნობ და ძალიან საინტერესო წარმომადგენლებთანაც, რაც მიგვაჩნია, უმნიშვნელოვანესია. მთლიანობაში პროექტი ძალიან წარმატებული იყო და ვიმედოვნებთ, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი ინიციატიცა და ტრადიციულ სახეს მიიღებს.
ცხადია, კომპანიის წარმატება ყველა კონკურსზე, და მათ შორის, საქართველოში, ასეთ მასშტაბურ ღონისძიებაში, დადებითად მოქმედებს განვითარებაზე და ვფიქრობთ BPC-სთვის დასახული მიზნების უფრო სწრაფად მიღწევაში გამოიხატება.
კომპანიის სამომავლო გეგმები: "კომპანია BPC გეგმავს ადგილობრივ ბაზარზე უკეთესად წარმოდგენას და გაყიდვების გაზრდას. ასევე, საექსპორტო მიმართულებით, ამერიკის ბაზარზე შესვლას. მოლაპარაკებები ამერიკელ პარტნიორებთან უკვე დასკვნით ეტაპზეა და პირველი კონტეინერის გაგზავნა იანვრის ბოლოსთვის იგეგმება".
თამარ კორკოტაშვილი
AMBEBI.GE