პარლამენტარი ზაქარია ქუცნაშვილი დამდეგ ახალ წელს გვილოცავს, წინასაახალწლო სამზადისსა და წლის მიღწევა-პრობლემაზეც გვესაუბრება და ბავშვობის დროინდელ საახალწლო შთაბეჭდილებებსაც იხსენებს...
- გამომდინარე იქიდან, რომ წლევანდელი წელი იყო მთის განვითარების კანონმდებლობის სრულად ამოქმედების, სტატისტიკური მონაცემების გასაჯაროების (რაც ბოლოს 2002 წელს ჩატარდა) და ევროპასთან თავისუფალი გადაადგილების უფლების მოპოვების წელი, ამ სამი მიზეზის გამო, ჩავთვლი, რომ 2016 კარგი წელი იყო.
- თუმცა, მსგავსი საკითხები მოსახლეობის ძირითადი ნაწილის თვალში ფასს იმის გამო კარგავს, რომ ეროვნული ვალუტა მკვეთრად გაუფასურდა, ეს ფასებზეც აისახა და მათი ცხოვრების ხარისხი ადრინდელზე მეტად დაეცა. ამ ფონზე, თქვენი აზრით, რამდენად დადებითია მათი განწყობა წინასაახალწლოდ?
- საზოგადოებაში უარყოფითი განწყობა იგრძნობა, რადგან ცნობიერად "მიწებებულნი" ვართ აშშ დოლარის გაცვლით კურსთან და მესმის, რომ ეს მგრძნობიარედ მოქმედებს ჩვენი მოქალაქეების განწყობაზე, განურჩევლად იმისა, მათ შემოსავალზე პირდაპირი ზემოქმედებს, თუ - არა. სხვა კუთხით - სასურსათო, ენერგომომარაგების, სატრანსპორტო და ა.შ. ქვეყანაში პრობლემები არ შეინიშნება. დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში ყველაფერი დასტაბილურდება.
- თქვენს საახალწლო განწყობაზე გვესაუბრეთ, რამდენად ხართ ჩაბმული სამზადისში?
- ამ მხრივ აქტიურობით ვერ გამოვირჩევი, მაქსიმუმ, პროდუქტს თუ ვიყიდი და მივიტან ან სასმელების ყიდვა-მომარაგება მოვახერხო, ამ საკითხში ჩემი მეუღლე და მშობლები მეხმარებიან. მე კარგი მასპინძლობა შემიძლია, გოზინაყს თუ დავჭრი. ჩემი შვილები უკვე დიდები არიან, გოგონა 19 წლის, ვაჟი - 15-ის, სადმე წაყვანაც აღარ სჭირდებათ, აქეთ მკარნახობენ ცხოვრების წესებს (იცინის). მათ უკვე თავიანთი სამეგობრო წრე ჰყავთ და ნებართვა უნდა ავიღო, რომ მათ წრეში მოვხვდე. ტრადიციული ქართული ოჯახი ვართ, სამი თაობა ვცხოვრობთ ერთად, დიდ სახლში და შესაბამისად, სამი თაობის ჰარმონიაა. არის შემთხვევები, როცა განსხვავებული შეხედულებები გვაქვს, მაგრამ ერთად ცხოვრებას მშვენივრად ვახერხებთ, სიყვარულსა და სითბოში. აზრთა სხვადასხვაობა ჩვენი ცხოვრების ღირებულებაა, რადგან როგორც ჩვენ გაგვზარდეს თავისუფალი აზრის ქონის და დაცვის პრინციპით, ასევე ვზრდით ჩვენს შვილებს... განაგრძეთ კითხვა