ჟურნალ "გემრიელის" რედაქტორი - ქეთი ადეიშვილი შესანიშნავი კულინარია და მის მიერ მომზადებული უგემრიელესი კერძები თუ დესერტები სანაცნობოსა და მკითხველში დიდი პოპულარობით სარგებლობს, მეც არაერთხელ გამისინჯავს და გადავწყვიტე, წინასაახალწლოდ, ქეთისთვის რამდენიმე ორიგინალური რეცეპტი მეთხოვა და თქვენთვის გამეზიარებინა, ორიოდ სიტყვით კი მისი და კულინარიის დამოკიდებულებაზეც ვკითხე:
- რომ დავიბადე და თვალი გავახილე, ქვაბები, სუფრა და სტუმრები დავინახე (იცინის). მას შემდეგ ასეა ჩვენს ოჯახში, ასე იყო ტრადიციულად, ბებიაჩემისგან მოყოლებული. მრავალსტუმრიან ოჯახში გინდა თუ არა, საბოლოოდ მაინც ახერხებ, რაღაც შეითვისო და ისწავლო. არც მე ვყოფილვარ გამონაკლისი. ვერ ვიტყვი, რომ ბავშვობიდან მჭიდრო კავშირი და ინტერესები მქონდა მზარეულობის მიმართ, მაგრამ უფროსებს ხომ ვუყურებდი? აქედან ბევრი რაღაც ისე გიჯდება გონებაში, ვერც ხვდები. როცა სამსახური დავკარგე, გადავწყვიტე, რომ "უქმად ჯდომას უქმად შრომა ჯობია" და მერე ჩამითრია. ჩემს მეგობარს - ირმა იანტბელიძეს გაუჩნდა იდეა, რომ კულინარიულ ჟურნალზე გვემუშავა. ამის გამო კულინარიას დაემატა ფოტოგრაფიაც, რაც ძალიან მიყვარს. მე არ ვარ პროფესიონალი მზარეული, ეს ძალიან რთული და საინტერესო სპეციალობაა, რომელსაც შესაბამისი უნარ-ჩვევები სჭირდება, პროფესიით რეჟისორი ვარ, რასთანაც დიდი ხანია არ მქონია შეხება და გული მწყდება... რეცეპტებს მხოლოდ მე არ ვარჩევ, ამ თემაზე ჟურნალის პასუხისმგებელ რედაქტორთან - თეა სამადაშვილთან ერთად ვმუშაობ.
რაც შეეხება ექსპერიმენტებს - ხან გაამართლებს, ხან - არა. რა თქმა უნდა, პროფესიონალს უკეთესი ალღო აქვს და წინასწარ უკეთესად განჭვრეტს შედეგს, ვიდრე - მოყვარული. უშუალოდ ჟურნალისთვის, ვცდილობთ, კარგად გამოცდილი რეცეპტები ავარჩიოთ, ექსპერიმენტების შემთხვევაში, თუ საჭიროა, კონსულტაცია პროფესიონალ მზარეულთანაც გავიაროთ და მკითხველს სრულფასოვანი რეცეპტი შევთავაზოთ.
კურდღლის საცივი
საჭირო მასალა: 1.5 კგ კურდღლის ხორცი (ერთი საშუალო ზომის კურდღელი), 2 თავი ხახვი, 800 გ ნიგოზი, 0.5 ჩ/კ დაფქული მიხაკი, 0.5 ჩ/კ დაფქული დარიჩინი, 0.5 ჩ/კ დაფქული მშრალი კოჭა (ჯანჯაფილი), 2 ს/კ უცხო სუნელი, 1 ჩ/კ დაფქული ხმელი ქინძი, 150 გ კარაქი, 2 კბილი ნიორი, მარილი, წიწაკა გემოვნებით.
მომზადების წესი: კურდღელი დავჭრათ ნაწილებად და 10-15 წუთის განმავლობაში წამოვადუღოთ, შემდეგ, დავაწყოთ კარაქწასმულ ტაფაზე და შევწვათ. ხახვი წვრილად დავჭრათ და კარაქში მოვშუშოთ.
ნიგოზი და ნიორი 2-ჯერ ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ, სანელებლებთან ერთად. გატარებულ ნიგოზს 2-3 ჩ/კ ცხელი წყალი დავასხათ და ხელით მოვზილოთ ზეთის მიღებამდე. ზეთი ცალკე ჭურჭელში გადავწუროთ.
მოშუშული ხახვი და ნიგვზის მასა სქელძირიან ქვაბში მოვათავსოთ, კურდღლის ცხელი ბულიონი თანდათანობით დავუმატოთ და სათქვეფელით კარგად გავხსნათ, ვიდრე თხელი არაჟნის კონსისტენციის მასას არ მივიღებთ. მასში კურდღლის ხორცის ნაჭრები ჩავაწყოთ და საშუალო ცეცხლზე დავდგათ. წვენს ვურიოთ მანამ, სანამ არ ადუღდება, შემდეგ ტემპერატურა დავაკლოთ და 15 წუთის განმავლობაში ვადუღოთ. სუფრასთან შეგრილებული სახით მივიტანოთ, ზემოდან კი ნიგვზის ზეთი მოვასხათ. განაგრძეთ კითხვა