არის საკითხები, რომელშიც პროკურორების ნარატივს ვიღებ და არის საკითხები, რაშიც კატეგორიულად არ ვიღებ, - ამის შესახებ თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ სააპელაციო სასამართლოში, "თბილსერვის ჯგუფის" საქმეზე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.
გიგი უგულავამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ "თბილსერვის ჯგუფში" ხალხი მან დაასაქმა და ამ პასუხისმგებლობას არ გაურბის, თუმცა, როგორც უგულავამ აღნიშნა, ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც მითვისება ან გაფლანგვა.
დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას უგულავამ ასევე აღნიშნა, რომ ადამიანების დასაქმებისას არ ჰქონია განზრახვა, რომ ისინი "პარტიულები" ყოფილიყვნენ, თუმცა აღიარა, რომ "თბილსერვის ჯგუფში" დასაქმებულთა ნაწილი სწორედ ამ კატეგორიის იყო.
"მე რომ მიზნად დამესახა ადმინისტრაციული ორგანოსა და მმართველი პარტიის გამიჯვნა, ალბათ ამას რაღაც დონემდე გავაკეთებდი, მაგრამ ეს მიზანი არ მქონია. ძალიან ვწუხვარ, რომ არ დავისახე ეს მიზნად და ვერ შევძელი ამის განხორცილება. ეს ჩემი საქმიანობის სუსტი რგოლი იყო. თუ სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანები მუშაობენ როგორც აგიტატორები, ეს არის, რა თქმა უნდა, ცუდი, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ არის გაფლანგვა და მითუმეტეს, არც მითვისება", - განაცხადა გიგი უგულავამ.
თბილისის ყოფილმა მერმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს, ისევე როგორც წინა პერიოდებში, არ არსებობდა განცდა, რომ სახელმწიფო და მმართველი პარტია არის სხვადასხვა.
"ცუდია, რომ არ მივაქციე ყურადღება ამ საკითხებს ბოლომდე. "თბილსერვის ჯგუფი" შეიძლება დაემსგავსა პარტიულ უჯრედს ცოტათი - არის საკითხები, რომელშიც პროკურორების ნარატივს ვიღებ და არის საკითხები, რაშიც არ ვიღებ კატეგორიულად, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ვეთანხმები მითვისებას და გაფლანგვას. არც პირადი მოტივი არ მქონია, არც პირადი სარგებელი არ მიმიღია და მაინც არ ვთვლი, რომ წყალშია გადაყრილი ის ფული, რომელიც ამ ხალხმა გასამრჯელოს სახით აიღო", - განაცხადა უგულავამ.