2015 წელთან შედარებით, 2016 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 7.6%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა, რომელმაც 2016 წლის სტატისტიკა შეაჯამა.
როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, 2016 წელს საქართველოს 6 350 825 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2015 წელთან შედარებით 449 731-ით მეტია. ( ზრდა+7.6%).
მისივე თქმით, 2016 წელს 19%-ით გაიზარდა იმ საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა, რომლებმაც საქართველოში 24 საათი და მეტი დაჰყვეს და მათმა რაოდენობამ 2 714 773 შეადგინა, რაც 432 802-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით.
ჩოგოვაძის განცხადებით, 2016 წელს საქართველოში მოგზაურთა საუკეთესო ტოპ-ხუთეული ასე გამოიყურება: აზერბაიჯანი 1 523 075 (+9.3%), სომხეთი 1 496 246 (+1.9%), თურქეთი 1 254 089 (-9.9%), რუსეთი 1 037 564 (+12.0%) და უკრაინა 172 631 (+21.8%).
„აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა მილიონს. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-დეკემბრის პერიოდში გამოირჩეოდნენ ლატვია +24%, ლიტვა +16%, ჩეხეთი +15%, ბულგარეთი +12% და გერმანია +11%. განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან ირანი (+485%), ინდოეთი (+199%), საუდის არაბეთი (+116%), ფილიპინები (+89%), ომანი (+75%) და ჩინეთი (+46%)", - განაცხადა ჩოგოვაძემ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვნად გაიზარდა შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან. 2016 წლის სამი კვარტლის ჯამური მონაცემებით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 1.7 მილიარდ (1 684 914 617) აშშ დოლარს (ზრდა +11.7), რაც 177 მილიონი აშშ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ტურიზმიდან შემოსავალი 2016 წლის საბოლოო მონაცემებით 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბებს.
როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, 2016 წლის სამი კვარტლის ჯამური მონაცემებით, წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 7.3% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +10.5%.
,,2016 წლის თერთმეტი თვის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1 479 633 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +10.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა", - განაცხადა ჩოგოვაძემ.