"ანას ცხოვრება" - ქართული ფილმი მარტოხელა დედაზე, რომელმაც მსოფლიო კინოფესტივალები აღაფრთოვანა

"ანას ცხოვრება" - ქართული ფილმი მარტოხელა დედაზე, რომელმაც მსოფლიო კინოფესტივალები აღაფრთოვანა

მსოფლიოს კინოფესტივალები ქართული ფილმით "ანას ცხოვრებითაა" მოხიბლული. რეჟისორ ნინო ბასილიას სოციალური დრამა, რომელიც მარტოხელა დედის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, წამყვანი კინოფესტივალების უამრავი ჯილდოს მფლობელი გახდა. წარმატებები ახლაც გრძელდება. ამ დღეებში ფილმის პარიზული პრემიერა შედგა და რამდენიმე ჩვენება საფრანგეთის სხვა ქალაქებშიც მოეწყო. ზაფხულში კი მას ჰოლივუდშიც იხილავენ.

5 იანვარს "ანას ცხოვრება" (მთავარი როლის შემსრულებელი ეკა დემეტრაძე) ქართველი მაყურებლის წინაშე წარსდგება საქართველოს კინოთეატრებში. ფილმის წარმატებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ, AMBEBI.GE-ს რეჟისორი ნინო ბასილია ესაუბრა.

- ნინო, ელოდით "ანას ცხოვრების" ასეთ წარმატებას?

- მე პირადად არ ველოდი ასეთ წარმატებას, თუმცა მიწინასწარმეტყველებდნენ. რა თქმა უნდა, მინდოდა ფილმი ენახა უცხოელ მაყურებელსაც, კრიტიკოსებსაც, მაგრამ ასეთ აღიარებას მაინც არ ველოდი. სოციალური დრამით ქართველები არ ვართ განებივრებულნი. ვიცოდით, რომ ამ ფილმით რაღაც ახალ სიტყვას ვამბობდით, მაგრამ ამხელა ყურადღებას თუ დავიმსახურებდით, ვერ წარმომედგინა. სხვათაშორის ერთ-ერთი სცენის გადაღების დროს, ოპერატორის თანაშემწემ მითხრა, დაიმახსოვრე ეს ფილმი არ ჩამოვა უცხოური კინოთეატრების ეკრანებიდანო და ასეც მოხდა.

- რატომ გადაწყვიტეთ მარტოხელა დედის ისტორიაზე ფილმის შექმნა?

- მე თვითონ მარტოხელა დედა ვარ, ყველა წინააღმდეგობა ვიცი რაც ხვდება მარტოხელა დედას ცხოვრების განმავლობაში. მისდამი სოციუმის დამოკიდებულება ვიცი. ისიც ვიცი, რამხელა ძალისხმევა სჭირდება დედას შვილი ფეხზე რომ დააყენოს. მართალია ეს ისტორია მე არ გადამხდენია თავს, მაგრამ ის, რომ ფილმის გმირი ბევრჯერ ნულიდან იწყებს ცხოვრებას და არ კარგავს იმედს, ეს თვისება, ალბათ, ჩემგან გამოჰყვა გმირს.

- რომელი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო თქვენთვის?

- ფილმის დამთავრებისთანავე რამდენიმე დღეში პირველივე მოწვევა ფილმმა "გოტებორგის ფესტივალიდან" მიიღო, სადაც ინგმარ ბერგმანის პრიზზე იყო წარდგენილი. ბერგმანი არის კინემატოგრაფიის ღმერთი და ეს ჩვენთვის დიდი აღიარება, ნდობა და გამარჯვება იყო. სულ ცოტა ხნის წინ საფრანგეთში ავიღე საუკეთესო რეჟისორის პრიზი, "არასის" კინოფესტივალზე. მოგეხსენებათ, ფრანგები დიდი რეჟისორების ფილმებზე არიან გაზრდილები, დახვეწილი გემოვნება და ინტელექტი აქვთ და ამიტომაც იყო ასე სასიხარულო მათი ჟიურის წევრების მიერ აღიარება, სადაც ჟიურის თავმჯდომარე ფრანგი რეჟისორი იყო.

ასევე, მნიშვნელოვანია ჩვენთვის ვალენსიაში მიღებული გრან-პრი, ქაიროს კინოფესტივალის "ფიპრესის" პრიზი, რაც კრიტიკოსების ჯილდოს ნიშნავს. მნიშვნელოვან შეფასებებს რაც შეეხება, შემიძლია გავიხსენო საფრანგეთის ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარის სიტყვა: "ეს პრიზი გადაეცემა, რეჟისორს რომელიც ჯულიეტა მაზინასა და ფედერიკო ფელინის გზას აგრძელებსო". მაშინ დარბაზში ვიჯექი და ვიფიქრე, ნეტა ვინ არის ის ბედნიერი-მეთქი და უეცრად ამ წინადადებას ჩემი სახელი და გვარის გამოცხადება მოჰყვა. სიხარულისგან არ ვიცოდი რა მექნა.

ერთმა ფრანგმა კრიტიკოსმა ძმებ დარდენებს შემადარა და ამავე დროს, მის გვერდით, მეორე კრიტიკოსმა შენიშნა, რომ "ანას ცხოვრება" დარდენების ფილმებს ჯობიაო. უხერხულად ვიგრძები თავი, მაგრამ საოცრად ამაყი ვიყავი მაშინ. ფესტივალების კასკადი ამით არ დასრულებულა ჩვენი ფილმისთვის, უამრავი მოწვევა გვაქვს. ფილმის ჩვენება ასევე შედგება ჰოლივუდში. ეს უკვე პალმა დე მაიორკაზე აღებული გრან პრის პირობებში შედის და ფესტივალის ორგანიზატორები თავად აკეთებენ ამ ჩვენების ორგანიზებას. მთელ მსოფლიოში გაეხსნა ფილმს გზა და ისიც მიხარია, რომ არაფერი განსაკუთრებული "ანას ცხოვრებისთვის" არ გამიკეთებია, არავინ შემიწუხებია, ის თავისით იკვალავს გზას მსოფლიოში.

- რამდენია ფილმის ბიუჯეტი?

- სცენარი კინოცენტრის გამარჯვებული პროექტია და ფილმის ბიუჯეტი შეადგენს 100 000 დოლარს. ასეთ ფილმებს არაბიუჯეტიან ფილმებად მოიხსენიებენ უცხოეთში.

- როგორც ვიცი "ანას ცხოვრების" გადაღების შემდეგ ძირითადად საზღვარგარეთ გიწევთ ცხოვრება და კიდევ ერთ ახალ პროექტზე მუშაობთ, დეტალურად გვიამბეთ ამის შესახებ...

- საზღვარგარეთ ყოფნა ფესტივალებისა და ჩემი ახალი პროექტის "ბავშვის"გამო მიწევს. ამ სცენარმა გაიმარჯვა "ნიპკოვის" გერმანული პროგრამის კონკურსში. როცა ამ კონკურსში იმარჯვებ, ისინი უზრუნველგყოფენ საცხოვრებლით, ფინანსებით, პროფესიონალი კონსულტანტებით რამდენიმე თვის განმავლობაში, რათა პროექტი გაიმართოს და მომზადდეს გადასაღებად. ამ ახალ სცენარში ეს არის ქართული ისტორია, ყველა ქართველი ადამიანის ტკივილი, რომელიც აფხაზეთის თემას და კონკრეტულად იმ ადამინებს ეხებათ, რომლებმაც ჭუბერის საშინელი გზა გამოიარეს, გადმოლახეს უღელტეხილი და სიკვდილს გადაურჩნენ. როდესაც მე წლების წინ დევნილთა გადმოსვლის დოკუმენტური კადრები ვნახე, შოკირებული დავრჩი და დიდხანს არ იშლებოდა ჩემი მეხსიერებიდან ის საშინელი კადრები: როგორ ჩიჩქნიდა ხალხი თითებით გაყინულ მიწას, რომ თავიანთი მიცვალებულები დაემარხათ,როგორ გოდებდა დევნილი მამა, რომელსაც ქალიშვილი ხელში ჩააკვდა… ახლაც ვერ ვიკავებ ცრემლებს... ეს ყველა ჩვენგანის ტრაგედიაა. მე, ჩემი მომდევნო ფილმი, სწორედ მათ მინდა მივუძღვნა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"მხარს ვუჭერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას" - რას ემსახურებოდა ორი ქართველი სასულიერო პირის უკრაინაში ვიზიტი

12 დეკემბერს დიდი ლოცვა ჩატარდება, პარასკევს ღამით კი სამება ღია იქნება - რას აღნიშნავენ მორწმუნეები

ილია მეორე - მინდა შეგახსენოთ და შევახსენო ჩვენს სამღვდელოებას, რომ ნუ დაგავიწყდებათ მადლობის შეწირვა უფლის მიმართ