თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, "კრწანისის" სასწავლო ცენტრში რამდენიმე პირის შეჭრის მოტივი ქურდობა იყო. ამის შესახებ ლევან იზორიამ დღევანდელ შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.
"უმოკლეს პერიოდში მოხდა იდენტიფიცირება იმ პიროვნებების, ვინც შეიჭრა. დადგენილია მათი შეჭრის მოტივიც. ეს ცალსახად იყო ქურდობა და რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. 25 დეკემბერს გაიმართა ექსპერტიზა და შესაბამისად, მალე დაიწყება საქმის არსებითი განხილვა", - განაცხადა იზორიამ.
თავდაცვის სამინისტროს მიერ რამდენიმე თვის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ოქტომბრის თვეში ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრის მცდელობას ჰქონდა ადგილი. ისინი არ დაემორჩილნენ განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხნენ მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას, ერთ-ერთი თავდამსხმელის ცხედარი აღმოაჩინეს. გარდაცვლილი 1993 წელს დაბადებული, ზუგდიდელი გიორგი შენგელიაა. ეძებენ კიდევ ორ პირს, რომელმაც გაქცევა მოახერხეს.
საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.