რეიტინგული სერიალის "ხელოვნური სუნთქვის" მეორე სეზონი დასრულდა. მეორე სეზონის 32-ე სერია სერიალის მთავარი გმირის შოთას (თორნიკე გოგრიჭიანი) დაკავების სცენით დასრულდა. სერიის დამთავრებიდან რამდენიმე წუთში კი სერიალის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე განცხადება გავრცელდა:
"მეგობრებო, ხელოვნური სუნთქვის მთელი შემოქმედებითი ჯგუფის სახელით გიხდით უდიდეს მადლობას ჩვენთან ერთად გატარებული ყველა საღამოსთვის!
ორი სეზონის განმავლობაში მუდმივად ვიღებდით თქვენგან, ამ სერიალის მაყურებლებისგან, მხარდაჭერის და სიყვარულის გამომხატველ წერილებს, შექებას, კრიტიკას, ცრემლებს, სიცილს, ემოციებს და განცდებს, იმ ყველაფერს, რამაც მოგვცა უდიდესი ენერგია ამ მასშტაბური პროექტის განსახორციელებლად. მადლობას გიხდით ამისთვის მხოლოდ თქვენ, უკლებლივ ყველა მესიჯის, კომენტარის და სტატუსის ავტორს!
მეორე სეზონი დასრულებულია. რაც შეეხება სერიალის გაგრძელებას - ამ ეტაპზე უცნობია, იქნება თუ არა ხელოვნური სუნთქვის მესამე სეზონი" - ვკითხულობთ ფეისბუქზე გავრცელებულ განცხადებაში.
"ხელოვნური სუნთქვის" ფეისბუქის გვერდს 140 000-მდე "ლაიქერი" ჰყავს. ორაზროვან პოსტს ასობით კომენტარი მოყვა:
"რაო? ასეთი რეიტინგის მქონე სერიალს ასე ჰარიჰარალოზე წყვეტთ? რას ქვია არ იცით :/ ასე მაყურებელს დაკარგავთ!"
"ჩათვალეთ თქვენი ამდენი შრომა წყალშია ჩაყრილი, თუ ასე გაურკვევლად დასრულდება სერიალი. ტყუილად მიყურებია მაშინ:))))) უნდა გააგრძელოთ, ერთი სერია მაინც, რომ წესიერად დაასრულოთ სერიალი!!"
"რას ქვია აღარ გაგრძელდება?! გააგრძელეთ აუცილებლად. ასე შუა გზაში არ მიატოვოთ. მთელი სერიალი კარგავს ფასს"
"ინდურ სერიალებს აჯობეთ ... მეტი ფანტაზია არ გეყოთ ? ამას დასასრულს უძახით ? ამას ქვია ბოდიშით და მეტი არ ვიცითო? თუ არ იცით ფილმების გადაღება, გრეხი კი არააა" - წერენ მაყურებლები.
უცნობია, გაგრძელდება თუ არა იანვრიდან "ხელოვნური სუნთქვა", თუ ეს უბრალოდ ინტრიგაა სერიალის შემქმნელებისგან...