განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, ახალი წლის ღამეს მეკვლედ პრემიერ-მინისტრს, ვიცე-პრემიერს, მინისტრებს და პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს, მარიამ ჯაშს ისურვებდა.
"პოლიტიკოსებს თუ ვისურვებდი მეკვლედ, ჩემი რამდენიმე ძალიან ძვირფასი მეგობარი არის პოლიტიკაში და ძალიან გამიხარდებოდა პრემიერის მეკვლეობა, მოქმედის. ყოფილზეც არ ვიტყოდი უარს, ვიცე-პრემიერის მეკვლეობა, ნებისმიერი მინისტრის - ჩემი კოლეგის მეკვლეობა ძალიან გამიხარდებოდა. ასევე განსაკუთარებული სიმპატიებით ვარ ჩვენი კომიტეტის თავმჯდომარის მიმართ - ქალბატონი მარიამ ჯაშის მიმართ გამსჭვალული. ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს. ძალიან გამიხარდებოდა მისი სტუმრობა. ზღაპრის გმირს რაც შეეხება, გუშინ თუ გუშინწინ დამისვეს შეკითხვა - თქვენი საყვარელი ზღაპრის გმირი რომელიაო, ცოტა კი ვიწვალე და ასეთი პასუხი მოვიფიქრე - რომ აი ბევრს რომ შრომობს და თავისი შრომით რომ აღწევს ყველაფერს ცხოვრებაში, აი, ეგ ზღაპრის გმირი მინდა, რომ მოვიდეს. ჯერ ვერ გავიხსენე, რომ გავიხსენებ, გეტყვით აუცილებლად", - ამბობს ჯეჯელავა.
რაც შეეხება იმას, თუ რას ელის მამლის წლისგან, მინისტრი აცხადებს, რომ მომავალ წელს განათლების წელს ელოდება.
"მამლებთან ნეიტრალური დამოკიდებულება მაქვს. მემგონი, მამლის იმიჯი პოზიტიურია ჩვენს ეპოსში. ადრე ამდგარი, ანუ მხნე, სხვების გამამხნევებელი, შეიძლება ითქვას და განათლებაში გამოგვადგებოდა ეს ამბავი - მეტი მხნეობა, უფრო ადრე ადგომა, მეტი მონდომებით შრომა. მე დილის პიროვნება ვარ. 6 საათზე ვიწყებ დღეს და მგონია, რომ შეიძლება ამ მიზეზით მომავალი წელი ჩემთვისაც რაღაცნაირად უფრო ხელსაყრელი და სასიკეთო იყოს", - ამბობს განათლების მინისტრი.
ავტორი: ნათია რუხაძე
ფოტო: ინდიგო