სამშენებლო კომპანია "აქსისს" დაზარალებული მობინადრეები თაღლითობაში სდებენ ბრალს. თბილისში, საირმის ქუჩაზე ობიექტის მშენებლობა არც კი დაწყებულა, როცა კომპანიას, როგორც დაზარალებულები ამბობენ, ასეულ ათასობით დოლარი გადაუხადეს. თანხა კლიენტებმა, ფაქტობრივად, ჰაერში გადაიხადეს ისე, რომ დაგეგმილი მშენებლობის საძირკველიც არ გაჭრილა. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ხელშეკრულება მომხმარებლების ნაწილმა "აქსისთან", ნაწილმა კი "აქსის დეველოპმენტთან" 2007-08 წლებში გააფორმა. მშენებლობა 2012 წლისთვის უნდა დასრულებულიყო, მაგრამ დღემდე არც დაწყებულა.
ფაქტობრივად, არ დარჩა არც ერთი ინსტანცია, სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურა, რომლისთვისაც დაზარალებულ მობინადრეებს არ მიუმართავთ. მართალია, თითქმის ყველა მათგანმა აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის ნიშნები იკვეთება და საქმის შესწავლის მოთხოვნით შესაბამის სტრუქტურებს მიმართეს კიდეც, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში, ელემენტარულად, საქმისთვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭებაც ვერ მოხერხდა. დაზარალებულები აცხადებენ, რომ "აქსისს" როგორც წინა, ასევე ახალ მთავრობაშიც მფარველი ჰყავს, რის გამოც საქმის განხილვა ჭიანურდება.
მოქალაქე ირაკლი დეკანოზიშვილი "აქსის" 100 000 დოლარის, ხოლო დავით ლომსაძე 77 000 დოლარის მითვისებაში ადანაშაულებს. კიდევ ერთი მობინადრე მერაბ ჩიჩუა ამბობს, ორმ კომპანიას 65 000 ევრო გადაუხადა და დღემდე არ აქვს დამაჯერებელი პასუხი, თუ სად წავიდა მის მიერ გადახდილი თანხა.
ირაკლი დეკანოზიშვილი ვარაუდობს, რომ "აქსისის" ხელმძღვანელობასა და პროუკრატურის მაღალჩინოსნებს შორის მოხდა გარიგება, რამაც დაზარალებული მობინადრეების მიერ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაფერხა.