2014 წლის 21 ნოემბერი - დღე, რომლის შემდეგაც ლარის კურსის თემა ყველა ჩვენგანის ყოველდღიური ცხოვრების უმნიშვნელოვანეს თემად იქცა და დღემდე ასეა. არ მახსენდება სხვა საკითხი, რომლის აქტუალობა იყო ასე ხანგრძლივი და პროგრესირებადი. იმ ნეგატივთან ერთად, რაც ამ პროცესს თან ახლდა, იყო კომედიის "ელემენტებიც", მაგალითად, 1.75-დან 2.85-მდე ლარის კურსი ისე დავარდა, რომ ოფიციალური განცხადებებით "ლარის შემდგომი გაუფასურება მოსალოდნელი აღარ იყო".
ლარი პრიორიტეტი აღარ არის?
აღსანიშნავია, რომ გაუფასურების საწყის ეტაპზე ლარის კურსი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული იყო, 2015 წლის დასაწყისში მთავრობამ სპეციალური პროგრამაც კი შეიმუშავა სავალუტო სტაბილიზაციისთვის, რომელიც მოიცავდა ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა: პრივატიზების პროცესის დაჩქარება, სავიზრო რეჟიმის შემსუბუქება, საგადასახადო ტვირთის შესუსტება როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ინვესტიციებზე, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დაჩქარება, საქართველოში საერთაშორისო კონფერენციებისა და სხვა სახის ღონისძიებების მასპინძლობა, ექსპორტის წახალისება და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯების მაქსიმალური შემცირება და ა. შ. ანუ მთავრობისთვის ლარის სტაბილიზაცია იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ სპეციალური გეგმა შეიმუშავა, გვესმოდა პროგნოზები ლარის გამყარების შესახებ, გვესმოდა ისიც, რომ ლარის დასტაბილურება იყო უმთავრესი პრიორიტეტი.
მაგრამ, რა ხდება დღეს? რატომღაც (ნამდვილად არ ვიცი რატომ), ლარის სტაბილურობის პრიორიტეტულობის ნაცვლად, მივიღეთ მიდგომა - "ლარის კურსის დევნას არ დავიწყებთ~ და ვალუტის დასტაბილურების ნაცვლად, აქცენტი მისი ნეგატიური შედეგების გავლენის შემცირებაზე გადავიდა. ხელისუფლებამ ლარიზაციის გააქტიურება დააანონსა და ქმედითი, ეფექტური პროგრამაც წარმოადგინა. ლარიზაციის გეგმა ცალსახად კარგია, მაგრამ რამდენად მოხდება რეალური ლარიზაცია ვალუტის სტაბილურობის უგულებელყოფის ფონზე? დღეში 5-8%-იანი მერყეობები, ხან გამყარების, ხან გაუფასურების მიმართულებით, ბოლო პერიოდში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, გაურკვევლობაა ბიზნესშიც და მოსახლეობაშიც, ეს ლარის მიმართ ნდობას ანგრევს. ნდობის გაძლიერების გარეშე კი ლარიზაციის პროცესი წარუმატებელ წამოწყებად იქცევა.