ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დავწერე: - თუ ვინმე ისლამის მიმდევარი ხართ, რამდენიმე კითხვის დასმა მინდა-მეთქი. გამომეხმაურა აჭარელი ახალგაზრდა კაცი, რომელიც სკოლაში ასწავლის. ჩვენი საუბარი ისლამის საკითხებს გასცდა...
- კომუნისტურ ეპოქაში დაბადებულ ბავშვებს აჭარაში მაინცდამაინც რელიგიურად არ "ექცეოდნენ" ანუ არც ქრისტიანულად ნათლავდნენ, არც ისლამური წესით უტარებდნენ წინადაცვეთას. მე ქალაქში დავიბადე, მთიან აჭარაში კი შერჩენილი იყო რელიგიური რიტუალები. საკმაოდ დიდი ვიყავი, როცა ჩემებმა მკითხეს, - რას იზამო? ნათლიებად ფინანსურად ძლიერი ხალხი შეურჩევიათ და 12 წლის, საჩუქრებზე დახარბებული ბავშვი, ყოველგვარი რწმენის გარეშე დავთანხმდი წინადაცვეთას (ქირვას). რიტუალი ძალიან სწრაფად და მოხერხებულად ჩამიტარეს, თავიდან ვერც ვიგრძენი ვერაფერი. ბოლოს, სისხლი რომ დავინახე, ღრიალი მოვრთე. მოკლე დროში სისხლდენაც შეწყდა და მეც, საჩუქრებით დამტკბარი, ნიკელის საწოლიდან ნეტარი სახით ვუყურებდი ჩემებს, რომლებიც არაფრისმთქმელი თვალებით მიცქერდნენ. ერთ-ერთ ჩემს ნათლიაზე ამბობდნენ, - მისი "ვოლგა" სხვებისაზე მტკავლით გრძელიაო. მივხვდი, რომ მამამ ამ კაცის დანათესავების პერსპექტივით უფრო გადაწყვიტა ჩემი წინადაცვეთა. მახსოვს ისიც, რომ საწოლში ტანზე არ მეხებოდა საბანი, წელის არესთან, ორივე მხრიდან ამაღლება გააკეთეს ბალიშებით, რათა "განწმენდილ" ადგილს ქსოვილიც არ შეხებოდა. ახლაც, ორმოც წელს გადაცილებული, 30 წლის წინანდელ იმ ოპერაციას რომ ვიხსენებ, უნებლიეთ, დენდარტყმულის მსგავსად ვიკლაკნები. ვიდრე ფეხზე ადგომის უფლებას მომცემდნენ, მანამდე უამრავი წიგნი მომიტანეს და მეც მათი კითხვით ვიქცევდი თავს. პირველსავე დღეს 50-მდე გვერდი წავიკითხე და ჩამეძინა. ეს მერე ჩვევად მექცა და ახლაც ვერაფრით დავიძინებ, რამდენიმე ათეული გვერდი თუ არ წავიკითხე. სახლში ათასობით წიგნი გვაქვს, ჩემი სიმდიდრე ეგაა. არაფერი ისე არ მახარებს, როგორც წიგნის ჩუქება. არ აქვს მნიშვნელობა, ვისი დაწერილია, როგორია მისი პოლიგრაფიული ხარისხი! წიგნი წიგნია და მხოლოდ მან დამავიწყა იმ დღეს უზარმაზარი სტრესი და ტკივილი...განაგრძეთ კითხვა