ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს გახდომის რევოლუციური ხერხი, რომელიც არანაირ მოქმედებას არ ითხოვს: "გენეტიკური გადამრთველის" წყალობით, ცხიმოვანი უჯრედების დაკლება ძილშიც არის შესაძლებელი, იტყობინება გამოცემა HealthDay Reporter, რომელიც ჟურნალ New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებულ კვლევას ეყრდნობა.
მასაჩუსეთსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა ლაბორატორიის თაგვებზე ჩაატარეს ცდები. ცხიმოვანი უჯრედების გენის შეცვლით, მეცნიერებმა მოახერხეს მეტაბოლიზმის დაჩქარება, რის შედეგადაც ზედმეტი ცხიმი თავისით იწვებოდა.
ცდების შედეგად თაგვებმა საკუთარი წონის ნახევარი დაიკლეს ისე, რომ არ შეუმცირებიათ საკვები და არ გაუზრდიათ ფიზიკური აქტივობა. პროფესორ მანოლის კელისის თქმით, თაგვები 24 საათის განმავლობაში იკლებდნენ წონაში.
კელისმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ადამიანის ცხიმოვანი უჯრედების შესწავლისას ანალოგიური შედეგები მიიღეს. მეცნიერების ამ აღმოჩენამ შესაძლოა, სიმსუქნის მკურნალობის საკითხი გადაწყვიტოს.
"სიმსუქნე თანამედროვე საზოგადოების შავ ჭირად იქცა, ამიტომ ამ მეთოდს ძალიან დიდი სოციალური მნიშვნელობა ექნება", - განმარტა კელისმა. ამჟამად სიმსუქნისგან დედამიწაზე 500 მილიონზე მეტი ადამიანი იტანჯება.
მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.