მსოფლიო თანამედროვე ტერორიზმთან ბრძოლაში

მსოფლიო თანამედროვე ტერორიზმთან ბრძოლაში

თანამედროვე მსოფლიოში ტერორიზმის პრევენცია თანდათან უფრო ძნელდება, რადგან ტერორისტების ქმედებების მიხვედრა და გამოცნობა შეუძლებელია. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო ექსპერტები უკვე თამამად საუბრობენ, რომ თავზეხელაღებული ტერორისტების გეგმების გაშიფვრა მსოფლიო ყველაზე განვითარებული ქვეყნების შესაბამის უწყებებსაც ძალიან უჭირთ...

19 დეკემბერს, პოლიციის თანამშრომელმა, 22 წლის მევლუტ მერტ ალტინტაშმა, თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი მოკლა. იმავე დღეს, ბერლინის ერთ-ერთ საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომანქანით შევარდნენ, რასაც 12 ადამიანი ემსხვერპლა...

რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო-მასალა, სადაც დედა მცირეწლოვან შვილს ეფერება, კოცნის და თავის ასაფეთქებლად გზავნის... ესენი რა თქმა უნდა, არ არის იმ გახმაურებული საზარელი ფაქტების სრული ჩამონათვალი, რომელიც 2016 წელს მსოფლიო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოხვდა... ტერორიზმი ყოველდღიურად სულ უფრო სახიფათო სახეს იძენს და მათი ქმედებების სისასტიკე ყოველგვარ ზღვარს სცდება და სრულიად წარმოუდგენელია იმის გამოცნობა, რომელ ქვეყანაში რა ფორმით გამოვლინდება...

ბერლინის საშობაო ბაზრობაზე სატვირთო მანქანით განხორციელებული თავდასხმიდან სამი დღის შემდეგ, ამ თავდასხმის მთავარ ეჭვმიტანილს მთელს ევროპაში ეძებდნენ. გერმანიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ის ტუნისელი მამაკაცია, რომლის დეპორტაცია ჯერ კიდევ თვეების წინ უნდა მომხდარიყო.

მათივე თქმით, 24 წლის ანის ამრი, გერმანიაში 2015 წლის ივლისში შევიდა და მას შემდეგ რაც, ინფორმაცია მიიღეს, რომ შესაძლო იყო სავარაუდო თავდასხმის მოსაწყობად მას იარაღის შეძენა ეცადა, ამ წელიწადში, ექვსი თვის განმავლობაში, მასზე თვალთვალი ხდებოდა. გამოძიება სექტემბერში დასრულდა და კონტრ-ტერორისტულმა სააგენტოებმა, მის შესახებ ინფორმაცია, ბოლოს ნოემბერში გაცვალეს...

საბოლოოდ, ცნობილი გახდა, რომ ბერლინის საშობაო ბაზრობაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ანის ამრი, მილანში ორმხრივი სროლის დროს პოლიციამ მოკლა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "როიტერსი", საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს და ოპერაციის დეტალებს ჯერჯერობით არ ასაჯაროვებს...

გერმანული წყაროების ინფორმაციით, - თავშესაფრის მინიჭების თაობაზე მის განცხადებას, უარი ექვსი თვის წინ ეთქვა, მაგრამ მის დოკუმენტებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ტუნისში ვერ დააბრუნეს... შემდეგ, გერმანიაში, ქვეყანაში შესული ათასობით თავშესაფრის მაძიებლის მონაცემთა შემოწმება კვლავ აქტუალური გახდა...

დასავლელი ექსპერტები უკვე მსჯელობენ იმაზე, რომ თურქეთში მომხდარი რუსეთის ელჩის მკვლელობის შემდეგ, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები უფრო მჭიდრო გახდება. საქმე ის არის, რომ პირველი ნაბიჯები უკვე გამოიკვეთა, - ვლადიმერ პუტინი თურქეთთან მომხდარი დაპირისპირებით სარგებლობს და რეგიონის პოლიტიკიდან დასავლეთის გარიყვას ცდილობს... ასეა თუ ისეა, რუსეთის პირველ პირს ხელ-ფეხი გაეხსნა; რუსეთის ინიცატივით, სირიის კონფლიქტზე სასაუბროდ რუსეთის, თურქეთის და ირანის წარმომადგენლები მოსკოვში შეიკრიბნენ. პროცესში არც შეერთებული შტატები და არც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია არ მონაწილეობდნენ. ამერიკულ პრესაში წერენ, რომ ამ პროცესში ამერიკის თამაშგარე პროცესში ყოფნა - ტრაგედიაა. "რამდენიმე თვის განმავლობაში სახელმწიფო მდივან ჯონ კერისგან მუდმივად გვესმოდა, რომ სირიის კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარება შეუძლებელია. თუმცა, ალეპოს მოვლენებმა აჩვენა, რომ ეს გამოსავალი ნამდვილად ყოფილა, - იქ პროცესები რუსეთის და ბაშარ ალ-ასადის გამარჯვებით დასრულდა. იქიდან წასულმა დევნილებმა, რომელთა შორის მშვიდობიანი და სახიფათო პირების იდენტიფიკაცია ძალიან გართულდა, ევროპის ქვეყნებს მიაშურეს, რაც მათ სერიოზულ თავსატეხს უჩენს" - წერს ჟურნალი "ტაიმი". გამოცემის მოსაზრებით, ამერიკას, მოკავშირებთან ერთად შეეძლო, სირიელი დევნილებისთვის თავშესაფარი იქვე, სირიაში შეექმნათ, რომლის უსაფრთხოებაზე კოალიციური ძალები იზრუნებდნენ, თუმცა, მან ამაზე რატომღაც უარი თქვა.   

დასავლელი პოლიტიკური ექსპერტების აზრით, ამასობაში, რუსეთმა, რომელსაც ტერორიზმთან ბრძოლა სულაც არ აღელვებს, დრო იხელთა. ის ამ ვითარებას, თავისი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენებს, რაც ძალიან კარგად გამოსდის..."ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი მიიჩნევს, რომ რუსეთის სირიის პროცესებში მონაწილეობა ტერორიზმის ფორმა იყო. რუსეთი არასდროს ზრუნავდა ადამიანური რესურსის შენარჩუნებაზე, თითქმის ყველა საომარ მოქმედებაში, ის ყველას განურჩევლად ბომბავდა, როგორც ეს ალეპოსა და ჩეჩნეთში გააკეთა, მიიჩნევს დასავლური მედია და ეჭვობს, რომ ასადის ძალების მიერ ალეპოზე კონტროლის დამყარება სულაც არ ნიშნავს მშვიდობას, რადგან ბაშარ ალ-ასადს იქ ყოველთვის ეყოლება მოწინააღმდეგები, რომლებიც პროტესტს უკიდურესი ფორმებით გამოხატავენ.

ასე რომ, როგორც ნებისმიერ მსგავს სიტუაციაში, რუსეთი ჯერჯერობით მოგებული რჩება, რადგან მას რეგიონში პოზიციების გაძლიერების რეალური შანსი აქვს, რომელსაც აუცილებლად გამოიყენებს. რამდენიმე დღის წინ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, ალეპოში სამხედრო პოლიციის დანაყოფები გაგზავნა, რომლებიც ჩეჩნეთში დისლოცირებულ სამხედრო ნაწილებში მომსახურე ჩეჩენი სამხედროებით არის დაკომპლექტებული...

არსებობს კიდევ ერთი საკითხი, რომელიც დასავლური პრესაში ასევე აქტიური განხილვის საგანია, ეს არის რუსეთის ორმაგი სტანდარტები, - კონკრეტულად, მას შეუძლია, ერთდროულად ასადის რეჟიმის მხარდაჭერაც და ტერორისტებთან საერთო ენის გამონახვაც, რაც მსოფლიოს სიმშვიდის საფუძველს ნამდვილად არ აძლევს.

ლალი პაპასკირი

Ambebi.ge

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე