"ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი" ადიგენის რაიონის სოფელ მოხეს დირექტორის მხრიდან რელიგიური დისკრიმინაციის გამოვლენაზე საუბრობს.
როგორც ორგანიზაციის იურისტმა გვანცა ლომაიამ Ambebi.ge-ს განუცხადა, 18 წლის თეონა ბერიძეს სკოლის დირექტორმა, ნათია რეხვიაშვილმა თავსაბურავის ტარება დაუშალა.
"მუსლიმი თემის წარმომადგენლებმა მოგვმართეს და გაგვაგებინეს ფაქტის შესახებ, რომელიც სავარაუდო რელიგიური დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს. გუშინ 18 წლის თეონა ბერიძე მივიდა მოხეს საშუალო სკოლაში ჩასარიცხად. მანამდე ბათუმში სწავლობდა. გოგონა ატარებს მუსლიმურ ატრიბუტიკას - ჰიჯაბს. დირექტორმა, ნათია რეხვიაშვილმა მოსწავლეს მიმართა, რომ თუ ჰიჯაბს სახლში არ დატოვებდა, სკოლაში არ ჩარიცხავდა. გოგონამ უთხრა, რომ ჰიჯაბს არ მოიხსნიდა," - აღნიშნა გვანცა ლომაიამ.
რელიგიური ნიშნით შევიწროებაზე საუბრობენ მოხეს საჯარო სკოლის მოსწავლეები. მათი ინფორმაციით, სკოლაში გადმოსვლის შემდეგ თეონა ბერიძეს ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდა, თუმცა დირექტორმა მიღებაზე დასტური არ გააკეთა.
"მეთორმეტე კლასის მოსწავლე თეონა ბერიძე, რომელსაც სურდა ბათუმის №27 საჯარო სკოლიდან გადმოსულიყო მოხეს სკოლაში, ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდა მობილობის განსახორციელებლად, მაგრამ მოხეს საჯარო სკოლის დირექტორმა დასტური არ გააკეთა, მიზეზად კი ის დაასახელა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებაში თავსაფრით სიარული არ შეიძლება. თეონა ბერიძეს განუცხადა, რომ თუ გინდა ჩაგრიცხო სკოლაში, თავსაფარი უნდა მოიძროო, რაზეც თეონა ბერიძემ უარი განაცხადა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, დირექტორმა ჩარიცხა თეონა მოსწავლეთა სიაში. მაგრამ ეს ასე არ დამთავრდება, რადგან ეს ფაქტი არის ადამიანის დისკრიმინაცია და რელიგიური ნიშნით შევიწროება, რის მოთმენასაც ჩვენ აღარ ვაპირებთ!" - წერს "ფეისბუქზე" მოხეს საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე, თემო მარკოიძე და თანაკლასელ გოგონებთან და ბიჭებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, სადაც, სოლიდარობის ნიშნად, ყველა გოგონა თავსაფარით არის გადაღებული.
გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით გამოეხმაურა განათლების სამინისტრო, სადაც ნათქვამია, რომ კანონის თანახმად სკოლა თანასწორობის საფუძველზე იცავს უმცირესობების წევრების უფლებას, რომ თავისუფლად ისარგებლონ მშობლიური ენით, ასევე შეინარჩუნონ და გამოხატონ თავიანთი კულტურული კუთვნილება. მათივე განცხადებით, თუ მოსწავლე თვლის, რომ მისი უფლებები იზღუდება სკოლის მიერ, საკითხის შესწავლის მიზნით შეუძლია სამინისტროს შიდა აუდიტს მიმართოს.
"ნებისმიერი განმასხვავებელი ქმედება ან გამონაკლისის დაშვება ჩაითვლება დისკრიმინაციად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ასეთი ქმედება ან გამონაკლისი სამართლიანი და გონივრულია, ემსახურება თითოეული პირისა და ჯგუფის თავისუფალი განვითარებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას. ამავე კანონის 14 მუხლის მე-6 პუნქტით, სკოლას უფლება აქვს დააწესოს სასკოლო ფორმა ისე, რომ არ შეზღუდოს მოსწავლისა და მასწავლებლის გამოხატვის თავისუფლება. მოსწავლეს და მასწავლებელს უფლება აქვთ, დასაბუთებული უარი თქვან სასკოლო ფორმის ტარებაზე.
ამავე კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია, მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს დაეკისროთ ისეთი ვალდებულებების შესრულება, რომლებიც ძირეულად ეწინააღმდეგება მათ რწმენას, აღმსარებლობას ან სინდისს, თუ ეს არ ლახავს სხვათა უფლებებს, ან ხელს არ შეუშლის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიღწევის დონის დაძლევას.
ამავე კანონის მე- 19 მუხლის მიხედვით, სასკოლო დისციპლინა დაცულ უნდა იქნეს იმ მეთოდების მეშვეობით, რომლებიც ეფუძნება მოსწავლის და მასწავლებლის თავისუფლებისა და ღირსების პატივისცემას. სკოლის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები, დისციპლინური დევნა და სახდელი უნდა იყოს გონივრული, დასაბუთებული და თანაზომადი.
"ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანების მე-5 მუხლის თანახმად, სამეურვეო საბჭო სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინა განაწესს, რომელიც ამომწურავად განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას და მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს, სკოლიდან გადაყვანის პირობებს," - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნინო ხოზრევანიძე
Ambebi.ge