თუკი გასულ წელს, მაიმუნს პატივსაცემად ადამიანებმა სუფრაზე ბანანები დაახვედრეს ისე, რომ მსოფლიოში ლამის ბანანის დეფიციტი შეიქმნა, საინტერესოა, წელს რა მოხდება, - ექნებათ თუ არა სუფრაზე ახალი წლის ღამეს ფრინველის ხორცი და მისგან დამზადებული კერძები, რომელსაც ასტროლოგები რეკომენდაციას დიდად არ უწევენ...
ასტროლოგი სოფო ბზეკალავა ამ თემაზე ღიმილით გვპასუხობს: "სასურველია სუფრაზე ფრინველის ხორცი არ იყოს. წლის სიმბოლოს სუფრაზე შემწვავრს თუ მოხარშულს დადებ, ის მერე წარმოიდგინეთ, როგორ მფარველობას გაგიწევს?..
მამალი წლის მმართველად ითვლება და შესაბამისად, სიმბოლური დატვირთვა აქვს. სასურველი იქნება, თუკი არ გავანაწყენებთ მას და სუფრაზე არ გვექნება ფრინველის ხორცი".
- გამოდის, კვების რაციონიდან ფრინველის ხორცი უნდა ამოვიღოთ?…
- მამლის წელი სინამდვილეში ძალაში 28 იანვარს შევა. რაც შეეხება მთელ წელიწადს, - ამ შემთხვევაში, ლაპარაკია და სასურველია ფრინველის ხორცი წამყვან კერძად საახალწლო სუფრაზე არ მივიტანოთ.
- ასტროლოგები სანაცვლოდ რას გვირჩევთ?
- სალათებს სიმინდის ინგრედიენტით, ბოსტნეულს, თხილს, ჩირს, მწვანილს...
- თავად თუ გექნება სუფრაზე ფრინველის ხორცი?
- ქათამს არ ვჭამ, ასე რომ, არ მექნება. ოჯახის წევრებიც მარხულობენ და არა მარტო ფრინველის, ზოგადად, შობამდე ხორცს არ მიირთმევენ.
AMBEBI.GE-მ გამოკითხვა ჩაატარა. ადამიანებს დავუსვით შეკითხვა: ექნებათ თუ არა საახალწლო სუფრაზე ფრინველის ხორცი და მისგან დამზადებული კერძები?
თემო სიხარულიძე, ტექნიკოსი:
- საახალწლოდ ისეთი ფასები იქნება პროდუქტებზე, ქათამი კი არა, ფხალეული თუ გვექნა, მადლობელი უნდა ვიყოთ. ქათამს ვინ გაეკარება, საცივი დელიკატესი გახდება. თან მისი ჭამაც თუ არ შეიძლება, "დამაყრის" და "მომკლავს", რა მინდა? ოჯახიც ამიბამს ამაში მხარს.
სოფიო მიმინოშვილი, ჟურნალისტი:
- გამომდინარე იქიდან, რომ ტრადიციული ადამიანი ვარ, მე და ჩემი ოჯახის წევრები ვცდილობთ, რომ ყოველწლიურად ბარაქიანი სუფრა გვქონდეს, ვითვალისწინებთ ასტროლოგის რჩევებსაც. შარშან მაიმუნს, წლის სიმბოლოს ბანანი დავახვედრეთ და ნამცხვრებიც ბანანით გვქონდა დამზადებული. წელსაც გავითალისწინებთ მიხეილ ცაგარელის რჩევას, ამასთან, წითელი ძახველი, კენკროვანი პატარა ხილი უყვარსო. თუ მოვახერხე, შევიძენ. ისედაც ლამაზი კენკრაა და თუ მამალსაც მოსწონს, მაგას რა სჯობია?
სუფრაზე საცივი არ გვექნება და არც ფრინველის ხორცი. ასევე წავიკითხე, რომ ფერადოვნებაა სუფრაზე სააჭირო და აუცილებლად გავაკეთებ სხვადასხვანაირ სალათს სიმინდით, ჭარხილით, პომიდვრით. მინდა, რომ მამლის წლის შესაბამისი იყოს სადღესასწაულო სუფრა.
ლევან აბრამიშვილი, ოპერატორი:
- მამილის წელიწადი მოდის და ქათამი არ შეიძლება. ჰოდა, არ შევჭამ, რატომ უნდა ვჭამო?! თან, მამლის ხორცი გემრიელი არც არის, ძნელად იხარშება და შავდება...
მაია შველიძე, პედაგოგი:
- მთავარია საშუალება იყოს და როგორ არ უნდა გააკეთო ინდაურის საცივი? თვითონ მიშა ცაგარელი რომ გვეუბნებ, მოერიდეთ ფრინველის ხორცსო, რით შეხვდება ახალ წელს? შენი საქციელით ნუ შეაწუხებ მამალს, როგორც წლის სიმბოლოს და ქათმის ხორცს შეჭამ თუ ბატისას, რა მნიშვნელობა აქვს?!
მე საშობაო მარხვაში ხორცს არ ვჭამ, თუმცა ჩემი ოჯახის წევრები კახელები არიან, ქიზიყელები, რომლებისთვისაც ხორცი საკულტო პროდუქტია. ინდაურის საცივი რომ არ გავუკეთო, შეიძლება მერე დამკლან...
თამთა ასათიანი, ტელეწამყვანი:
- ყოველ ახალ წელს, გვინდა თუ არა, გვჯერა თუ არა, ინტერნეტისა თუ ტელევიზიის საშუალებით გვიწევს ასტროლოგების მოსაზრებებისა და რჩევების მოსმენა. ახლა გვირჩევენ, რომ მამლის წელი მოდის და სუფრაზე ფრინველის ხორცს მოვერიდოთ. როგორც ვიცი, ბევრი ადამიანი ითვალისწინებს ასტროლოგების რჩევას.
რაც შემეხება მე, წელს ვმარხულობ და საახალწლო სუფრაზე ვერ დავაგემოვნებ ფრინველის ხორცს. თუმცა როგორც ვიცი, ჩემს ოჯახში მაინც აპირებენ, რომ ფრინველის ხორცისგან დამზადებული კერძები მომზადდეს. არ ვიცი, შემდეგომ ეს ჩვენზე რამდენად უარყოფითად აისახება, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ კარგი წელი იქნება, მიუხედავად იმისა, სუფრაზე გვექნება საცივი თუ არა.
შორენა ბურდილაძე, ჟურნალისტი:
- გუშინ ერთი ფუმფულა ქათამი ვიყიდე და საყინულეში უკვე შევაგდე. ახლა მე და ოჯახის წევრები იმაზე ვბჭობთ, შესაწვავად რომელი კომპანიის ქათამი შევარჩიოთ. მოკლედ, ჩვენთან საახალწლო სუფრაზე უქათმობა არ განიხილება.
ფატმან ქოიავა, ფილოლოგი:
- მამლის საცივი რად ვარგა? ჯერ მგონი, არავის გაუკეთებია... ჩვენ ქრისტიანები ვართ და ახალ წელს სახსნილო კერძებით არ ვხვდებით, ამიტომ ცხადია, სუფრაზე ისინი არც გვექნება. თან, ჯერ რა დროს მამლის წელიწადია? იანვრის ბოლოს დგება.
ისე, თუ მართლმადიდებლები ვართ, ფრინველის ხორცი საახალწლო სუფრაზე არ უნდა იყოს და კიდევ, მამალი მხოლოდ გასამრავლებლადაა კარგი...
გიორგი კოპალეიშვილი, რეჟისორი:
- მარხვაზე ვარ მეც და დედაც, ამიტომ ფრინველის ხორცი არ გვექნება და არა იმიტომ, რომ ასტროლოგებმა გვირჩიეს. მარხვა რომ არ იყოს, ჩვეულებრივად გვექნებოდა, - ასტროლოგიას არ ვაქცევთ ყურადღებას. შობას ჩვეულებრივად გავიხსნილებთ და ქათამსაც შევჭამთ და სხვა ხორცეულსაც.
ქეთევან ადეიშვილი, ჟურნალ "გემრიელია"-ს რედაქტორი:
- ერთი ზუსტად ვიცი, - ჩვენს ოჯახში ახალი წელი საცივის გარეშე არ გათენდება, ამას ჩემი ოჯახის მამაკაცები არ დაუშვებენ!
ვერ ვიტყვი, რომ რაიმე განსხვავებულს მოვამზადებთ, თუმცა ეს ნამდვილად არ იქნება მამალი. იქნება კარგი, მსუქანი ინდაური, როგორც ყოველთვის...
ასტროლოგები ამბობენ, რომ მამლის წელია და არა ინდაურის. გარდა ამისა, საერთოდ არ მჯერა ასტროლოგების, მე უფრო ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებას ვენდობი.
აქვე მინდა, ჩვენს ჟურნალში დაბეჭდილი საცივის რეცეპტიც შემოგთავაზოთ:
საჭირო მასალა
1 ცალი ინდაური ან დიდი ზომის სოფლის ქათამი
1 კგ თეთრი ნიგოზი
5-6 თავი ხახვი
ბულიონის ცხიმი ან კარაქი - მოსაშუშად
1 ს.კ. უცხო სუნელი
1 ს.კ. ყვითელი ყვავილი
0,5 ჩ.კ. მიხაკი
0,5 ჩ.კ. დარიჩინი
1/3 ჩ.კ. ხმელი ჯანჯაფილი
1/3 ჩ.კ. ყვითელი კოჭა, კურკუმა
2-3 კბილი ნიორი
მარილი
წითელი წიწაკა
ნიგვზის ზეთი - მოსასხმელად
მომზადება
გასუფთავებული ფრინველი ნახევრად მოვხარშოთ, შემდეგ დავდოთ თუნუქის ფურცელზე, მოვაყაროთ მარილი და ღუმელში შევბრაწოთ.
ნიგოზი და სანელებლები 2-3 ჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავუმატოთ ბულიონის ცხიმში ან კარაქში მოშუშული, წვრილად დაჭრილი ხახვი, დანაყილი ნიორი, წიწაკა, მარილი და ცოტაოდენ ბულიონთან ერთად ბლენდერით ავთქვიფოთ.
ქვაბში ჩავაწყო დაჭრილი ინდაური ან ქათამი, დავასხათ ბულიონში გაზავებული ნიგვზის მასა და 10-15 წუთი დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ. საცივის წვენის კონსისტენცია ჩვენი გემოვნებით განვსაზღვროთ და იმდენი ბულიონი დავუმატოთ, რამდენსაც საჭიროდ ჩავთვლით, თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ გაციების შემდეგ საცივის წვენი შესქელდება და უფრო სქელი გახდება. საცივი გავაციოთ რამდენიმე საათის განმავლობაში.
გაგრილებულ საცივს სუფრაზე გატანის წინ ნიგვზის ზეთი მოვასხათ.
აღსანიშნავია, რომ ბაზრებსა და მაღაზიებში ფრინველის ხორცის გაყიდვები, ასტროლოგების რჩევების მიუხედავად, არ შემცირებულა.
ლალი ფაცია
AMBEBI.GE