საქართველოდან უცხოეთში წარმატებული კარიერისთვის არაერთი სპორტის წარმომადგენელი წასულა. ერთ-ერთი ასეთი MMA-ს მებრძოლი მერაბ დვალიშვილია, რომელიც კარიერისთვის საქართველოდან აშშ-ში გადაბარგდა და წარმატებულადაც ასპარეზობს. 25 წლის ქართველ მებრძოლს სწორედ ამერიკულ კარიერაზე ვესაუბრეთ.
- მერაბ, რატომ აირჩიე სპორტის ეს სახეობა?
- სპორტი პატარაობიდანვე მიყვარდა, საბრძოლო ხელოვნება კი - განსაკუთრებით. თავდაპირველად, ძიუდოზე დავდიოდი და საქართველოს დონეზე ნორმალური მიღწევებიც მქონდა. პარალელურად, ჭიდაობასა და სამბოშიც ვვარჯიშობდი და შეჯიბრებში ვიღებდი მონაწილეობას.
2007 წელს სამბოში ახალგაზრდებს შორის ევროპის პრიზიორიც გავხდი, რომელიც ბელორუსის ქალაქ ბრესტში გაიმართა, მაგრამ ბოლოს მაინც MMA ავირჩიე - სხვა სპორტის სახეობასთან შედარებით, ეს რეალური ბრძოლაა, რეალური ჩხუბია.
- საქართველოდან როდის წახვედი და რატომ?
- 2011 წელს ორგანიზაცია Guff MMA-ს ეგიდით საქართველოს ჩემპიონი გავხდი. თენგო სეფიაშვილი (MMA-ს მენეჯერი და მწვრთნელი), რომელიც აშშ-ში გაზრდილი ქართველი ებრაელია, საქართველოში ჩატარებულ MMA-ს ორთაბრძოლებს აკვირდებოდა და 2012 წლის ივლისში, გამორჩეულ მებრძოლეებს, მე, ლევან მაყაშვილსა და გიორგი სეთურიძეს აშშ-ში ორთაბრძოლები დაგვინიშნა სამოყვარულო (amateur) MMA ქამრებზე.
მე და ლევან მაყაშვილმა გავიმარჯვეთ და სამშობლოში გამარჯვებულები დავბრუნდით. ამის შემდეგ იყო უკვე მოწვევა ნიუ-იორკიდან და ასე, 2012 წლიდან დაიწყო ჩემი და ლევან მაყაშვილის ამერიკული კარიერა. დღეს უკვე პროფესიონალებში ვასპარეზობთ.
- ამერიკულ კარიერაზე რას გვეტყვი?
- აშშ-ში ჩატარებული და მოგებული მაქვს 2 კიგბოქსინგის, 4 - კრივის და 10 MMA ორთაბრძოლა და მხოლოდ ორჯერ დავმარცხდი. კიდევ ბრაზილიურ "ჯიუჯუცუს" ტურნირებში გამოვდივარ და ხშირად ვიმარჯვებ კიდეც. შემდეგი ორთაბრძოლა RING OF COMBAT MMA ორგანიზაციაში მაქვს დანიშნული, ანუ RING OF COMBAT MMA-ს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულსა და ქამარზე, რომელიც 24 თებერვალს Atlantic City-ში გაიმართება. ეს ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა იქნება.
ედო ბადალაშვილი
AMBEBI.GE