საპატრიაქროს დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი არ გამორიცხავს, რომ 22 დეკემბერს, წმინდა სინოდის სხდომაზე პარტიარქის დაცვის საკითხიც დააყენონ. ამის შესახებ სოსო ოხანაშვილმა "რუსთავი2"-თან სატელეფონო ჩართვის დროს განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რომლის მიხედვითაც საუბარი იყო, რომ პატრიარქს საერთოდ უნდა მოეხსნას დაცვა და ხომ არ დაისმება ეს საკითხი სინოდის სხდომაზე სასულიერო პირების მიერ.
"შეიძლება, მე არ გამოვრიცხავ, რომ დააყენონ ეს საკითხი. მაგრამ ეს განიხილება და ერთი მხარე ამას ვერ გადაწყვეტს. უშუალოდ სინოდი ვერ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ეს არის სახელმწიფოს გადაწყვეტილება. მსოფლიოში დღევანდელ სიტუციას თუ გადავხედავთ, ეს არანაირად არ შეიძლება მოხდეს. არ მგონია, რომ პატრიარქი დატოვონ დაცვის გარეშე", - განაცხადა სოსო ოხანაშვილმა.
მან დაადასტურა, რომ ქორეპისკოპოს იაკობის თანაშემწის მხრიდან ადგილი ჰქონდა საპატრიარქოს დაცვის თანამშრომლებთან ინციდენტს, თუმცა აღნიშნა, რომ როგორც მისთვის არის ცნობილი, საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მისულა.
"ჩემი ერთადერთი ამოცანა არის პატრიარქის უსაფრთხოების უზურნველყოფა", - აღნიშნა საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა.
მეუფე იაკობმა დაახლოებით ორი კვირის წინ ქადაგებისას საპატრიარქოდან ინფორმაციის გატანაში საპატრიარქოს დაცვის სამსახური დაადანაშაულა. "არის ასეთი გაზეთი "პრაიმ ტაიმი", სადაც დაიწერა სტატია ერთ-ერთ ეპისკოპოსზე, რაც იყო სიცრუე. ჩავეძიე ამას, ვისგან იყო წამოსული და ვინ დაწერა. მე ამას არ გეტყოდით გუშინ უწმინდესთან რომ არ ვყოფილიყავი მისული. მივედი, გავესაუბრე. ხუთშაბათს ერთ-ერთი იმ გუნდიდან საპატრიარქოშივე გაილახა. მაგაზეც მივედი უწმინდესთან, რადგან ჩემთან მხარში მდგომმა მიბერტყა ის ადამიანი, თუ შეიძლება მას ადამიანი ვუწოდოთ თავისი ყოფაქცევით და თავისი განვლილი ცხოვრებით და დღევანდელით. ასევე ვუთხარი ჯერჯერობით მხოლოდ ორ ადამიანზე, რომელთა მიმართაც მივიღე გადაწყვეტილება. იმ სამსახურს გავუუქმებ, მაგრამ უწმინდესს შევპირდი, რომ მასთან გავივლი ამ საკითხს ისე, რომ არ დაზარალდეს. დაცვის სამსახურზე მაქვს საუბარი. ტყუილად ჰგონიათ, რომ ან სიძეობა ან რამე იმუნიტეტია, არც ეპისკოპოსობა არაა არავისთვის იმუნიტეტი", - განაცხადა მეუფე იაკობმა.