მე საკმარისად დიდხანს ვითმინე, ბევრი რაღაც ვიცი, ვიცი რა გარიგებებს აქვს ადგილი, - ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდში, "ნაციონალური მოძრაობის" კონფერენციაზე ვიდეო ჩართვისას განაცხადა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მის წინააღმდეგ არაერთი ტყუილი ვრცელდება, მათ შორის არის ის, რომ თავისი ნებით წავიდა უცხოეთში.
"თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ მე ჩემი ნებით არ წავსულვარ. ის, რომ მე აქ ბრძოლას ვაგრძელებ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე საქართველოში ბრძოლაზე ვამბობ უარს. ამ დროს, ლაპარაკი იმაზე, რომ სააკაშვილის როლი მხოლოდ სიმბოლური უნდა იყოს, არის სიცრუე. ჩემმა მტრებმა რუსეთში, მათ შორის უკრაინაში ეს გაასაღეს ისე, რომ სააკაშვილი მოისროლა საკუთარმა პარტიამ. ამ სიტუაციაში, როდესაც უამრავი ადამიანი გვებრძვის, ზოგიერთი ჩვენი თანამებრძოლის მხრიდან და მინდა ვთქვა, რომ ყოფილი თანამებრძოლის მხრიდან, რადგან თანამებრძოლად მე ვერ ჩავთვლი ისეთ ადამიანს, რომელიც ამ სიტუაციაში ასეთ რაღაცას მიმართავს. დაფიქსირება იმის, რომ რაღაც რყევებია, რომ სააკაშვილს ახლა აგდებენ, ეს არის პირდაპირი დარტყმა ჩემზე აქ და ასევე "ნაციონალურ მოძრაობაზე". მოდით, თავს ნუ მოვიტყუებთ და ვისი თამაშია ეს, ძალიან კარგად ვხვდები. თუ ვინმე ნებით თამაშობს ამ თამაშს, ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, ეს არის პირდაპირ, ყველაზე ცუდი თამაში, რაც შეიძლება იყოს ამ სიტუაციაში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, პარტიაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადავიდნენ ერთმანეთის შეურაცხყოფასა და ჩხუბზე.
"ჩვენი ამოცანა არის ძალიან კონკრეტული, არ უნდა მივაყენოთ ერთმანეთს შეურაცხყოფა. უნდა მოხდეს ახალი პოლიტსაბჭოს არჩევა, რომელზეც შეთანხმდება პარტიის უმეტესობა. აქ უნდა შევიდეს ბევრი ახალი ხალხი, ის ხალხი, ვინც პირველმა დაიწყო გამიჯვნაზე ლაპარაკი, უნდა მიიღონ თავისი გადაწყვეტილება. მაგრამ ხალხმა მათ გარეშე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ბიძინა ივანიშვილის დამარცხების იქით ვხედავ, რომ ჩვენ დავუბრუნდებით ქართული სახელმწიფოს მშენებლობას. მე ვარ მოქმედი პოლიტიკოსი. საკმარისად დიდხანს ვითმინე. ბევრი რაღაც ვიცი, ვიცი რა გარიგებებს აქვს ადგილი, რა ლაპარაკებზეა საუბარი. ტყუილად ჰგონიათ, რომ მე ინფორმაცია არ მაქვს. მაქვს ინფორმაცია ბევრი წყაროდან, საკმარისზე მეტი გამოცდილებაც მაქვს. ჩემი პასუხისმგებლობა ის კი არ არის, ყველას ენა მოვუჩლიქო. ჩემი პასუხისმგებლობაა, რომ ჩვენი პარტია გადავაჯგუფო და პარტიამ შეძლოს გამარჯვება.
დღესდღეობით იმ ხალხმა, ვისზეც მე ვსაუბრობ, გამოგვიცხადა, რომ ჩვენ ყოველთვის დავმარცხდებით. მე უარს ვამბობ დამარცხების ლოგიკის მიღებაზე, მე უარს ვამბობ ივანიშვილის თამაშის წესების მიღებაზე. იმის გამოცხადება, რომ ჩვენ დავმარცხდებით, არის ივანიშვილის თამაშის წესები", - განაცხადა სააკაშვილმა.
როგორც ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნავს, ის, რომ პარტია უნდა გაემიჯნოს სააკაშვილს, ეს არის ივანიშვილის თამაშის წესები.
"რანაირად ებრძვით თქვენ ივანიშვილს, თუ იღებთ ივანიშვილის თამაშის წესებს, რომ პარტია უნდა გაემიჯნოს სააკაშვილს? ეს არის ივანიშვილთან ბრძოლა?
რაც შეეხება "ჯოგს", ეს ჩვენს თავზე არ მიგვიღია და "პეროიანებმა" თუ მიიღეს თავიანთ თავზე რამე, მათი პრობლემაა. ხალხი, ვინც აქ ზის, ჯოგი არ არის. საუბარია მცდელობაზე, რომ მათ დაუძახონ ჯოგი. ის ხალხი პარლამენტში მოიყვანა ამ ხალხმა, ვისაც ისინი დღეს ჯოგს ეძახიან. როდესაც პარლამენტში მოგიყვანენ, მეორე დღესვე იმ ხალხის ფურთხება, არ არის სწორი მიდგომა", - აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.
ზუგდიდში, "ნაციონალური მოძრაობის" კონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილის ჩართვის ამსახველ ვიდეოს "პირველი რადიო" ავრცელებს.