ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი ირინა მილორავა ენერგეტიკის მიმართულებით სამომხმარებლო ტარიფების ზრდას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მილორავამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
როგორც სემეკ-ის თავმჯდომარემ აღნიშნა, მომდევნო კვირებში შესაძლებელი იქნება სამომხმარებლო ტარიფებთან დაკავშირებით კონკრეტული პროგნოზის გაკეთება.
"ყველა მომდევნო დღე ამ კვირაში და მომდევნო კვირაში არის ტარიფების სხდომა, იმიტომ რომ ჩვენ, ვიდრე სამომხმარებლო ტარიფებზე ვიღებთ გადაწყვეტილებას, იქამდე ვიღებთ გადაწყვეტილებებს გადაცემა-დისპეტჩერიზაციის ტარიფებზე, ჰიდროელექტროსადგურების ტარიფებზე. უკვე განხილული გვაქვს გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ტარიფები და აქ ზრდა გვაქვს "სახელმწიფო ელექტროსისტემის" ნაწილში, ასევე ზრდა არის "ენერგოტრანსის" ნაწილში. გადაცემა-დისპეტჩერიზაციის ტარიფების ზრდა გამოიწვია იმ ამბიციურმა საინვესტიციო გეგმამ, რომელიც "სახელმწიფო ელექტროსისტემას" აქვს. ხვალინდელ სხდომაზე უკვე ვიხილავთ თბოელექტროსადგურების ტარიფს, შემდეგ მოხდება ჰიდროელექტროსადგურების ტარიფების განხილვა და ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი სამომხმარებლო ტარიფებზე პროგნოზების გაკეთება. დღეს ჩვენი მხრიდან რაიმე შეფასების გაკეთება ამ მხრივ არასწორი იქნება", - განაცხადა ირინა მილორავამ.
დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა სამომხმარებლო ტარიფების ზრდას, სემეკ-ის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ "ამას, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს".