აშშ-ის თეთრი სახლი თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
"აშშ მტკიცედ გმობს თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობას. სამძიმარს ვუცხადებთ ელჩი კარლოვის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და ვუთანაგრძნობთ რუს ხალხსა და რუსეთის მთავრობას. დიპლომატიური კორპუსის წევრის ეს საზარელი მკვლელობა მიუღებელია და რუსეთთან და თურქეთთან ერთად გამოვხატავთ მზადყოფნას, დავუპირისპირდეთ ტერორიზმის ყველა გამოვლინებას", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
გუშინ თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მოკლეს. რუს დიპლომატს მაშინ ესროლეს, როდესაც ის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში ფოტოგამოფენაზე "რუსეთი თურქების თვალით" სიტყვით გამოდიოდა. შეიარაღებულმა მამაკაცმა 62 წლის ელჩს უკნიდან იმ დროს ესროლა, როდესაც ის სიტყვით გამოსვლას ასრულებდა.