ადამიანი, რომელმაც თურქეთში რუსეთის ელჩზე ანდრეი კარლოვზე თავდასხმა განახორციელა, ლიკვიდირებულია. თურქული ტელეკომპანია „NTV“-ს ინფორმაციით, მისი ლიკვიდაცია საპოლიციო შტურმის შედეგად განხორციელდა.
“ჩვენ ვკვდებით ალეპოში, თქვენ აქ მოკვდებით”, - დაიყვირა თავდამსხმელმა და რუსეთის ელჩს ხუთი ტყვია ესროლა. თვითმხილველებზე დაყრდნობით რუსულია მედია წერს, რომ ტერორისტი ყვიროდა „ალაჰ აქბარ“. მათივე ცნობით, აღნიშნული ტერაქტი მიმართული იყო ელჩის წინააღმდეგ, რადგან გასროლის შემდეგ, თავდამსხმელმა ღონისძიებაზე დამსწრეთ საშუალება მისცა, საგამოფენო სალონის შენობა დაეტოვებინათ.
რუსული მედიის ინფორმაციით, თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი, თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა. თურქული გამოცემა „Hurriyet“ წერს, რომ რუს დიპლომატს მაშინ ესროლეს, როდესაც ის თანამედროვე ხელოვნების გამოფენაზე სიტყვით გამოდიოდა, სადაც ტარდებოდა ფოტოგამოფენა „რუსეთი თურქების თვალით“. გავრცელებული ინფორმაციით, რუს დიპლომატთან ერთად, დაჭრილია კიდევ სამი ადამიანი.
იხილეთ ვიდეო: ”შემზარავი კადრი: მომენტი, როცა რუსეთის ელჩს ტყვია ხვდება”