1945 წლის 4-11 თებერვალს, როდესაც ფაშისტური გერმანია, პრაქტიკულად, უკანასკნელი ძალებით იბრძოდა, იალტაში, მსოფლიოს სამი გავლენიანი ლიდერი, ამერიკის პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, უინსტონ ჩერჩილი და საბჭოთა კავშირის ლიდერი, იოსებ სტალინი შეიკრიბა და გერმანიის საკონტროლო ზონებად დაყოფასა და ერთიანი "ცენტრალური საკონტროლო კომისიის" შექმნაზე შეთანხმდნენ...
კონფერენციას, გერმანიის, როგორც სახელმწიფოს ბედი უნდა გადაეწყვიტა. მოკავშირეების გადაწყვეტილებით, გერმანიას შეიარაღებული ძალების შექმნა და სამხედრო წარმოება აეკრძალა. რაც მთავარია, კანონგარეშედ გამოცხადდა, ფაშისტური პარტია. ამასთან, გერმანიამ დაკარგა მნიშვნელოვანი ტერიტორიები, რომელიც ასე დაიყო; - საბჭოთა კავშირს გადაეცა კენინგსბერგი (ამჟამინდელი კალინინგრადი) და აღმოსავლეთ პრუსიის ნაწილი (კალინინგრადის ოლქი), ქალაქი მემელი (კლაიპედა) ლიტვამ მიიღო. პოლონეთს მიაკუთვნეს პომერანია, სილეზია, აღმოსავლეთ ბრანდენბურგი, აღმოსავლეთ პრუსია. საფრანგეთის პროტექტორატის ქვეშ მოექცა საარის ოლქი. საერთო ჯამში, მესამე რაიხი ტერიტორიის 25 პროცენტს კარგავდა. გერმანიის დანარჩენი ტერიტორია ინგლისმა, საფრანგეთმა საბჭოეთმა და ამერიკამ ოთხ საოკუპაციო ზონად დაჰყვეს. ამერიკულ, ფრანგულ, ინგლისურ და საბჭოთა სექტორებად გაიყო გერმანიის დედაქალაქი ბერლინიც...
გერმანიის რამდენიმე ნაწილად გახლეჩვის შემდეგ, საბჭოთა ტყვეები, რომლებიც ომის დროს, სხვადასხვა გერმანულ ბანაკებში იყვნენ, დაფანტეს. ამერიკაში გადაყვანილი საბჭოთა ტყვეების რაოდენობა ერთ მილიონს აღწევდა. ქართულ საარქივო მასალებში, ამის შესახებ ძალიან მცირე ინფორმაცია მოიპოვება.
ქერჩის უგზო-უკვლოდ დაკარგულთა კომისიის წარმომადგენლის, ნატალია დზიუბას ინფორმაციით, ამერიკაში გადაყვანილ ტყვეთა შორის არიან ის ქართველი მეომრებიც, ვინც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებიან...
ნატალია დზიუბა:
"ამერიკაში გადასროლილ ტყვეთა შორის არიან ისინიც, ვინც ბუხენვალდის გერმანელ ფაშისტთა საკონცენტრაციო ბანაკს სასწაულებრივად გადაურჩნენ. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ადგილი, რომელიც 1937 წელს, ვაიმარის მახლობლად დააარსეს. მას თავდაპირველად ეტერსბერგი ერქვა. წლების განმავლობაში, იქ 239 000 ადამიანს მოუწია ყოფნა... ათასობით პატიმარი, მის მშენებლობაზე დაიღუპა. უმძიმესი ვითარება იყო, ბუხენვალდის ფილიალ "დორში", სადაც თვითმფრინავ-ჭურვებს ("ფაუ") ამზადებდნენ. ამას გარდა, 10 000-მდე კაცი, მათ შორის 8 500 საბჭოთა სამხედრო ტყვე, ბუხენვალდში სიკვდილით დასაჯეს. ბანაკში სულ 18 ეროვნების 56 000 პატიმარი დაიღუპა... 1945 წლის 11 აპრილს, ბუხენვალდის პატიმრები საერთაშორისო პოლიტიკური ცენტრის ხელმძღვანელობით, აჯანყდნენ და ბანაკი დახურეს. თუმცა, მანამდე, ბუხენვალდის და რამდენიმე მის მსგავსად დახურული ბანაკებიდან, ამერიკაში 1 მილიონზე მეტი საბჭოთა ტყვე გადაიყვანეს, რომელთაც დიდი ხნის განმავლობაში უმძიმეს პირობებში ყოფნა ვერ აიტანეს... სავარაუდოდ, მათ შორის არიან ყირიმის და ქერჩის ბრძოლების მონაწილეებიც, რომელთა იდენტიფიკაცია, განადგურებული დოკუმენტაციის გამო, გართულებულია".
მისივე ინფორმაციით, რუსეთის უგზო-უკვლოდ დაკარგულთა კომისიამ, ამერიკისგან მიიღო ნებართვა, რომლის თანახმადაც 2017 წლიდან, ამერიკის ტერიტორიაზე, რუსეთ-ამერიკის უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში, მეორე მსოფლიო ომის სამხედრო ტყვეებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულების მონაცემთა შესწავლა და იდენტიფიცირება დაიწყოს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობა, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში მემორიალური არქივის გახსნაზე მუშაობდა. ამერიკული მხრიდან ამ საქმეში ჩართულია, საჰაერო ძალების ყოფილი მეთაური ევროპაში, სტრატეგიული დაზვერვის საკითხების მცოდნე, პენსიაზე გასული გენერალი-პოლკოვნიკი რობერტ ფოგლესონგი, რომელმაც წლების წინ ვეტერანთა ორგანიზაცია დააარსა.
კომისიის წევრების თქმით, მუშაობა დაწყებულია. საქმეში ჩართულია, ამერიკის ეროვნულ არქივის სამსახური. უკვე არსებობს გარკვეული მონაცემები, - კერძოდ, შესაძლებელი გახდა, რამდენიმე ათეული საბჭოთა მეზღვაურის ნეშტის იდენტიფიკაცია.
"სამხედრო ექსპერტების აზრით, ისტორიული და მემორიალური სამუშაოები ამერიკის ტერიტორიაზე გარკვეულ შედეგებს მოგვცემს. სამძებრო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ნამენკომ დაგვაიმედა, რომ ამერიკულ არქივებში, დოკუმენტაციაში, ასევე მოიპოვება ყირიმის ბრძოლების მონაწილეთა ინფორმაციები. ქერჩის კომისიის წევრის თქმით, წლების განმავლობაში, გერმანიაში ძალიან დიდი რაოდენობის გერმანული წყარო დაიკარგა, სადაც საბჭოთა ტყვეების შესახებ მნიშვნელოვანი მონაცემები იყო,"- აღნიშნავს ნატალია დზიუბა, რომლის თქმითაც, ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რომელ შტატებში გადაიყვანეს საბჭოთა ტყვეები, რომელთა დიდი ნაწილი, საბჭოთა კავშირში დახვრეტისა და გაციმბირების შიშით არ დაბრუნდა. ზოგს კი, უბრალოდ, დაბრუნების ძალა არ შესწევდა...
მის მიერ ყირიმიდან მოწოდებული ბოლო ინფორმაციის თანახმად, ამერიკაში არსებობს, სხვადასხვა ეროვნების, მათ შორის ქართველი სამხედრო ტყვეების უკანასკნელი წერილები, სადაც ისინი სამშობლოში დაბრუნებაზე უარის თქმის მიზეზებს ხსნიან... ამ და სხვა ინფორმაციას, ქერჩის კომისია ამერიკაში დაწყებული მუშაობის კვალდაკვალ გადმოგვცემს, რომელსაც ჩვენს მკითხველს ეტაპობრივად მივაწვდით.
ქერჩიდან მიღებული ინფორმაციით, ნაპოვნია კიდევ ორი ქართველი მეომრის ნეშტი, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ. "ესენი არიან, - გალაკტიონი მელიტონის ძე ფრუიძე, დაბადებული 1898 წელს, ცაგერის რაიონის სოფელ ალპანაში. მისი როგორც დაღუპვის, ასევე, დასაფლავების ადგილიც ორჯერ არის მითითებული, - პირველი, კრასნოდარის მხარეში, 1943 წელს, თუმცა, შემდეგ გაირკვა, რომ დაიღუპა ყირიმში, 1944 წლის 23 იანვარს და საფლავსაც მივაგენით. მისი ნეშტის იდენტიფიკაციაც მოხდა... ასევე, ახლახანს აღმოვაჩინეთ, 1905 წელს მახარაძის (ოზურგეთი) რაიონში დაბადებული, ილიკო სალუქვაძის (მეუღლე ეკატერინა პავლეს ასული სალუქვაძე) ნეშტი, რომელიც 1942 წლის თებერვალში, შიმშილით ან ავადმყოფობის შედეგად დაიღუპა და ასევე ყირიმშია დასაფლავებული. იქნებ შევძლოთ მათ შთამომავლობასთან ან ნათესავებთან დაკავშირება..."-ამბობს ნატალია დზიუბა.
ლალი პაპასკირი
ამბები. გე