ალეპოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ოპოზიცია პარლამენტს რეზოლუციის მიღებისკენ მოუწოდებს. რეზოლუციის მიღების მოთხოვნით განცხადება პარლამენტში "ნაციონალურმა მოძრაობამ" უკვე შეიტანა.
როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სერგი კაპანაძემ აღნიშნა, რეზოლუციაში დაფიქსირებული იქნება როგორც საქართველოს სოლიდარობა, ასევე დაგმობილი იქნება რუსეთის დესტრუქციული ქმედებები სირიაში.
"ჩვენ მიგვაჩნია, რომ პარლამენტმა აუცილებლად უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია. ამ განცხადებით მოხდება სოლიდარობის დაფიქსირება სირიელი ხალხის მიმართ, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ძალიან მწვავე ჰუმანიტარულ კრიზისში და კატასტროფაში იმყოფებიან. მასში ხაზგასმული იქნება, რომ საქართველო, როგორც პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე აქტორი ამ რეგიონში, თვალყურს ადევნებს ამ პრობლემას, ამ კრიზისს და თავის პოზიციას აქტიურად გამოხატავს. რა თქმა უნდა, ასევე დაგმობილი იქნება რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული როლიც", - განაცხადა სერგი კაპანაძემ "რუსთავი 2"-თან საუბარში.