რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსების მძღოლების ნაწილი დილიდან გაფიცულია. ამ დროისთვის საპროტესტო აქციას რუსთავის ძველი ბაზრიდან, თბილისში რკინიგზის სადგურის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები მართავენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა გაფიცულმა მძღოლმა განუცხადა, კომპანია "ინტერტრანსმა" მგზავრობის საფასური 1.30-დან 1.50 თეთრამდე მძღოლების დაუკითხავად გაზარდა, ასევე გაუზარდა მძღოლებს დღიური ნორმა და ისინი აბსოლუტურად კაბალურ პირობებში ჩააყენა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ პროტესტს რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე სხვა მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლებიც შეუერთდებიან.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი პროტესტის ნიშნად 13:00 საათიდან რუსთავში, ძველი ბაზრის ტერიტორიაზე შეიკრიბებიან.