მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვა აღარ მოხდება, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ხუციშვილმა განმარტა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროექტში ცვლილებები შევა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ფინანსთა სამინისტროს ინიციატივა, განბაჟების გადასახადის მატებასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება პარლამენტის მიერ აღნიშნული პროექტის განხილვას, როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საგაზაფხულო სესიის გახსნის შემდეგ აღნიშნული პროექტის განხილვა განახლდება.
"ჩვენ მოგვიწევს ამ პროექტის გარკვეული მოდიფიკაცია იმიტომ, რომ ის შეეხებოდა მარჯვენასაჭიან ავტომობილებსაც. ფინანსთა სამინისტროს პროექტით, ეს საკითხი სხვაგვარად რეგულირდება და შესაბამისად, პროექტიდან რაღაცების ამოღება დაგვჭირდება. ჩვენი ინიციატივა იყო მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვა, თუმცა ფინანსთა სამინისტროსგან შემოვიდა ინიციატივა, რომ მოხდეს აქციზის ზრდა. ჩვენთვის მთავარი იყო, რომ შეჩერდეს კატასტროფული ზრდა და შემცირდეს ავტომობილების საერთო რაოდენობაში მარჯვენასჭიანი ავტომანქანების ხვედრითი წილი. ეს შედეგი გარკვეულწილად მიიღწევა განბაჟების გაძვირებითაც. რადგან ორივე ინიციატივა ერთ მიზანს ისახავს, ჩვენ მხარი დავუჭირეთ ფინანსთა სამინისტროს ინიციატივას", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
მისივე თქმით შსს ასევე მუშაობს იმაზე, რომ მომავალი წლიდან საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საგზაო მოძრაობის მოწესრიგება ტექნოლოგიებზე გადავიდეს.
"ერთობლივი ოპერაციების ცენტრი ამაში დიდ როლს შეასრულებს. ახლა ვმუშაობთ ჭკვიანი კამერებისა და რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე, რომლის პრეზენტაციაც 2017 წელს მოხდება", - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.