აკა სინჯიკაშვილი, რომელიც უკვე დიდი ხანია გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად სოციალური კამპანიას აწარმოებს, მზად არის დახმარება ამჯერად ალეპოში მყოფ მოსახლეობასაც გაუწიოს.
სინჯიკაშვილმა "ფეისბუქზე" დაწერა, რომ 20 მედიცინაში გამოცდილი ადამიანი მზად არის მასთან ერთად წავიდეს ალეპოში.
"დაუფიქრებლად, გაუაზრებლად, მოუმზადებლად უსაფუძვლოდ და სულელურად არ ვამბობ!
სახელმწიფო თუკი გადაწყვეტს რომ ჩვენი ქვეყანა უნდა ჩაერთოს ამ საშინელებაში და ნებას დაგვრთავს. 20 მედიცინაში გამოცდილი ადამიანი არსებობს, ვინც ჩემთან ერთად ალეპოში წავა და დახმარებას გაუწევს ამ გამწარებულ ხალხს. ამ 21-იდან 12 ნაომარიც ვართ და გამოცდილებიც. თუ ვინმეს შეგიძლიათ მოგვეცით უფლება. თავის მოსაწონებლად და უთავოდ არ ვამბობთ, დარწმუნებულები ვართ ყველა! ფიზიკურადაც და მორალურადაც მზად ვართ! დიდხანს ვილაპარაკეთ და არცერთი არ გადავთქვამთ! ყველას მაგივრად გვრცხვენია, ვინც ამ სიდამპლეში მონაწილეობა მიიღო. გვითხარით და მეორე დღესვე მზად ვიქნებით! თხოვნაა ეს! ჩვენი, 21 ადამიანის თხოვნა!", - წერს სინჯიკაშვილი.
შეგახსენებთ, ამბოხებულების მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არსებული შეთანხმების დარღვევის შემდეგ, სირიის სახელისუფლებო ჯარებმა ალეპოში სამხედრო ოპერაცია კვლავ განაახლეს.
ამ დრომდე, ორმხრივ შეტაკებებს დიდი ოდენობით მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე ემსხვერპლა. მიმდინარე კვირას გაერთიანებული სამეფოს კონსერვატიული პარტიის წევრმა ჯორჯ ოსბორნმა განაცხადა, რომ ის ალეპოში მიმდინარე არაადამიანურ ქმედებაზე პიროვნულ პასუხისმგებლობას გრძნობს.