აშშ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივნის პოსტზე რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად წარადგინა ნავთობკორპორაცია ExxonMobil-ის აღმასრულებელი დირექტორი რექს ტილერსონი.
ამერიკელი მილიონერი ერთადერთი არ არის, ვინც ტრამპის მილიონერთა და მილიარდერთა კაბინეტს შეუერთდა, სადაც ასევე არიან მილიარდერი ინვესტორი უილბარ როსი და რესტორნების ქსელის CKE-ის აღმასრულებელი დირექტორი ენდრიუ პაზდერი.
"სახელმწიფო მდივნის პოსტზე მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ბიზნესლიდერი რექს ტილერსონი შევარჩიე", - დაწერა 13 დეკემბერს ტრამპმა "ტვიტერზე".
ამერიკელი მილიარდერი რექს ტილერსონი 1952 წლის 23 მარტს ტეხასის შტატის ქალაქ უიჩიტო-ფოლსში დაიბადა. ბაკალავრის ხარისხი სამოქალაქო მშენებლობის დარგში ოსტინის უნივერსიტეტში მიიღო. ტილერსონმა Exxon Company-ში ინჟინრად მუშაობა 1975 წელს დაიწყო და დღემდე კომპანიის გარდა, სხვაგან არ უმუშავია.
1998 წლის იანვარში რექს ტილერსონმა კომპანია Exxon Ventures (CIS) Inc.-ის ვიცე-პრეზიდენტისა და კომპანია Exxon Neftegas Limited-ის პრეზიდენტის პოსტი დაიკავა, სადაც პასუხისმგებელი იყო Exxon-ის პროექტებზე რუსეთში და კასპიის ზღვის რეგიონში, ასევე რუსეთში "სახალინი-1" პროექტზე.
64 წლის ტილერსონი "ექსონის" აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე 2006 წლიდანაა და "ფორბსის" მონაცემებით, კომპანიის 2,6 მილიონი აქციის მფლობელია, რაც 240 მილიონ დოლარს უდრის. "ნიუ იორკ თაიმსის" მონაცემებით, მარტო მიმდინარე წელს ტილერსონმა 24,3 მილიონი დოლარი იშოვა, მისი ქონება კი ჯამში 150 მილიონ დოლარს შეადგენს. აშშ-ის 200 ყველაზე მაღალანაზღაურებად აღმასრულებელ დირექტორს შორის ტილერსონი 29-ე პოზიციაზეა. განაგრძეთ კითხვა