ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ახალი მიმართულებით კვლევას აწარმოებს. ამ კვლევის მიხედვით, ქალთა მოწყვლადი ჯგუფის, სექსმუშაკების მიმართ გამოხატული ძალადობა ხშირ შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან ხორციელდება.
ყურადღებას აქცევენ იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ფაქტებს, რასაც პროსტიტუციაში ჩაბმული ქალების მიმართ სამართალდამცველები იყენებენ.
ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, თუ რატომ არ იყენებს პოლიცია სექსმუშაკების მიმართ ჯარიმებს. პირველი გარემოება ის დასახელდა, რომ ქალაქში სექსმუშაკები არ მოძრაობენ; არ აქვთ სპეციალური შეკრების ადგილი. შემდეგ სახელდება ის ფაქტი, რომ პოლიცია თვითონაა დაინტერესებული სექსმუშაკებთან ურთიერთობით.
ერთ შემთხვევაში მათ იყენებენ დანაშაულებრივი სამყაროს წინააღმდეგ, ხოლო, მეორე შემთხვევაში, თავად ძალადობენ მათზე.
სტატისტიკამ აჩვენა, რომ ყველაზე მეტად სექსმუშაკების მიმართ კლიენტები ძალადობენ, ხოლო, მათ შემდეგ მოდის პოლიცია. მესამე ადგილზე კი ოჯახის წევრები არიან.
AMBEBI.GE კომენტარისთვის შსს-ს პრესსამსახურს დაუკავშირდა:
- პოლიცია მოქმედებს კანონის შესაბამისად, ბოლო სამი წლის მანძილზე პროსტიტუციაზე ადგილის გადაცემის ფაქტზე 5 პირი არის მიცემული პასუხისგებაში.
- არასწორი ინფორმაცია გაავრცელა საია-მ?
- არ ვიცი, არ შემიძლია მათი განცხადების შეფასება, მაგრამ თუკი რაიმე ბერკეტი არსებობს, პოლიცია შესაბამისად მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.