გაერო-ში აშშ-ის ელჩმა გააკრიტიკა სირიის ხელისუფლება და მისი მოკავშირეები, რუსეთი და ირანი და განაცხადა, რომ ისინი პასუხს აგებენ ალეპოში ხოცვა-ჟლეტაზე, - იუწყება Sky News.
გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას სამანტა პაუერმა მკაცრი ლექსიკა გამოიყენა.
„მივმართავ ასადის რეჟიმს, რუსეთს და ირანს, სამ სახელმწიფოს, რომლებიც ალეპოში ხოცვა-ჟლეტის უკან დგანან: თქვენ პასუხს აგებთ ამ საშინელებაზე“, - განაცხადა გაერო-ში აშშ-ის ელჩმა.
„ნუთუ, ფაქტობრივად არაფერი არსებობს, რამაც შეიძლება სირცხვილის გრძნობა გაგიჩინოთ? ნუთუ, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ბარბაროსობა, ბავშვების სიკვდილით დასჯა არ გაწუხებთ?“ - აღნიშნა სამანტა პაუერმა.
ადამიანის უფლებათა საკითხებზე მომუშავე გაერო-ს უმაღლესი კომისრის სამმართველოს ოფიციალური წარმომადგენელის რუპერტ კოლვილის ინფორმაციით, სირიის სამთავრობო ძალებმა აღმოსავლეთ ალეპოში გასული დღე-ღამის განმავლობაში 82 მშვიდობიანი მცხოვრები მოკლეს.
რუსეთის ელჩმა გაერო-ში ვიტალი ჩურკინმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე კი განაცხადა, რომ სირიის მთავრობამ ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილზე კონტროლი დაამყარა.