თავდაცვის სამინისტრო საქართველოს ეროვნული გმირის, გურამ გაბესკირიას ვაჟის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას უარყოფს.
სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, "ზოგადად, გავრცელდა ინფორმაცია, ოპტიმიზაციის შესახებ, რამაც როგორც ჩანს, თანამშრომლები შეცდომაში შეიყვანა. ჩვენ გადავამოწმეთ აღნიშნული ინფორმაცია და ეს შტატი გაუქმებული არ არის, ვლადიმერ გაბესკირია რჩება აღნიშნულ პოზიციაზე... თავდაცვის სამინისტრო, ოპტიმიზაციის ფარგლებშიც არ ეხება გმირების შვილებსა და ოჯახის წევრებს. არცერთ მათგანს არ მოუწევს სამსახურის დატოვება" - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურში.
ეროვნული გვარდიის თანამშრომელი ვლადიმერ გაბესკირია, რომელიც აფხაზეთის ეროვნული გმირის, გურამ გაბესკირიას ვაჟია და რომელიც უწყებაში 2013 წლიდან მსახურობდა, თავად დაგვიკავშირდა და გვიამბო, რომ 13 დეკემბერს დაიბარეს და შეატყობინეს, რომ სამსახურიდან გათავისუფლებულია. "გუშინ, (13 დეკემბერს) ოპტიმიზაცია დაიწყო, პირველი მე გამომიძახეს და მითხრეს, რომ სამსახურიდან გათავისუფლებული ვარ... ეროვნულ გვარდიაში, 2013 წლიდან ვმუშაობ, ადრე ეს იყო, დაგეგმვის ოფიცერი, შემდეგ კი, შტატები შეიცვალა და უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე ვიყავი... მიზეზი არც აუხსნიათ, სავარაუდოდ, ეს ოპტიმიზაცია იყო", - განმარტა გაბისკირიამ ჩვენთან საუბრისას.
ლალი პაპასკირი
ამბები.გე