"წლის ბიზნესის" ტიტული და ბანაკ "ზეთას" წარმატების 7-წლიანი ისტორია

"წლის ბიზნესის" ტიტული და ბანაკ "ზეთას" წარმატების 7-წლიანი ისტორია

კინო-ტელე პროდიუსერის ერთი შეხედვით უტოპიური იდეა რომ წარმატების მომტანი იყო, ეს ბანაკ "ზეთას" 7 წლიანმა განვითარების ისტორიამ დაადასტურა. წელს კი, "ბიზნესდაჯილდოება 2016" - ის ფარგლებში მოპოვებული ჯილდო ტურისტული ბანაკის კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი წარმატება აღმოჩნდა. თბილისიდან 180 კილომეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან 2300 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ბანაკმა, რომელიც უკვე 7 წელია ევროპელ თუ ქართველ სტუმრებს მასპინძლობს, "წლის ბიზნესის" ტიტული მოიპოვა.

ყაზბეგის რაიონის სოფელ ჯუთაში მდებარე ბანაკის ისტორია გულგრილს ვერავის ტოვებს. თუმცა როგორც თავად "ზეთას" დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, ანანო არაბულმა AMBEBI.GE-სთან საუბრისას აღნიშნა, თავდაპირველად ამ ლოკაციაზე ბანაკის გახსნის იდეას ყველა სკეპტიკურად უყურებდა.

"ხომ არ გადაირიეთ, მანდ ვინ ამოვა, ფეხით ვინ ივლისო, რა და როგორ უნდა აიტანოთო," - იხსენებდა ბანაკ "ზეთას" ისტორიაზე საუბრისას ანანო არაბული. მისივე თქმით, იმ პერიოდში, როდესაც ზეთა კემპინგის შექმნა გადაწყდა, სოფელი ჯუთა, ფაქტობრივად, მიტოვებული იყო. მოხუცების გარდა აღარავინ ცხოვრობდა. არდადეგებზე ბავშვები ადიოდნენ და რადგან ჯუთა სასაზღვრო სოფელია, პერიოდულად მესაზღვრეები მუშაობდნენ.

პირველ ეტაპზე ცარიელ მინდორში, რომელიც ყველანაირ კომუნიკაციას (დენი, წყალი, კანალიზაცია) მოწყვეტილი იყო, ღობე, კარვები, მცირე სამზარეულო, საშხაპე და საპირფარეშო მოეწყო.

"ტრანსპორტისთვის მიუდგომელ ადგილას მშენებლობა, მომარაგება, საკმაოდ დიდ ხარჯებთან და სირთულეებთან არის დაკავშირებული, თუმცა მთელი ხიბლი უგზოობაშია. ასევე იმაში, რომ გამონაბოლქვი და მანქანის ხმა არ გაწუხებს. სოფლიდან ბანაკამდე კილომეტრნახევარია. სოფლამდე მიდის ტრანსპორტი.

შემდეგ უკვე ბანაკში პროდუქტები ცხენებით აგვაქვს სოფლიდან. აღმართია, საკმაოდ რთული ასასვლელი. წელს რესტორნისთვის და ბარისთვის შენობა ავაშენეთ. უზარმაზარი რკინის კონსტრუქციებით ნაგები შენობაა. ამ ყველაფრის ტრანსპორტირებაზე ძალიან ვიწვალეთ," - იხსენებს ანანო არაბული.

მიუხედავად იმისა, რომ "ზეთა" პირველი და საკმაოდ წარმატებული ბანაკია, რომელმაც კემპინგის დარგში ოპერირება დაიწყო, ბანაკის დამფუძნებლისთის "ბიზნესდაჯილდოება 2016" - ზე მოპოვებული ტიტული სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა. კონკურენცია მართლაც დიდი იყო: თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ერთობლივ პროექტში 523 კომპანია იღებდა მონაწილეობას. გამარჯვებულები შვიდ ნომინაციაში გამოვლინდნენ: "წლის ტურისტული ბიზნესი", "წლის ინოვაციური ბიზნესი", "წლის აგრობიზნესი", "წლის ქართული პროდუქტი", "წლის მცირე ბიზნესი", "წლის ბიზნესი" და "ხალხის რჩეული" - ასეთია ნომინაციების ჩამონათვალი, რომელთა შორის "წლის ბიზნესის" ტიტული ბანაკ "ზეთას" ხვდა წილად. ანანო არაბული AMBEBI.GE-ს "ბიზნესდაჯილდოება 2016"-ის შესახებ შთაბეჭდილებებსა და "ზეთას" სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციას უზიარებს:

ანანო არაბული: "ისეთ ნომინაციაში მივიღეთ ჯილდო, რომ ეს ძალიან დიდი სიურპრიზი იყო ჩემთვის. ახლა მეტი მოტივაცია გაგვიჩნდა, რომ უკეთესები გავხდეთ და კიდევ მეტი შრომა ჩავდოთ ჩვენს საქმეში. ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ, მაგრამ ასე თუ დაფასდებოდა, არ ველოდით. მომავალი წარმატება, დარწმუნებული ვარ, გარკვეულწილად ამ გამარჯვებით იქნება განსაზღვრული და უფრო მეტს ვიშრომებთ.

ამ პროექტმა ბევრი ძალიან საჭირო კონტაქტი შეგვძინა, ბევრი ახალი კომპანიის შესახებ გავიგეთ, რომელთა შესახებაც არ ვიცოდით. მათთან თანამშრომლობასაც ვგეგმავთ, თუ ეს მათი სურვილიც იქნება. მსგავსი ბიზნესებისთვის უზარმაზარი დახმარებაა, გაიცნონ ერთმანეთი, გაეცნონ ქვეყანას, მომხმარებელს... ჩემი აზრით, ეს პროექტი ყველასთვის ძალიან წარმატებული იყო იმიტომ, რომ დიდი სტიმული მისცა ყველას მეტი ეშრომათ, უფრო კარგები ყოფილიყვნენ და თავის ნომინაციაში წარმატებისთვის მიეღწიათ."

ბანაკ "ზეთას" სამომავლო გეგმები: "მომავალი ზაფხულისთვის უკვე ძალიან ბევრი ჯავშანი გვაქვს. იგეგმება რამდენიმე საინტერესო პროექტი საგანმანათლებლო ბანაკებისა და ფესტივალის სახით. დაწყებული გვაქვს აქტიური მუშაობა პერსონალის შერჩევასა და შევსებასთან დაკავშირებით. ახლო მომავალში ძირითადი აქცენტი, რა თქმა უნდა, მომსახურების ხარისხის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაზე იქნება გაკეთებული. საქართველოს ფარგლებში ფილიალების სახით გაფართოებასაც ვგეგმავთ. სიახლეა, ასევე, ზამთარში დაგეგმილი რამდენიმე სათხილამურო ტური. სოფლამდე ზამთარში გზა საერთოდ არ არის, ამიტომ ამ ტიპის ტურები აქამდე არ დაგეგმილა. ეს ტურები ბანაკის სეზონსაც გაახანგრძლივებს"

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი