ფული არ ამიღია 1 700 000 ლარი არ ამიღია, - ამის შესახებ "ცენტრ პოინტ აჭარას" ყოფილმა დირექტორმა ირაკლი მინდელმა აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მინდელმა განაცხადა, მან აღიარა მისი პასუხისმგებლობის ის ნაწილი, რომელიც უშუალოდ მას ეხებოდა.
რაც შეეხება თანხების გაფლანგვას, ბრალდებული რაიმე თანხის მიღებას და გაფლანგვას კატეგორიულად უარყოფს.
"აქ ლაპარაკი იყო პროცედურულ, ფაქტობრივ გარემოებებზე. ის, რომ მე გავფლანგე ან გურამის მივეცი, ამის შესახებ საუბარი არ ყოფილა. მე განვაცხადე კიდეც სასამართლო პროცესზე, რომ ფული არ წამიღია და არც გურამისთვის მიმიცია", - განაცხადა ბრალდებულმა ირაკლი მინდელმა.
ირაკლი მინდელი დღეს წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა. ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა მინდელის ინტერესების დამცველებმა დააყენეს, რასაც როგორც ბრალდების მხარე, ასევე მოსამართლე დაეთანხმა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, "ცენტრ პოინტ აჭარას" ყოფილი ხელმძღვანელი 50-ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
ირაკლი მინდელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას გურამ და მაია რჩეულიშვილების ადვოკატები და თავად ბრალდებული გურამ რჩეულიშვილიც დაეთანხმა.
"რა თქმა უნდა, ვეთანხმები. მე ვთვლი, რომ ეკონომიკური დანაშაულისთვის წინასწარ პატიმრობაში არავინ უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ორივე ხელით თანახმა ვარ, რომ ირაკლი გათავისუფლდეს", - განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა.
მანამდე კი, ირაკლი მინდელმა სასამართლოს ჩვენება მისცა და წარდგენილი ბრალი აღიარა.