მთელი ისტორიის მანძილზე აშშ-ს, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოს, ორი რამ მართავდა - ბიზნესი და ფინანსები. მაგრამ თუ გგონიათ, რომ მსოფლიოს ფინანსური სამყაროს დირიჟორები მხოლოდ როტშილდები და როქფელერები იყვნენ, ცდებით. ჯერ კიდევ 1770 წელს უილიამ პიტმა გენიალური ფრაზა თქვა - "ნებისმიერი ტახტის მიღმა უფრო მეტი რამ არის, ვიდრე მეფე".
გასული საუკუნის 50-60-იან წლებში ვაშინგტონის და ნიუ-იორკის პარკებში ხშირად დასეირნობდა მაღალი და ყოველთვის ელეგანტურად ჩაცმული მამაკაცი. მასთან ერთად სკამზე მსხდომ პირებში გამვლელები მსხვილ სახელმწიფო მოღვაწეებს და ბიზნესმენებს ამოიცნობდნენ ხოლმე. განსაკუთრებით უინსტონ ჩერჩილის კოლორიტული ფიგურა გამოირჩეოდა.
ეს ადამიანი ბერნარდ ბარუხი გახლდათ, რომელიც იმ დროს პლანეტის უმდიდრესი ადამიანი იყო. მას არ უყვარდა თავისი ფინანსური შესაძლებლობების აფიშირება და ამიტომაც მდიდარ ადამიანთა სიებში მისი გვარი არასდროს ფიგურირებდა.
ბარუხი 1870 წელს გერმანიიდან ემიგრირებული ექიმის ოჯახში დაიბადა. ფინანსები მას ბავშვობიდანვე იზიდავდა. სწავლის დამთავრების შემდეგ ერთხანს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე მუშაობდა. 1903 წელს კი საკუთარი საბროკერო ფირმა გახსნა.
33 წლის ასაკში ის უკვე მილიონერი იყო. თანაც ამერიკის ეკონომიკური კრიზისის პირობებში მან საკუთარი კაპიტალის შენარჩუნება შეძლო. 1912 წელს გადადგმულმა ნაბიჯმა მისი უდარდელი მომავალი უზრუნველყო. ბიზნესმენმა 50 ათასი დოლარი ვუდრო ვილსონის საარჩევნო კამპანიაში ჩადო. მადლიერების ნიშნად პრეზიდენტად არჩეულმა ვილსონმა ბარუხს ეროვნული თავდაცვის უწყება ჩააბარა. ბიზნესმენი დაუყოვნებლივ ქვეყანაში სამხედრო მრეწველობის განვითარებას შეუდგა და აშშ-ის სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებასთან ერთად საკუთარ კაპიტალს სოლიდური თანხები შემატა.
რუსეთში რევოლუციის შემდეგ, ბერნარდ ბარუხი საბჭოთა რეჟიმთან თანამშრომლობის მთავარი მომხრე იყო. მოლაპარაკებების შემდეგ, ახალშექმნილი საბჭოთა რესპუბლიკის აღმშენებლობისთვის ლენინმა ბიზნესმენი პირადად მოიწვია. 1920-30-იან წლებში ვოლგოგრადში, ჩელიაბინსკსა და ხარკოვში პირველი ტრაქტორთმშენებელი ქარხნები სწორედ ბარუხმა ააშენა. რა თქმა უნდა, ქარხნები ორმაგი დანიშნულებისა იყო - ტრაქტორებთან ერთად შემდგომ წლებში აქ ტანკების გამოშვებაც დაიწყეს.
ბარუხის რჩევით, ამერიკულმა კომპანიებმა მაგნიტოგორსკსა და კუზნეცკში ორი უზარმაზარი მეტალურგიული კომბინატი ააგეს. რუსეთში დაბანდებულმა თანხებმა ბიზნესმენს უდიდესი მოგება მოუტანა.
1929 წლის 24 ოქტომბერს ნიუ-იორკის ბირჟის კრახის დღეს, ბარუხის კაპიტალს 1 ცენტიც არ დაკლებია. მოსალოდნელი საფრთხის შესახებ მან 1 წლით ადრე იცოდა და ბირჟაზე თამაში შეწყვიტა. ბარუხმა ყველა აქცია გაყიდა და მიღებული თანხით აშშ-ის მთავრობის ობლიგაციები შეიძინა. ამით მან საკუთარი კაპიტალი გაუფასურებას გადაარჩინა.
1940-იანი წლების დასაწყისისთვის ბერნარდ ბარუხი უკვე მილიარდერი იყო. მისი ბიზნესის ხელშეუხებლობა წლების განმავლობაში ქვეყნის უმაღლეს ეშელონებთან მტკიცე მეგობრობამ განაპირობა. ვუდრო ვილსონის შემდეგ, ბარუხი პრეზიდენტების უორენ ჰარდინგის, ჰერბერტ ჰუვერის, ფრანკლინ რუზველტისა და ჰარი თრუმენის უცვლელი მრჩეველი იყო.
1941 წლის 7 დეკემბერს ამერიკა მეორე მსოფლიო ომში ჩაება. ქვეყნის მძლავრი სამრეწველო ინდუსტრია კვლავ სრული სიმძლავრით ამოქმედდა და რამდენიმე თვეში მასშტაბური სამხედრო წარმოების ტალღაზე გადაერთო. სანამ ევროპასა და წყნარ ოკეანეში ბრძოლები მძვინვარებდა, ამერიკელი მაგნატები და ბარუხი თანდათანობით სამხედრო შეკვეთებისგან უდიდეს ფინანსურ მოგებას ნახულობდნენ. როგორც ამბობენ - "ეს მხოლოდ ბიზნესია, არაფერი პირადი".
ომის შემდეგ ბარუხი ქვეყნის ბირთვული პროგრამის კურატორად დანიშნეს. სხვათა შორის გამოთქმა "ცივი ომი" სწორედ ბარუხს და არა სერ უინსტონ ჩერჩილს ეკუთვნის. ცნობილი ფრაზა მან 1947 წლის 16 აპრილს ჩრდილო კაროლინის წარმომადგენელთა პალატის წევრებთან საუბარში გამოიყენა.
კოლოსალური შესაძლებლობების მქონე ბარუხს ყველა ლოიალურად ეპყრობოდა. მის აზრს აშშ-ის პრეზიდენტები და სხვა ქვეყნების ლიდერებიც ითვალისწინებდნენ. ჰარი თრუმენმა ის გაერო-ს ატომური ენერგეტიკის კომისიაში აშშ-ის სრულუფლებიან წარმომადგენლად დანიშნა.
ბარუხი საკუთარ ფინანსებსა და საქმეს ყოველთვის მარტო განაგებდა. "Wall Street-ის მარტოხელა მგელი" ამიტომაც შეარქვეს. ის 1965 წელს 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, სიცოცხლის ბოლოსთვის მისი ფინანსური აქტივების, ფასიანი ქაღალდების, სახელმწიფო ობლიგაციების, ქარხნების, უძრავ-მოძრავი ქონების ჯამური ღირებულება ტრილიონ დოლარს გასცდა.
გასაოცარია, მაგრამ მისი მემკვიდრეების შესახებ პრაქტიკულად არაფერია ცნობილი. თითქოს ვიღაცამ არსებული ინფორმაცია შეგნებულად გააქრო.
მოამზადა ნუკრი მგელაძემ
ambebi.ge