ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე სწრაფად ხუთი ეროვნული ვალუტა გაუფასურდა. Forbes-მა მათ შესახებ დეტალური ინფორმაცია მოიძია. ეროვნული ვალუტის სწრაფი ტემპით გაუფასურების "პატივი" მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს არ ხვდათ წილად და ამ მხრივ, გასულ პერიოდში, მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ხელისუფლებას გაუჩნდა თავსატეხი. ლარის დასუსტების პარალელურად, თვალი მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოში მიმდინარე პროცესებს შევავლეთ და უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ხუთი ყველაზე სწრაფად გაუფასურებული ეროვნული ვალუტა მოვიძიეთ. წარმოდგენილი მონაცემები 2015 წლის 15 ნოემბრიდან 2016 წლის 15 ნოემბრამდე არსებულ ინფორმაციას მოიცავს.
სურინამული დოლარი
სურინამი სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პატარა და მცირე მოსახლეობის მქონე ქვეყანაა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ჰოლანდიის კოლონიას წარმოადგენდა. დღეს არსებული ეროვნული ვალუტა 2004 წელს შემოიღეს, რომელმაც სურინამული გულდენი ჩაანაცვლა. გაუფასურების მტკივნეული ტალღა ქვეყანაში გასულ წელს დაიწყო და არაერთი პრობლემა წარმოშვა. 2015 წლის ნოემბრის მონაცემით, ერთი აშშ დოლარის ფასი 3.2 სურინამული დოლარი იყო, დღეისთვის კი ეს მაჩვენებელი 7.73-ს შეადგენს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში სურინამის ეროვნული ვალუტა დაახლოებით 53%-ით გაუფასურდა, რითაც ჩვენს ჩამონათვალში ლიდერობა არავის დაუთმო. სურინამული დოლარის კატასტროფული გაუფასურების კვალდაკვალ ქვეყანას ჰიპერინფლაციის პრობლემაც გადასაჭრელი აქვს. გასული ათი თვის მანძიზე ინფლაციის 4%-იანი მაჩვენებელი 65%-მდე გაიზარდა და, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ზრდა კვლავ გაგრძელდება. ქვეყანაში დაწყებული კრიზისი ოქროსა და ნავთობზე ფასების შემცირებით არის გამოწვეული. მაგალითისთვის, სახელმწიფოს კუთვნილი ნავთობკორპორაციის მოგება 2015 წელს ათჯერ შემცირდა და 400 მილიონის ნაცვლად მხოლოდ 40 მილიონი დოლარი შეადგინა. მიმდინარე წლის აპრილში, ეკონომიკური რეფორმებისა და მკაცრი ცვლილებების სანაცვლოდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) ქვეყნის მთავრობას 478-მილიონდოლარიანი დახმარება გამოუყო. სურინამულმა დოლარმა რეკორდულად მაღალ ნიშნულს 2016 წლის სექტემბერში (7.74) მიაღწია, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი 2005 წელს (2.72) დაფიქსირდა.
მოზამბიკური ნიუ
მეტიკალი მოზამბიკის ეროვნული ვალუტა გასული ერთი წლის განმავლობაში 45%-ით გაუფასურდა. მეტიკალის გაუფასურებამ საქონელსა და სერვისზე ფასები საგრძნობლად გაზარდა, ასევე პირდაპირი ზეგავლენა მოახდინა იმპორტზე და ის საგრძნობლად შეამცირა. გასული ათწლეულის განმავლობაში მოზამბიკი ინვესტორებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილად იქცა აფრიკაში, რაც ნავთობისა და გაზის რესურსების არსებობით იყო გამოწვეული. სურინამის მსგავსად, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობზე ფასის ვარდნის გამო ქვეყნის ეკონომიკას კვლავ რთული დღეები დაუდგა. 2015 წლის ნოემბრის პირველ ნახევარში ერთი აშშ დოლარის ფასი 44.5 მოზამბიკური მეტიკალი იყო, დღეს კი ეს რიცხვი 75.4-ს შეადგენს. ვალუტის გაუფასურების გამო ქვეყანაში ინფლაციით გამოწვეულმა მტკივნეულმა პროცესებმა იჩინა თავი. მოზამბიკის ხელისუფლებას ხელახლა აქვს აღმოსაჩენი მეთოდი, რომელიც მათ სიღარიბის დამარცხებასა და სტაბილური ეკონომიკის შექმნაში დაეხმარებათ.