ყოფილი ელჩის, ბიზნესმენისა და საზოგადოებრივი მოძრაობა "ივერიას" ერთ-ერთი დამფუძნებლის მამუკა გამყრელიძის ფეისბუქ-პოსტი, რომელიც გუშინ, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას ეხება, განხილვისა და კრიტიკის მიზეზი გახდა.
რუსთაველის გამზირზე 10 დეკემბერს "თეთრი ხმაურის მოძრაობის" მიერ გამართულ აქციაზე, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. სწორედ ამ დაპირისპირების ამსახველ კადრებს ავრცელებს გამყრელიძე და წერს:
"შეხედეთ ამ ვიდეოს და დაინახავთ, რეალურად რა აწუხებს ქართველ ახალგაზრდობას. არა ქვეყნის დეოკუპაცია, არა ქვეყანაში რუსეთის გავლენის ზრდა, არა მცოცავი ოკუპაცია, არა კოლაბორაციონიზმი, არა არაფორმალური მმართველობა, არამედ ბანალური პლანის წევა.
არც მე გახლავართ მარიხუანას მოწევისათვის ადამიანის დილეგში ჩაგდების მომხრე, მხოლოდ იმას ვისურვებდი, რომ ასეთი თავგამოდებით, ამ ახალგაზრდებს ქვეყნის ოკუპაციის წინააღმდეგ ებრძოლათ" - წერს გამყრელიძე ფეისბუქის პირად გვერდზე. შემდეგ კი ერთ-ერთი კომენტარის პასუხად დასძენს: "ეს არის ჩვეულებრივი შემოგდებული თემა. მეორეხარისხოვან პრობლემაზე ყურადღების გადატანა. ნაციონალისტების პერიოდული აქტივობაც იგივე მიზანს ემსახურება. ეს ახალგაზრდები ვერ ხვდებიან, რომ ვიღაცის დაკვეთას ასრულებენ. რომ უთხრა შეიძლება თავი გაგიხეთქონ, როგორ გვიბედავო. არა და ასეა..."
ბიზნესმენის პოსტს ათეულობით გამოხმაურება მოჰყვა. ბევრი ფეისბუქ-მომხმარებელი იზიარებს მის პოზიციას:
"მთავარზე ფოკუსირება გვიჭირს , ზოგი გახდილ ტურისტს დასდევს ზოგს ეწევინება..."; "ვსიო ყველაფერს მოვესწარი, ამის დედაც ჯეკ. პლანაქეშები "ძაღლებს" ეკაჩავებიან პლანი მოგვაწევინეთო!"; "უჭირთ ადამიანებს რეალური პრობლემების გააზრება,უბედურება განათლების დეფიციტშია..."; "ნარკოტიკების მოხმარება კი არა , გუშინ კიდევ ერთი ქალი მოკლეს ! ყოფილმა ქმარმა მოკლა 29 წლის ქალი! საქართველოში ქალებს ჩიტწბივით ხოცავენ და ყველას ფეხებზე ჰკიდია!" - წერენ პოსტის კომენტარებში ინტერნეტმომხმარებლები.
თუმცა, გამყრელიძეს ოპონენტებიც გამოუჩნდა. აქციის ერთ-ერთი მონაწილე ბესიკ ლიპარტელიანი, მამუკა გამყრელიძე კომენტარით მიმართავს: "ბატონო მამუკა, ამ ახალგაზრდებს არამარტო ოკუპაცია და ქვეყნის დეგრადირება გვაწუხებს, არამედ მაღაროელების და მუშების, მივიწყებული ასიათასობით ადამიანის ბედი, რომლებიც დღევანდელ და წინა ხელისუფლებას ძალიანაც ეკიდა ფეხზე. აქ დგანან პროფესორები, კონსერვატორიის რექტორი, სტუდენტები, რომლებიც განათლების რეფორმას ითხოვენ, მუსიკოსები, ჯემ-ფესტის თუ თბილისი ოფენ ეარის ორგანიზატორები, იურისტები, არასამთავრობო სფეროს წარმომადგენლები... ასე ჰაერზე ლაპარაკი რომ ხდება და საკუთარი ასიათასობით თანამემამულის ბედი რომ ფეხებზე გკიდიათ, ვერ დამარწმუნებთ რომ ოკუპაცია ძალიან გაწუხებთ!" - წერს გამყრელიძის საპასუხოდ ლიპარტელიანი.