სოფო სოფრომაძე, სამხედრო ექიმი, ოფიცერი:
(ქვეყნდება მცირედი ცვლილებით)
"რამდენიმე დღის წინ, ჩემ სოფელში, ჩემი ძმის სახელობის სკოლა გახსნეს... არ ვიცი, რამდენად ნორმალურია, სიხარული და ტკივილი ერთად განიცადოს ადამიანმა, მაგრამ მე ნამდვილად ასე განვიცადე... თან მიხაროდა და თან მტკიოდა, ჩემი ძმის, შმაგი სოფრომაძის სახელობის სკოლის გახსნა... ავღანეთში წასვლამდე დასვენება უნდა მოვასწროთ. ახლა ჩვენი ბიჭები პირდაპირ მიფრინავენ ავღანეთში, მაშინ ჯერ ყირგიზეთში ჩავდიოდით, სადაც 3 დღე ვჩერდებოდით და შემდეგ გადავფრინდებოდით ავღანეთის რომელიმე ქალაქში...
ჯარისკაცს რა აძლევს მოტივაციას? - კარგი ზემდგომი, ანუ ადამიანი, რომელიც თავადაც ჯარისკაცული წესით ცხოვრობს და რაც მთავარია, ის, რომ შენ თუ რამე დაგემართა, ოჯახი დაცული გყავს და მათზე დარდი არ გაწუხებს, მხოლოდ იმაზე საუბარი, რომ ჯარისკაცს არ შია, არ ცივა და არ წყურია, საკმარისი არ არის, ყველა ჩვენგანის უკან ოჯახი დგას... ჰელმანდის პროვინცაში ჩავედით, ოქტომბერი იყო და არაადამიანურად ცხელოდა. სათვალის გარეშე თვალები ვერ გავახილე. გარშემო ქვიშას ბუღი ასდიოდა... მოსამზადებელი დრო დაიწყო. როტაცია მიმდინარეობდა. ჩვენი ბიჭები, ვინც იქ დაგვხვდნენ, საქართველოში დასაბრუნებლად ემზადებოდნენ...
ჯარისკაცის დილა, აქაც 6 საათზე იწყება. შემდეგ გვქონდა საუზმე, თათბირი და დავალებებიც იწყებოდა, - პატრულირებაზე გასვლა, სწავლებები, შეხვედრები. ამ ყველაფერს ამერიკულ მხარესთან ერთად ვაკეთებდით. ქართველები, თავისი გამბედაობითა და პროფესიონალიზმით გამოირჩეოდნენ, რაც მედლებითა და სიგელებით გვიფასდებოდა და ეს ძალიან გვსიამოვნებდა.
რამდენჯერმე, ქარბობალაც ვნახე. ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი ადვილი არ იქნებოდა, მაგრამ ეს ჩემი არჩევანი იყო. რატომღაც წლების წინანდელი ამბავი გამახსენდა, - წინა ხელისუფლების დროს, სამხედროს, რომელიც მისიაზე უარს იტყოდა, შეიარაღებული ძალებიდან რიცხავდნენ. ასეულის სწავლება რომ გავიარეთ, თავიდან გვეგონა, ქაბულში მივდიოდით, შემდეგ კი, მეთაურობამ გვითხრა, ჰელმანდში მიდიხართო... იქ მაშინ, სხვადასხვა მიზეზების გამო, ძალიან სახაფათო სიტუაცია იყო და წასვლა არავის უნდოდა, რის გამოც 150-მდე სამხედრო დაითხოვეს შეირაღებული ძალებიდან... (მოგვიანებით, მე ჩემი ნებით წავედი)
ახლა, ფიზიკური და ფსიქოლოგიურ მომზადებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მაშინ უსაფრთხოება ასე კარგად არ იყო დაცული. ამდენი კამერაც არ იყო... თუმცა, ახლაც მგონია, რომ ავღანეთში მისიის გავლა, სამხედროს მომზადების მეტრია. სხვა თუ არაფერი, ძნელია, თუნდაც კამერაში უყურებდე როგორ დებს ბავშვი ნაღმს, არავინ არის დაზღვეული იმისგან, რომ მას ხელებში არ აუფეთქდება, მაგრამ ეს არ აწუხებს. მოგვიანებით, გამნაღმველი აპარატურით მივდივართ იმ ადგილას და ნაღმებს ვეძებდით, მაგრამ ისინი ამას დაუღალავად აკეთებენ...
მათი ნდობა, ძალიან რთულია. ყოფილა შემთხვევა, - ავღანელებს უთქვამთ, - ამა და ამ ადგილას არ გაიაროთ, - დანაღმულიაო. რამდენჯერმე ასე გვეტყოდნენ, რათა ჩვენი ნდობა მოეპოვებინათ, მაგრამ ეს უკვე იმას ნიშნავდა, რომ სწორედ მათი ნდობა არ შეიძლებოდა. ბავშვს, ცნობიერების ჩამოყალიბებისთანავე, ასწავლიან, რომ მან უნდა მოკლას და მოკვდეს...
დღე ძალიან ცხელოდა, მაგრამ ღამე აუტანლად ციოდა, თუმცა, კარავი ძალიან კეთილმოწყობილი იყო და როდესაც შიგნით ვიყავით, ვერ ვგრძნობდით... ბიჭებისგან ვიცოდი, რომ ქაბულში სრულიად განსხვავებული კლიმატი იყო... თავდაპირველად, ბაზის გარეთ არ გავყავდით, გოგოაო და მიფრთხილდებოდნენ. რა არ ვცადე, ცრემლებამდეც კი მივედი, მაგრამ არაფერმა გაჭრა... შემდეგ, მეთოდი შევცვალე და თავად დავიწყე ინიციატივის გამოჩენა, თუ სადმე რამეს მოვკრავდი ყურს, - წავალ, მეც შემიძლია, გავაკეთებ-მეთქი, ვამბობდი...
ერთხელ პატარა გამოცდა მომიწყვეს, - გვიან ღამე, რაციაზე გამომიძახეს, 5 წუთში, სრული აღჭურვილობით გამოვცხადდი სწრაფების კოლონასთან. იქ მითხრეს, რომ ოპერაციაზე უნდა წავეყვანეთ, სადაც ქალები იყო გასაჩხრეკი. არც შემშინებია და არც დავბნეულვარ, - ძლივს საქმე გამომიჩნდა... მითხრეს, სახიფათოაო, - არა უშავს, ფრთხილად ვიქნები-მეთქი... შიშისთვის არ მეცალა, თვში აზრებს ვალაგებდი, როგორ მოვიქცეოდი. გზაში, ბიჭები ერთმანეთს რაციით უკავშირდებოდნენ და ეკითხებოდნენ - სოფოს ხომ არ ეშინაო. უცებ დავალაგე აზრები, - როგორ მივიქცეოდი და საკუთარ თავს ვუთხარი, - უნდა გაიმარჯვო-მეთქი. ბიჭები უამრავ კითხვას მისვამდნენ, - მეუბნებოდნენ, - ღამეა და არავინ იცის იქ რა სიტუაცია დაგვხვდებაო. თქვენს გვერდით არაფრის მეშინია-მეთქი... სინამდვილეში, აღმოჩნდა, რომ მეთაურის წამოსაყვანად მივდიოდით, რომელიც შეხვედრაზე იმყოფებოდა...
რამდენიმე ხნის შემდეგ, მართლაც გამომიძახეს, - ავღანურ სოფელ დუაბში, ქალები უნდა გამეჩხრიკა. ეს საკმაოდ საშიში სოფელი იყო. თალიბები იქ გავლენით სარგებლობდნენ... სავარაუდოდ, ინფორმაცია ჰქონდათ, რომ იქ ქალის ტანსაცმელში გადაცმული თალიბები იყვნენ... საქმე ის არის, რომ მაშინ იმ ბაზაზე მარტო ერთი ქალი ვიყავი და არავინ მყავდა, ვინც ჩხრეკისას ჩემს უსაფრთხოებაზე იზრუნებდა (ასეთ დროს, ორი ქალი დგას, რომელიც სიტუაციას აკონტროლებს) და ჩხრეკაში ვერ მივიღე მონაწილეობა.
თუმცა, შემდეგ უკვე აქტიურად ვმონაწილეობდი ჩეკპოინტებში. არასდროს დამავიწყდება ადგილობრივი ქალების გაოცებული სახეები, - მაშინ ასე ბევრნი არ იყვნენ გოგოები ბაზაზე და გაფართოებული თვალებით მიყურებდნენ ქალს რა უნდა სამხედროშიო.... მეც გაოგნებული ვიყავი - ქალების უმეტესობა ორსული იყო და სახესა და სხეულის სხვა ნაწილებზე იარები ჰქონდათ. ჰიგიენის პრობლემაც ჰქონდათ... ჩადრის მიღმა, სახეზე უცნაური მაკიაჟი ეკეთათ... ძალიან უფრთხილდებოდნენ გოგოებს, რადგან იქ გოგოს რძლად "ყიდულობენ" და რაც უფრო ლამაზია გოგო, მით მეტი ფული ღირს. უფულო ოჯახს რძლის ყიდვის საშუალება არ აქვს...
შედარებით შეძლებულ ავღანელებს ორი ან მეტი ცოლი ჰყავდათ და ყველანი ერთ სახლში ცხოვრობდნენ. ცოლები ცდილობდნენ, ერთმანეთის გოგონები დაესახიჩრებინათ, რათა თავიანთი ქალიშვილების უფრო ძვირად გაყიდვის შანსი ჰქონოდათ...
ერთხელ, ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ასევე დაცული იყო, ერთი ახალგაზრდა, ავღანელი ქალი მოვარდა, - განწირული ხმით ტიროდა და შველას გვთხოვდა. ავღანელმა თარჯიმანმა გვითხრა, რომ ოჯახი მას ძალით ათხოვებდა. როგორც ქალი და ადამიანი ძალიან შემეცოდა, მაგრამ უფლება არ გვქონდა მათ საქმეებში ჩავრეულოყავით. თარჯიმანმა ისიც გვითხრა, - ამას საკუთარი მამა მოკლავს, რადგან მისმა შვილმა ოჯახის ნების წინააღმდეგ წასვლა და სახლიდან გამოქცევა გაბედაო... შემდეგ გავიგე, რომ მართლაც თავი მოკვეთეს თურმე საბრალო გოგოს... დღემდე ყურებში მისი განწირული ხმა...
იქ ქალის ფუნქცია მხოლოდ შვილების გაჩენაა... ადგილობრივები, ძირითადად, მოტოციკლებითა და მსუბუქი მანქანებით გადაადგილებოდნენ. კონვოირში რომ მივდიოდით, გზადაგზა გვხდებოდნენ ადგილობრივების მანქანები, - მამაკაცები, კაბინაში ისხნდნენ, ქალები კი, თავიანთი ბარგი-ბარხანით, ძარაზე, სიცხესა და სიცივეში... ზოგჯერ, პირდაპირ ტვირთზე ისხდნენ და ერთი არასწორი მანევრი და გადაცვივდებოდნენ. ალბათ ასეთი ფაქტებიც ყოფილა. თუმცა, იქ ხომ ადამიანის სოცოცხლესა და სიკვდილს ერთი ფასი აქვს... ასეთ დროს განსაკუთრებით ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში დავიბადე და მყავს ჩემი მზრუნველი და მოსიყვარულე ოჯახი, რომელთაც პატარობიდან ვეურჩეობოდი, მაგრამ არავინ მსჯიდა. ჩემი ძმა, სიყვარულით "მეამბოხეს "მეძახდა... ასეც იყო. ჩემი აზრი ყოველთვის მქონდა და მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მარტო ვზრდი ქალიშვილს და მინდა ყველაზე მთავარი, საკუთარი თავის პატივისცემა იცოდეს.
ეს ჩემთვის პირველი მისია იყო და ალბათ ამიტომაც ჩამრჩა ასე ცნობიერებაში, შემდეგ უკვე ყველაფერს შევეჩვიე და ჩვეულებრივი თვალით ვუყურებდი."
ლალი პაპასკირი
AMBEBI.GE