პატარა მწყემსის წერილი თოვლის ბაბუას - ვინ არის ბიჭი, რომლის გულისამაჩუყებელმა სიტყვებმა "ფეისბუქი" მოიარა

პატარა მწყემსის წერილი თოვლის ბაბუას - ვინ არის ბიჭი, რომლის გულისამაჩუყებელმა სიტყვებმა "ფეისბუქი" მოიარა

ახალი წელი თოვლის ბაბუს და საჩუქრების გარეშე წარმოუდგენელია, პატარების გულებს თოვლის ბაბუის სახელით ძირითადად მშობლები ახარებენ, თუმცა არსებობენ ბავშვები, ვის ოჯახსაც საშუალება არ აქვთ შვილს თუნდაც პატარა საჩუქარი გაუკეთონ და ახალ წელს გაახარონ...

მეათე კლასელი რაგულ გიგაშვილი ხაშურის მკვიდრია და საქონელს მწყემსავს. რაგულიმ თოვლის ბაბუას წერილი პირველად დაუწერა და ეს სოფელ ცოცხნარას, ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მღვდელმსახურის, დეკანოზ სერაფიმე გოგალაძის დახმარებით გააკეთა. წერილი სოციალურ ქსელში გავრცელდა და მას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ბიჭი წერილში წერს: "გამარჯობა თოვლის პაპა, მე ვარ რაგული გიგაშვილი. ვარ ღარიბი, ვცხოვრობ სოფელში, ვწყემსავ ძროხებს და მინდა ხასკის ლეკვი, რომ მომეხმაროს და მობილური ტელეფონი. ძროხები რომ დამეკარგება და საძებნად წავალ სახლში რომ დავრეკო, მოვიდნენ თუ არაო. ასევე მგელმა რომ არ შემჭამოს. ვარ სკოლის მოსწავლე".

Ambebi.ge დეკანოზ სერაფიმეს დაუკავშირდა.

- ეს ბიჭუნა ჩემი მრევლია, სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილია. მშობლებს სულ ხუთი ბავშვი ჰყავთ, გოგოები გათხოვდნენ. რაგული პატარაობიდან შრომობს, სიცხეში და ყინვაში საქონელს მწყემსავს. საკმაოდ რთულ პირობებში უწევს მუშაობა, რადგან ჩვენი რაიონი მგლებით არის სავსე, მაგრამ რა ქნას, სხვა შემოსავალი მის ოჯახს არ აქვს. ღარიბი ოჯახია და უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ.

- მხოლოდ რაგულია შემომტანი ოჯახში?

- მამამისი მუშაობდა ადრე, მაგრამ ფილტვებზე მძიმე დიაგნოზი დაუსვეს და აღარ შეუძლია მუშაობა. რაგული მწყემსავს საქონელს, ზოგი ფულს უხდის, ზოგი ისე ეხმარება და ასე გააქვს ცხოვრება.

- წერილი თავისი სურვილით დაუწერა თოვლის ბაბუას?

- მე გავიგე, რომ თურმე ბავშვები წერენ თოვლის ბაბუას საახალწლოდ წერილებს და შემდეგ კეთილი ხალხი ეხმარება მათ. ამიტომ ვუთხარი დაეწერა წერილი და დავაწერინე. ბევრჯერ გადარჩენილა მგლებისგან დაგლეჯვას რაგული, ამიტომ უნდა ჰყავდეს საკუთარი ძაღლი, რომელიც ტყეში დაიცავს. ხშირად დაკარგულა კიდეც და სურს ტელეფონი აჩუქოს თოვლის ბაბუამ. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა რისკის ქვეშ უწევს მას ლუკმა-პურის შოვნა, საოცრად შრომისმოყვარე ბავშვია, ფაქტიურად დაბადებიდან მწყემსია, მთელი სოფელი შეწუხებულია მისი ოჯახის სიღატაკით. ამიტომ ვთხოვ თუ ვინმეს შეუძლია დაეხმაროს მას და მისი ოცნებები აასრულოს.

რაგული გიგაშვილის დახმარების მსურველებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 593931424

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი