ცნობილი "ნიკოლშოუს" წევრმა გია ნიკოლაძემ ცოტა ხნის წინ საკუთარ "ფეისბუკ-გვერდის" მეშვეობით საზოგადოებას ამცნო, რომ C ჰეპატიტისგან განიკურნა. მისი თქმით, გაიარა ძალიან რთული პროცესი, რადგან ჰეპტიტის სამკურნალო წამალი ნერვიულ აღგზნებას და მუზების მოზღვავებას იწვევდა.
"ლეპტოპი არ გამიგდია ხელიდან. ნიაღვარივით მოდიოდნენ აზრები," - იხსენებს გია.
გია ნიკოლაძე:
- თავიდან სოვალდით, ინტერფერონით და რიბავერინით ვმკურნალობდი. ამ წამლებს გვერდითი მოვლენები აქვს. იწვევს ნერვულ აღგზნებას. რის შესახებაც წინასწარ გაფრთხილებენ და ამიტომაც დამამშვიდებლები უნდა მიიშველიო. ავტობუსში ჩვილი ბავშვის ხმაც კი მაღიზიანებდა. მსგავს მდგომაროებაში მყოფი ხალხი მიტინგზე რომ შეახვედრო, ერთმანეთს დახოცავენ. მიუხედავად ამისა, მადლობა ღმერთს და იმ ხალხს, ვინც მკურნალობის შესაძლებლობა მომცა, ვინც ჩემთვის მისაწვდომი გახადა პრეპარატები, რომელთა საშოვნელად არაფერი გამაჩნდა. ახლა უახლესი პრეპარატებით მკურნალობენ. ჩემი მეგობრები ჰარვონს იღებენ, რომელსაც გვერდითი მოვლენები თითქმის არ აქვს და შესაბამისად, მკურნალობა ფაქტობრივად უმტკივნეულოდ მიმდინარეობს. ისევ "მტკივნეული" წამლებიც რომ იყოს, მაინც მაგარია, რადგან მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ინატრებენ სასწაულს, რაც აქ ხდება, უძვირესი წამლები უფასოდ რიგდება, თან უახლესი პრეპარატები. ამიტომაც შანსი არ უნდა გაუშვათ. სასწრაფოდ უნდა დაადგინოთ გაქვთ თუ არა C ჰეპატიტი და დაუყოვნებლივ დაიწყოთ მკურნალობა. ისეთი ვერაგი დაავადებაა, შეიძლება დაინფიცირებიდან ათი წელი არაფერმა შეგაწუხოს, მაგრამ მერე გვიან იყოს.
გია ნიკოლაძის მსგავსად 10 000-ზე მეტი ადამიანი უკვე სრულად განიკურნა C ჰეპატიტისგან. თუმცა, მისგან განსხვავებით, აბსოლუტური უმრავლესობა სახალხოდ თქმას ერიდება. არადა, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ სტიგმის მოსახსნელად, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში ტრიალებს. ხალხს ჯერ კიდევ მიაჩნია, რომ C ჰეპატიტი სამარცხვინო დაავადებაა და თურმე მხოლოდ ნარკომანებს და მეძავებს სჭირთ. არადა, C ჰეპატიტი გადადის სისხლით და მისი მსხვერპლი შეიძლება გახდეს ყველა, ვისაც რამენაირად შეიძლება ჰქონდეს შეხება დაინფიცირებულ სისხლთან, ან ამ სისხლით დაბინძურებულ სამედიცინო ინსტრუმენტებთან და სილამაზის სალონებსა და ესთეტიკურ ცენტრებში გარკვეული პროცედურებისთვის საჭირო ხელსაწყოებთან.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კომპანია "გილეადიდან", რომელიც საქართველოს C ჰეპატიტზე სამკურნალო პრეპარატებით უფასოდ უზრუნველყოფს, რამდენიმე დღეში სპეციალური გადამღები ჯგუფი ჩამოდის. ჯგუფის მიზანია დოკუმენტური ფილმის მომზადება საქართველოში მიმდინარე ელიმინაციის პროექტის შესახებ. გადაღების დროს ჩაწერენ განკურნებულებს, მათ შორის, გია ნიკოლაძესაც. ფილმი მსოფლიოს საუკეთესო სატელევიზიო არხებით გავრცელდება და C ჰეპატიტით დაავედებულ უამრავ ადამიანს გადარჩენის იმედს მისცემს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია აცხადებს, რომ საქართველოს "გილეადისთვის" ბევრი სასიხარულო ინფორმაცია აქვს.
ვალერი კვარაცხელია:
- ამ ეტაპზე C ჰეპატიტის აქტიური ფორმით 29 000 ადამიანი არის დარეგისტრირებული, მკურნალობა დაწყებული აქვს 28 500 პაციენტს, დაასრულა 12 000-მა, განკურნების მაჩვენებელია, 87-89%. მათ შორის არიან ისინიც, ვისაც ძალიან მძიმე მდგომარეობა ჰქონდა და მკურნალობა ჯერ კიდევ პირველად შემოტანილი სოვალდით დაიწყო. მათ, ვინც პირველ ეტაპზე ვერ განიკურნა, შევთავაზეთ და ჰარვონით გაივლიან მკურნალობის შემდგომ კურსს. ველოდებით მკურნალობის ახალ სტატისტიკას, რომელმაც უნდა გვაჩვენოს ჰარვონით განკურნების შედეგები. ვფიქრობთ, გაცილებით მაღალი იქნება და 90%-ს გაცდება.
- სოვალდი, ინტერფერონი, სოფოსბუვირი, რიბავერინი, ე.წ. ძველი პრეპარატები დარჩება სამკურნალო პროგრამაში?
- ე.წ. ძველი პრეპარატები საოცნებოა ბევრი ქვეყნისთვის, მაგრამ საქართველოში მხოლოდ ჰარვონით და შემდგომი უახლესი პრეპარატებით განვაგრძობთ მკურნალობას.
- როგორც ცნობილია, სპეციალური გათვლებით საქართველოში 200 000 ადამიანი უნდა იყოს C ჰეპატიტის ანტისხეულების მატარებელი ან აქტიური ფორმით დაავადებული, მათ გამოსავლენად საჭიროა მთელი მოსახლეობის სკრინინგი. ხალხის აქტივობა კი დაბალია. რას აპირებთ?
- ხალხის დაბალი აქტივობის მიუხედავად, წელს 400 000 ადამიანის სკრინინგი შევძელით. აგვისტოს ბოლოდან, ყველა მშობიარე სამშობიაროში შესვლისას ისკრინება C ჰეპატიტზე და შიდსზე. სტაციონარში მოხვედრილი ყველა პაციენტიც ასევე ისკრინება. მომავალი წლისთვის გამიზნული გვაქვს ნახევარი მილიონი ადამიანის დასკრინვა. თუ ის 200 000 ათასი ადამიანი სრულად არ აღმოვაჩინეთ, ელიმინაციის პროექტს ვერ გავაკეთებთ. უკვე იმკურნალეს მათ, ვისაც გამოსავალი არ ჰქონდა და მოუსწრო ამ პროგრამამ. იმკურნალეს მათ, ვინც იცოდა თავისი დაავადების შესახებ, მაგრამ მორალურად აწუხებდა და არა ფიზიკურად. მოდის ჯგუფი, რომელმაც იცის, რომ აქვს დაავადება, მაგრამ თავს არ იკლავს, ფიქრობს, მოდი, დავლევ და მერე დავიწყებ მკურნალობასო. ეს ყველაზე მძიმე კატეგორიაა. როგორმე დაუყოვნებლივ უნდა შემოვიყვანოთ მკურნალობის რეჟიმში. ყველაზე მრავალრიცხოვანია ის კატეგორია, რომელმაც არ იცის, რომ ჰეპატიტი აქვს.
- დაავადება ყველაზე აქტიური რომელ რეგიონშია?
- სამეგრელოს რეგიონში. რაც განაპირობა იმან, რომ ე.წ. საზღვრისპირა და კონფლიქტის ზონაა, სადაც დიდხანს არ იყო კონტროლი და ნარკომანიამ და ომის შემდგომმა პერიოდმა ხელი შეუწყო დაავადების გავრცელებას. ამიტომაც მორიგი, დიდი, C ჰეპატიტის მართვის ცენტრი ამ დღეებში სწორედ ზუგდიდში გაიხსნება. ის აშენდა "გილიადის" გრანტით. ანუ მხოლოდ წამლებით კი არა, ცენტრების მშენებლობაშიც გვეხმარება. საქართველოს მასშტაბით უკვე 26 სერვის ცენტრი გვაქვს. ორიც დაემატება ჩანაცვლებითი თერაპიის ცენტრების სახით, სადაც მეტადონს ღებულობენ პაციენტები. ზიანის შემცირების ქსელიდანაც გვინდა რომელიმე ცენტრი ჩავრთოთ. ვფიქრობ, "გილეადს" კარგი შედეგებით ვხვდებით.
ეკა ლომიძე
AMBEBI.GE