(ფოტოზე: მარცხნიდან მეორე შარხან მარგოშვილი)
"ძალაუფლება მათ (სირიის მთავრობის - ავტ.) ხელთაა, ამიტომ ვეღარ ვხედავთ აზრს მხარი დავუჭიროთ ოპოზიციას, რომელმაც უკვე წააგო სამოქალაქო ომი. მოვიდა დრო დავიწყოთ მსჯელობა კაპიტულაციის პირობებზე, რათა წაგებული მხარე ბოლომდე განადგურებული არ დარჩეს"
პიტერ ჰელბრეიტი- ამერიკელი დიპლომატი. 2016 წელი, დეკემბერი
" ალეპოში უკანასკნელ ამოსუნთქვამდე დავრჩებით, ეს ჩვენ კი არა, რუსები უნდა წავიდნენ ქალაქიდან"
"ჯაფჰატ ან ნუსრას" ლიდერების განცხადებიდან, 2016 წლის 3 დეკემბერი
ბოლო დღეებში სირიის ფრონტებზე სიტუაცია ელვის სისწრაფით იცვლება, მსოფლიოს ყურადღება სირიის სიდიდით მეორე ქალაქ ალეპოსკენ არის მიპყრობილი, რომლის გათავისუფლებასაც სირიის სამთავრობო ძალები რუსული ავიაციის დახმარებით უკვე მეორე თვეა ცდილობენ. ქალაქს შეიარაღებული ოპოზიცია 2012 წლიდან აკონტროლებს და პოზიციების შენარჩუნებას დღესაც "ჯაფჰატ ან ნუსრას" ძალებით ცდილობს, სამხედრო ექსპერტები და პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ სწორედ ის თუ ვის დარჩება ალეპო, განსაზღვრავს სამომავლოდ სირიის და არა მარტო სირიის ბედს.
შეიარაღებული ოპოზიციის მსგავსად ტერიტორიულ და ადამიანურ რესურსს კარგავს "ისლამური სახელმწიფოც" პროვინცია ხომსის იდლიბისა და დეირ ეზ ზორის პროვინციებში, მეტიც, საერთაშორისო კოალიციის ავიასამიზნე ყოველდღურად " ხალიფატის" დედაქალაქი რაყაც ხდება, სადაც, ჩვენი ინფომაციით, სირიაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა იმყოფება...
7 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირიაში ჩვენთვის კარგად ნაცნობი ჩეჩნური სპეცდანიშნულების რაზმები "ზაპადი" და "ვოსტოკი" გამოჩნდებიან. ამ ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი სამხედრო შენაერთების შექმნა ჩეჩნური ომების დროს საველე მათაურებს ძმებ იამადაევებს უკავშირდება, " ვოსტოკი" 2008 წლის აგვისტოს ომშიც იღებდა მონაწილეობას. ჩეჩენურ სპეცრაზმებს სირიაში ხმეიმიმის სამხედრო ბაზაზე რუსული სამხედრო კონტიგენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაევალებათ.
ამასობაში საქართველოში "ისლამური სახელმწიფოს" წევრობისთვის კიდევ ერთ პირს, ამჯერად პანკისის ხეობის მკვიდრს შარხან მარგოშვილს გაასამართლებენ, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს დაიწყო, ვინაიდან მსგავსი პროცესები დახურულია, სავარაუდოდ, საზოგადოებისთვის ბევრი რამ კვლავ უცნობი დარჩება.