რა შემთხვევებში გამოიყენებს ევროპა შეჩერების მექანიზმს - ის, რაც გასათვალისწინებელია უვიზო რეჟიმის მიღების შემდეგ

რა შემთხვევებში გამოიყენებს ევროპა შეჩერების მექანიზმს - ის, რაც გასათვალისწინებელია უვიზო რეჟიმის მიღების შემდეგ

ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. 2 თებერვალს, საქართველოს საკითხს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე უყარეს კენჭი. საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარი ევროპარლამენტის 553-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი 66 წავიდა, 28 დეპუტატმა კი თავი შეიკავა.

გადაწყვეტილება შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის ავტომატურად ამოქმედებას არ ნიშნავს. ამის შემდეგ დარჩენილია ტექნიკური პროცედურები, რომლებიც სავარაუდოდ, მარტის ბოლომდე დასრულდება. უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღება ნიშნავს, რომ ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური, 90 დღის ვადით ისარგებლებენ. უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას.

დეკემბერში ევროპარლამენტი შეჩერების მექანიზმზე შეთანხმდა, რაც საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხის კენჭისყრის წინაპირობა იყო. კონკრეტულად რას გულისხმობს "შეჩერების მექანიზმი" - AMBEBI.GE ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერს, ვანო ჩხიკვაძეს ესაუბრა.

"შეჩერების მექანიზმის არსი მდგომარეობს იმაში, რომ უვიზო მიმოსვლის მინიჭების შემდგომ, ევროკავშირი იტოვებს უფლებას, შეცვალოს ეს გადაწყვეტილება, ანუ შემოიღოს ისევ სავიზო რეჟიმი იმ ქვეყანასთან, რომელთანაც მას ექნება უვიზო რეჟიმი. შეჩერების მექანიზმის გამოყენება შეიძლება სამ შემთხვევაში:

პირველი, თუ იმ კონკრეტულ ქვეყანაში საგრძნობლად გაიზრდება ევროკავშირში შესვლაზე უარის რაოდენობა. ამას გარდა, თუ მოქალაქეებმა, რომლებიც სარგებლობდნენ უვიზო რეჟიმით, დაარღვიეს კანონი და უფრო დიდი ხნით დარჩნენ, ვიდრე ამის უფლება აქვთ, ანუ 90 დღეზე უფრო მეტი ვადით, ეს იმოქმედებს ამ მექანიზმზე.

მეორე, თუ საგრძნობლად გაიზარდა თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა, ანუ იმ ადამიანების, ვინც უსაფუძვლოდ ითხოვენ თავშესაფარს ევროკავშირის ქვეყნებში.

მესამე გულისხმობს იმ შემთხვევას, როცა ქვეყანა წყვეტს ევროკავშირთან თანამშრომლობას რეადმისიის შეთანხმების საფუძველზე.

- რომელ ქვეყნებთან აქვს ევროკავშირს "შეჩერების მექანიზმი" და გამოუყენებია თუ არა რომელიმე ქვეყანასთან ეს მექანიზმი?

- ეს მექანიზმი ეხება ყველა იმ ქვეყანას, რომელთანაც ევროკავშირს უვიზო მიმოსვლა აქვს. მექანიზმი არასოდეს ყოფილა გამოყენებული. შეჩერების მექანიზმი 2013 წლის დეკემბრიდან არსებობს და ამ დრომდე ეს სისტემა იმდენად მოუქნელი იყო, რომ 2013 წლის დეკემბრიდან დღევანდლამდე ევროკავშირს არასოდეს გამოუყენებია.

- რატომ მიიღო "შეჩერების მექანიზმი" ევროპარლამენტმა საქართველოს და უკრაინის მიმართებით, რისი ეშინია ევროპას?

- საქართველოსთან მიმართებით ნაკლები საფრთხეა, ეს შიში უფრო უკრაინას უკავშირდება. იქიდან გამომდინარე, რომ ოფიციალური მონაცემებით უკრაინაში 2 მილიონი დევნილია, არსებობს რისკები, რომ უვიზო მიმოსვლის შემთხვევაში, ამ 2 მილიონი დევნილიდან ძალიან ბევრი შეეცდება ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნას. ეს ის ხალხია, ვინც აღმოსავლეთ უკრაინიდან საბრძოლო მოქმედებების შედეგად გამოიქცა.  ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი მოსახლეობა სულ რაღაც 3 მილიონ ნახევარია, ეს რისკი უფრო დაბალია, ვიდრე უკრაინის შემთხვევაში. ამას გარდა, საქართველოს, უკრაინისგან განსხვავებით, ევროკავშირთან სახმელეთო საზღვარი არ გააჩნია.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი