თბილისის ერთადერთი 7-ვარსკვლავიანი სასტუმროს სტუმრებს დენის გამათბობლით ათბობენ. ამის თვითმხილველები The Biltmore Hotel Tbilisi-ში მისული ჟურნალისტები გახდნენ, რომლებიც დღეს სასტუმროში გამართულ ეკონომიკური განვითარების მე-9 საერთაშორისო ფორუმს ესწრებოდნენ. სასტუმროს ფოიეში შეკრებილი ჟურნალისტები დენის ერთადერთი გამათბობლის საშუალებით თბებოდნენ.
მოგეხსენებათ, "ბილთმორში" 140 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო და ის უმაღლესი კლასის სასტუმროა თბილისში, შესაბამისად დავინტერესდით, რა "7-ვარსკვლავიან" სტანდარტს შეესაბამება ზამთარში არასათანადო გათბობა და რამ გამოიწვია ის, რომ სასტუმროს ფოიე ერთადერთი დენის გამათბობლით თბებოდა.
AMBEBI.GE-ს სასტუმროს პიარისა და მარკეტინგის დირექტორი სალომე სააკაძე ესაუბრა:
"დღეს დილას სასტუმროს "ბალრუმში" ტარდებოდა დაახლოებით 450-კაციანი ღონისძიება. მოგეხსენებათ დილას ძალიან ციოდა, თითქმის -5 გრადუსი ტემპერატურა იყო. ჩვენს სასტუმროს აქვს უპირატესობა, რომ შესაძლებელია შემოხვიდე ცენტრალური შემოსასვლელიდან, ასევე არის შესაძლებლობა, რომ "ბალრუმიდან" შემოხვიდე ან ავტოფარეხიდან ამოხვიდე სასტუმროს ტერიტორიაზე. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში სამი კარი იყო ღია. ერთ-ერთი თანამშრომლის ინიციატივით, რამდენიმე წუთის განმავლობაში, გამოიტანეს დამატებითი გამათბობელი, რომელიც 10 წუთში გაიტანეს უკან, რადგან ამის საჭიროება არ არსებობდა", - განაცხადა სასტუმრო "ბილთმორის" პიარისა და მარკეტინგის დირექტორმა, სალომე სააკაძემ.
მისი თქმით, ეს არ იყო სასტუმროს გადაწყვეტილება, ეს იყო ერთი ადამიანის ინიციატივა.
"კარი მთელი დილის განმავლობაში ღია იყო, რადგან ჩვენ გვყავდა სტუმრების ძალიან დიდი ნაკადი დილიდან, შესაბამისად ტემპერატურა იმ ადგილას, მხოლოდ იმ არეალში დავარდა და როგორც კი კარი დაიხურა აღდგა ტემპერატურა. რა თქმა უნდა, გათბობა მუშაობს და ფუნქციონირებს მაღალი ხარისხით, ისევე როგორც გამწოვები", - განაცხადა სააკაძემ.
თუმცა, როგორც ღონისძიებაზე მყოფი ჟურნალისტები ადასტურებენ, რომლებიც თითქმის საათნახევრის განმავლობაში იმყოფებოდნენ სასტუმროში და ფოიეში, ამ ხნის განმავლობაში მუდმივად იყო ჩართული დენის გამათბობელი და არა 10 წუთით, როგორც ეს ჩვენთან საუბრისას "ბილთმორის" პიარისა და მარკეტინგის დირექტორმა აღნიშნა...
მეგი ნარსავიძე
AMBEBI.GE