2016 წლის 1-ელი იანვრიდან ყველა კატეგორიის მართვის მოწმობას 100 ქულა მიენიჭება და პატრულის მიერ დაჯარიმების შემთხვევაში, ქულათა გარკვეული რაოდენობა დააკლდება, - ამის შესახებ შს მინისტრის მაოდგილე შალვა ხუციშვილმა სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელზეც შს სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ახალი პროგრამის პრეზენტაცია გამართა.
შალვა ხუციშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ქულათა რაოდენობა ნულამდე ჩამოვა, მართვის მოწმობის მფლობელს ეს მოწმობა გაუუქმდება და გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევს.
"2016 წლის 1-ელ იანვარს ყველა მართვის მოწმობას მიენიჭება 100 ქულა განურჩევლად კატეგორიისა. 1-ელი იანვრიდან მომდევნო წლის 1-ელ იანვრამდე მძღოლებს იმ ცხრილის მიხედვით, რაც წინასწარ არის დადგენილი და რომელშიც აისახება ჯარიმების შესახებ ინფორმაცია (ამაში არ იგულისხმება ვიდეოჯარიმა, არამედ საუბარია უშუალოდ პატრულის მიერ გამოწერილ ჯარიმაზე, მაგალითად, ტელეფონზე საუბრისთვის) დააკლდებათ ქულები ", - განაცხადა ხუციშვილმა.
მისივე განმარტებით, ქულათა სისტემა გადახედვას საჭიროებს, რის გამოც მის საბოლოო ვარიანტზე დღესდღეობით საუბარი არ შეუძლია.
"სანამ ქულა ნულამდე ჩამოვა, მანამდე მოგივათ მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც გამცნობთ, რომ თქვენი ქულა მცირდება, ხოლო როდესაც ნულზე ჩამოვა, მოგივათ სმს, რომ მართვის მოწმობა გაგიუქმდებათ", - განაცხადა ხუციშვილმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, პირს მოწმობის გაუქმებიდან მხოლოდ ორი თვის შემდეგ შეეძლება მიმართოს მომსახურების სააგენტოს, გამოცდის თავიდან ჩაბარებისა და მართვის მოწმობის ხელახლა აღების მიზნით. აღსანიშნავია, რომ მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულები წლის ბოლოს ანულირდება და ყოველი წლის 1-ელი იანვრიდან მას კვლავ ახალი 100 ქულა მიენიჭება.