"გირჩი" საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს მიმართავს.
მიმართვას AMBEBI.GE უცვლელად გთავაზობთ:
"ბატონებო, მოგეხსენებათ, რომ 2016 წლის 31 დეკემბერს ჩვენ, პოლიტიკური პარტია "გირჩის" დამფუძნებლებმა თანამოაზრეებთან ერთად, თუ მანამდე კანონმდებლობა არ შეიცვალა, საჯაროდ უნდა დავარღვიოთ სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების 12 წლამდე აღკვეთას.
გვინდა გაგიზიაროთ ჩვენი მოსაზრება ამ აქციისა და შესაძლო შედეგების შესახებ. ჩვენ არ გვეგულება ქართული საზოგადოების არც ერთი ჯგუფი, პარლამენტის წევრები, სტუდენტები, ხელოვანები, ბანკების თანამშრომლები, საჯარო მოხელეები, სოფლის მეურნეობით დაკავებული ადამიანები, უნივერსიტეტების პროფესორები, სოფლად თუ ქალაქად, რომლის წევრები არ არიან აკრძალული ნივთიერებების, ყველაზე ხშირად კი კანაფის მომხმარებლები.
რამდენიმე დღის წინ, 21 ნოემბერს, გამოქვეყნდა გაერო-ს ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის ანგარიში, სადაც ვკითხულობთ:
"პირადი ცხოვრება არის "პიროვნების ავტონომიისა და ღირსების საფუძველთა საფუძველი". სახელმწიფოს შეუძლია ჩაერიოს ადამიანის პირად ცხოვრებაში მხოლოდ მაშინ, თუ ის შეძლებს დაამტკიცოს, რომ ჩარევას აქვს ლეგიტიმური მიზანი (მაგალითად, სხვა ადამიანისთვის ზიანის რისკის აცილება) და ასევე, არის პროპორციული და აუცილებელი. ადამიანების დასჯა ნარკოტიკების პირადი მოხმარებისთვის ფლობისთვის, როდესაც ის სხვას ზიანს არ აყენებს, არც პროპორციულია, არც აუცილებელი და შეუძლებელია მიჩნეულ იქნას დასაბუთებულ ჩარევად. მთლიანობაში, სახელმწიფოს ასეთი ჩარევა ძირს უთხრის პიროვნების ავტონომიასა და ადამიანის ღირსებას".
იგივე აზრს ავითარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო:
"სახელმწიფო არ შეიძლება ადამიანის თავისუფლებაში ჩაერიოს ზედმეტად, რადგან შედეგად მივიღებთ არა უფლებათა დაცვას, არამედ მის შეზღუდვას"." ხელისუფლება შეზღუდულია უპირობო ვალდებულებით, ადამიანის თავისუფლებაში ჩაერიოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს გარდაუვალია და მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს ობიექტურად აუცილებელია".
"ამა თუ იმ ქმედების დასჯადად გამოცხადება შესაბამისი საზოგადოებრივი სიკეთეების, ლეგიტიმური მიზნების დაცვის რეალური და ობიექტური აუცილებლობის გარეშე, ხელისუფლების ქმედებას აცლის კონსტიტუციურ საფუძველს – ხელისუფლება, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევს, კონსტიტუციის მიღმა მოქმედებს".
კანაფის მომხმარებლები არ გამოირჩევიან არც აგრესიულობით და არც ანტისაზოგადოებრივი ქმედებებით. მიუხედავად სახელმწიფოების ხანგრძლივი პროპაგანდისა, საზოგადოების უდიდესი ნაწილი უკვე მიიჩნევს, რომ ზოგადად, აკრძალული ნივთიერებების, განსაკუთრებით კი კანაფის მოხმარების გამო ადამიანის დასჯა არ შეიძლება.
დღეს საქართველოში მოქმედი ნარკოპოლიტიკა არის ადამიანის ღირსების შემლახავი, სასტიკი და ამიტომაც ანტიკონსტიტუციური.
ჩვენი (გირჩის) დამოკიდებულება:
წინასაარჩევნოდ დარწმუნებული ვიყავით, რომ გვქონდა ქვეყნის განვითარების საუკეთესო და მარტივი გეგმა. ნებისმიერ სფეროში - განათლებაში, ჯანდაცვაში, სახელმწიფო მმართველობაში, საკუთრების უფლების რეგისტრაციაში და ა.შ., ჩვენი მიდგომა დამყარებული იყო ადამიანის თავისუფალი არჩევანის უპირატესობაზე. ადამიანის მეტი თავისუფლება მორალურად სწორი და საზოგადოებისთვის პრაქტიკულადაც სასარგებლოა. ჩვენთვის მთავარი პრობლემა დაბადებიდან სიკვდილამდე შეუჩერებელი სახელმწიფო პროპაგანდის "წყალობით" შექმნილი საზოგადოებრივი აზრია, რომელიც "მზრუნველი სახელმწიფოს" მითს ნერგავს.
ამავე დროს, ფაქტია, რომ იმ ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის, ვისთანაც უშუალო კონტაქტის დამყარება მოვახერხეთ და დავაფიქრეთ, იდეა გასაგები და მისაღები აღმოჩნდა. საკუთარი თავის ფლობის უფლება ზოგისთვის ღმერთის საჩუქარია, ზოგისთვის ბუნებრივი კანონზომიერება და ინტუიტიურადაც, ბავშვობაში გაგონილი ილიას ოცნების "ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს" ახლიდან გააზრება.
ვიდრე რთულ თემებზე დაფიქრებას შევძლებთ, ჯერ საკუთარი თავის სრულყოფილად ფლობის პრიმიტიულ საკითხზე უნდა ჩამოვყალიბდეთ. სხვა შემთხვევაში, გვიდგება თანამიმდევრულობის პრობლემა და გაუგებარია რატომ მივიჩნევთ, მაგალითად მშობლებს სრულად პასუხისმგებლებად შვილებზე, მათ მომავალსა და განათლებაზე; თუნდაც საუკეთესო კარის მეზობელს (სახელმწიფოს) რატომ შეუძლია აიძულოს ადამიანები, ერთმანეთთან სავაჭროდ გამოიყენონ არა მათთვის, არამედ სახელმწიფოსთვის სასურველი ფული და ა.შ. და ა.შ.
სცენარები - ჩვენ ვფიქრობთ მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარებზე. გვესმის, რომ არჩევნების შემდეგ ბევრი პერსონალურად მგრძნობიარე, თანამდებობრივი საკითხების გადაწყვეტის პერიოდია და ამ ორომტრიალში შესაძლოა ჯეროვანი ყურადღება ვერ დაუთმოთ მოულოდნელ და პროვოკაციულ პოლიტიკურ აქციას, ამიტომ გადავწყვიტეთ გაგიზიაროთ მოვლენების განვითარების შესაძლო ვარიანტებისადმი ჩვენი დამოკიდებულება:
სცენარი #1 - მოქმედებთ:
იწყებთ ამ თემის განხილვას პარლამენტში, მნიშვნელობა არ აქვს, გვთავაზობთ თუ არა თანამშრომლობას, მაგრამ შედეგად 31 დეკემბრისთვის რაიმე ნივთიერების მოხმარება აღარ იქნება სასჯელის საფუძველი და არც საკუთარი მოხმარების მიზნით მცენარის გაზრდა აღარ გაითვალისწინებს რაიმე პასუხისმგებლობას. ეს ალბათ ყველაზე პრაგმატული გადაწყვეტილება იქნება "გაერთიანებული ერების ორგანიზაციის" ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის 21 ნოემბერს გამოქვეყნებული რეკომენდაციების ფონზე. გაეროს გლობალური კომისიის რეკომენდაციები 100%-ით ემთხვევა ჩვენს მინიმალისტურ მოთხოვნას.
არ არის გამორიცხული, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშივე, ყოველგვარი "გირჩის" და ბევრი სხვა საზოგადოებრივი ჯგუფის მოთხოვნების გარეშეც მოგიწიოთ ამ ნაბიჯის გადადგმა. დაახლოებით ისე, როგორც 90-იან წლებში ქვეყანას, ევროპის საბჭოში მიღებისთვის სავალდებულო პირობის დასაკმაყოფილებლად, სიკვდილით დასჯის გაუქმება მოგვიწია.
სცენარი #2 - უყურადღებობა (იგნორირება)
აქციას არასერიოზულად აღიქვამთ და არ აპირებთ რეაგირებას არც ახლა და არც ახალი წლის შემდეგ. ახალი წლის დადგომიდან ათიოდე დღეში, პოლიტიკური პარტიის ოფისში მიწიდან თავს ამოყოფს ფოთლები და რამდენიმე კვირაში პარტიის ოფისში ნებისმიერი ბრიფინგი და პრესკონფერენცია ორანჟერეის ფონზე გაიმართება. ეს იქნება ფაქტობრივი დეკრიმინალიზაცია. კანონში ჩანაწერი გახდება უმოქმედო. აღარავინ მოითმენს თუნდაც ერთი მოქალაქის მოსაშარდად გადაყვანას ან ციხეში მომხმარებლების დატოვებას, მაშინ როდესაც პოლიტიკური პარტია საჯაროდ არღვევს კანონს, რომლის გამოც ასეულობით ადამიანს ყოველდღიურად ამცირებენ და ციხეში ამწყვდევენ.
მოვლენების ასეთი განვითარება იქნება "გირჩის" პოპულარიზაცია და არ გვგონია, რომ თქვენს ინტერესებში შედიოდეს.
სცენარი #3 - მოქმედებთ კანონის შესაბამისად
აქციის დაწყებამდე არაფერს აკეთებთ, მაგრამ კანონის დაცვის მოტივით, ახალი წლის ღამეს მოქმედებთ კანონის შესაბამისად ანუ აპატიმრებს აქციის მრავალრიცხოვან მონაწილეებს.
ვფიქრობთ, რომ შეუძლებელია ვიპოვოთ უკეთესი ტრიბუნა, ვიდრე დაპატიმრებულების მიმართ საზოგადოების ინტერესის პირობებში მიმდინარე სასამართლო პროცესები გახდება.
პოლიტიკური აქტისთვის სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პოლიტიკური პარტიისა და აქტივისტების გასამართლება იგივე მოთხოვნისთვის, რასაც ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისია ურჩევს მსოფლიოს ქვეყნების მთავრობებს, მათ შორის, თქვენც, დაგვეთანხმებით, რომ ძალიან უცნაურად გამოჩნდება საქართველოს მოქალაქეებისა და საერთაშორისო საზოგადოების თვალში.
ამ სცენარს ბევრი სხვადასხვა სახის რისკიც ახლავს, მაგალითად, აქციაში მონაწილეების რაოდენობა, საზოგადოების რეაქცია თქვენს მოქმედებაზე და ა.შ. თუ აქამდე დაუსაბუთებლად და გაუგებრად, მაგრამ მაინც ამბობდით, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისკენ გქონდათ გეზი აღებული, ამ ქმედებით ყველას უაზრო სისასტიკის მაგალითს აჩვენებთ.
ვფიქრობთ უნდა გააცნობიეროთ, რომ თქვენ მიერ აკრძალული ნივთიერებების მომხმარებლები ამ ქვეყანაში ვართ ძალიან ბევრნი, დაახლოებით 8-ჯერ მეტი, ვიდრე საქართველოს ჯარი, ოთხჯერ მეტი, ვიდრე ბაღებისა და სკოლების მასწავლებლები, თითქმის სამჯერ მეტი, ვიდრე საჯარო მოხელეები.
თქვენ ახერხებდით შეშინებულ ადამიანებზე სათითაოდ ნადირობას, მაგრამ შეუძლებელია ჩვენთან ღიად დაპირისპირება.
ეს აქცია არის პოლიტიკური აქტი ჩვენ მიერ დაგეგმილი სცენარით, გააზრებული მიზნითა და თითოეული მონაწილის სრული პირადი პასუხისმგებლობით, ამიტომ პატივს ვცემთ თქვენს თავისუფლებასაც აირჩიოთ საკუთარი როლი ასევე თანმდევი პასუხისმგებლობით.
P.S. ძნელად წარმოსადგენია, ჩვენი მიმართვის სამივე ადრესატს ოდესმე მაინც არ დაგერღვიოთ ეს კანონი, თუმცა ერთ-ერთი თქვენგანი დღემდე არღვევთ და ეს ვიცით ზუსტად. ამიტომ ინტერესით დაველოდებით თითოეული თქვენგანის საჯარო პოზიციას", - ნათქვამია "გირჩის" მიმართვაში.