ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსი გირშელ ჯავახიშვილი გარდაიცვალა. პიანისტი, რომელიც ქართველ მაყურებელს გადაცემა "ვანოს შოუდან" ახსოვს, 37 წლის იყო. ის 5 წლის მანძილზე ებრძოდა სიმსივნეს.
პიანისტი თითქმის 6 წელი "ვანო ჯავახიშვილის შოუს" მუსიკალური ბენდის წევრი იყო და რამდენიმე თვე ხელმძღვანელობდა კიდეც ბენდს, თამუნა ლეკვეიშვილის ნაცვლად.
2010 წელს გირშელი მუსიკალური კარიერის გასაგრძელებლად აშშ-ში წავიდა და ბოლო წლებში ნიუ-იორკში ცხოვრობდა. 2011 წელს ჯაზ-პიანისტს ძვლის სიმსივნე დაუდგინდა. ქიმიოთერაპიამ შედეგი გამოიღო და რემისია 2 წელიწადს გაგრძელდა. 2016 წლის დასაწყისში კი სიმსივნე სწრაფად განვითარდა ახალგაზრდის ორგანიზმში.
მუსიკოსის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში წერენ მისი მეგობრები.
კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს მისი გარდაცვალების შესახებ: "ქედს ვიხრი, პატივს ვცემ და ვემშვიდობები ჩემს კოლეგას.... ნათელში გამყოფოს ღმერთმა გირშელ".
მუსიკოსის გარდაცვალების შესახებ წერს პიანისტი ბექა გოჩიაშვილი: "აი ამ ბედნიერების ადამიანის დაკარგვა როგორ დამაკვრევინებს ამ ტურზე არ ვიცი, მაგრამ თვითონაც ჯაზმენი იყო სულით ხორცით და მაგ სულს ვუძღვნი. მენატრები ძმაო გირშელ!"