საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაქორწინდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად მინისტრმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. თეა წულუკიანმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ქორწინების მოწმობის და მეუღლის ფოტოც გამოაქვეყნა წარწერით - Voilà!
მინისტრის მეუღლე საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყოფილი დირექტორი ნუგზარ კაკულიაა. იგი სასწავლო ცენტრს 2014 წლის 3 ნოემბრიდან 2016 წლის 12 სექტემბრამდე ხელმძღვანელობდა.
მინისტრის რჩეული მასზე 9 წლით უმცროსია - კაკულია 32 წლისაა, თეა წულუკიანი კი 41-ის.
როგორც ამბობენ, წულუკიანი და კაკულია უკვე სამი წელია ერთად ცხოვრობენ, ურთიერთობა დღემდე არ გაუსაჯაროვებიათ, თუმცა მათ შესახებ ჭორები პრესაში რამდენჯერმე დაიწერა.
ნუგზარ კაკულია იუსტიციის სასწავლო ცენტრში თითქმის ოთხი წლის მანძილზე მუშაობდა, ჯერ დირექტორის მოადგილედ, შემდეგ კი, ორი წლის მანძილზე დირექტორის თანამდებობაზე.
მას აქვს მენეჯერად მუშაობის რვაწლიანი გამოცდილება. არის მარკეტინგის ანალიტიკური მიმართულების სპეციალისტი. მიღებული აქვს უმაღლესი განათლება თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში.
იხილეთ: თეა წულუკიანის და მისი მეუღლის ერთადერთი ერთობლივი ფოტო, რომელიც ინტერნეტში იძებნება
ნუგზარ კაკულია კარატისტია და საქართველოში ოკინავური გოჯუ რიუ კარატე დოს ფედერაციის წევრია.
სხვადასხვა წლებში მიღებული აქვს მსოფლიო, ევროპისა და საქართველოს ჩემპიონის ტიტულები კარატეში, არის შავი ქამრის მფლობელი. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.