ვინ არის აშშ-ის თავდაცვის ახალი მდივანი ჯეიმს მეტისი და რატომ ეძახიან მას "ცოფიან ძაღლს"

ვინ არის აშშ-ის თავდაცვის ახალი მდივანი ჯეიმს მეტისი და რატომ ეძახიან მას "ცოფიან ძაღლს"

აშშ-ის კონგრესის სენატმა გენერალი ჯეიმს მეტისი აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე დაამტკიცა. მის კანდიდატურას მხარი სენატის 98 წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი ერთი წევრი იყო.

აშშ-ის თავდაცვის ახალმა მდივანმა ჯეიმს მეტისმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის თანდასწრებით ფიცი დადო.

აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელმაც საშუალება მისცა ჯეიმს მეტის თავდაცვის მდივნის პოსტი დაეკავებინა, ვინაიდან აშშ-ის კანონმდებლობით, სამხედრო პირს აშშ-ის თავდაცვის მდივნის პოსტის დაკავება სამხედრო სამსახურიდან წასვლიდან 7 წლის შემდეგ შეუძლია. აღნიშნული ცვლილება კანონმდებლობაში კონგრესმა დაამტკიცა.

66 წლის მეტისი ბევრ სამხედრო ოპერაციაში, მათ შორის "უდაბნოს ქარიშხალში" მონაწილეობდა. სამხედრო ოპერაციები გენერლის მონაწილეობით ერაყსა და ავღანეთში ჩატარდა.

ახლად არჩეული ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოშიც იმყოფებოდა. მეტისი რუსეთის მიმართ მკაცრი შეფასებებით გამოირჩევა.

"რუსეთთან ბრძოლიდან ცოტა ხნის შემდეგ მე გადავფრინდი საქართველოში, შევხვდი ქართველ ოფიცრებს, რომლებიც ბრძოლაში მონაწილეობდნენ. მათთან შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო, რადგან საქართველოში რუსეთმა შეცვალა ევროპის საზღვრები შეიარაღებული ძალების საშუალებით, ნატომ ვერ შეძლო წინააღმდეგობა გაეწია მათთვის, ინტელექტუალურადაც კი. რუსეთი არასაბრძოლო ხერხებითაც იბრძვის. ისინი თავს ესხმიან კიბერშეტევებით, იყენებენ "ვოსტოკის" ბატალიონს. ვინც არ იცით მათ შესახებ, ისინი არიან რუსი ოფიცრები, რუსული შეიარაღებით აღჭურვილი, რუსეთის მიერ დაფინანსებული ხალხი. ისინი გარდაიქმნენ ისეთი ტიპის ცხოველად, რომ ვერც კი წარმოიდგენთ. ისინი შედიან ტერიტორიაზე, გამიზნულად წვავენ, ძარცვავენ და აუპატიურებენ ხალხს. შემდეგ მოდიან რუსეთის შეიარაღებული ძალები და ამბობენ, - ჰო, ჩვენ აქ ვართ, მოვედით, რომ სიტუაცია განვმუხტოთ. ხედავთ? ჩვენ, რუსები კარგი ხალხი ვართ", - განაცხადა ჯეიმს მეტისმა, რომელიც ბოლო დროს, რუსეთსაც აკრიტიკებდა ყირიმში შექმნილი სიტუაციის გამო.

მეტისი არც ექსპრეზიდენტ ობამას მიერ გატარებული პოლიტიკით იყო კმაყოფილი და მას ხშირად აკრიტიკებდა. მისთვის მიუღებელი იყო ყოფილი პრეზიდენტის დამოკიდებულება ახლო აღმოსავლეთთან, კერძოდ ირანთან დაკავშირებით. ჯეიმს მეტისის მოსაზრებით, ირანი ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ საფრთხეს წარმოადგენს.

ჯეიმს მეტისი წარსულში ერაყსა და ავღანეთში საზღვაო ქვეით ჯარში მსახურობდა. 1991 წელს სპარსეთის ყურეში, ხოლო, 2001 წელს, სამხრეთ ავღანეთის ომებში, მეტისი ბატალიონის ხელმძღვანელი იყო. 2003 წელს ერაყში, სადამ ჰუსეინის მმართველობის დასამხობად განხორციელებული სამხედრო ოპერაციებში. მოგვიანებით, ის სათავეში ედგა ამერიკის სამხედროებს ქალაქ ფალუჯაზე კონტროლის დაბრუნებისთვის ბრძოლაში, - ეს იყო ერაყის ომში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ბრძოლა, რომელიც 2004 წელს განხორციელდა. ამის შემდეგ, ის ახლო აღმოსავლეთში ხელმძღვანელობდა სამხედრო ოპერაციებს, სანამ პოსტიდან გადადგებოდა 2013 წელს. ამის შემდეგ მეტისი მწვავედ აკრიტიკებდა პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ გატარებულ პოლიტიკას რეგიონში და აცხადებდა, რომ ეს პოლიტიკა იქ ექსტრემიზმის გაძლიერებას უწყობს ხელს.

მეტისის ზედმეტსახელი, "ცოფიანი ძაღლით" არის ცნობილი, რაც მისმა უხეშმა ქცევებმა განაპირობა. 66 წლის ამერიკელი გენერალი, აგრეთვე ცნობილია თავისი პროვოკაციული განცხადებებით. 2005 წელს იგი მკაცრად გააკრიტიკეს განცხადების გამო, სადაც იგი აღნიშნავდა, რომ "ავღანეთში, სროლა ვიღაცეებისთვის ძალიან სახალისოა".

ცნობისთვის, 2013 წლამდე იგი ამერიკის ცენტრალურ სარდლობას მეთაურობდა. ამერიკული პრესა წერს, რომ კანონის თანახმად, პენტაგონის ხელმძღვანელობა მხოლოდ სამოქალაქო პირებს ან სამხედრო წოდების მქონე იმ ადამიანებს შეუძლიათ, ვინც სამხედრო სამსახური 7 წლის წინ დატოვა. მეტისმა სამხედრო სისტემა მხოლოდ სამი წლის წინ დატოვა.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

(სტატიის მომზადებისას გამოყენებულია ინტერნეტმასალები)

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე